თავი XI
მოხელეთა რეზერვი

მუხლი 113. მოხელეთა რეზერვის მიზანი
მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს:
ა) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისათვის მოხელეთა კანდიდატების შერჩევა:
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში;
გ) სამსახურიდან განთავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.

მუხლი 114. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა
1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი საკონკურსო საატესტაციო კომისია.
2. რეზერვში ინახება ჩარიცხულ მოხელეთა სია და მათი ნამსახურობის ნუსხები.

მუხლი 115. რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებული პირები რეზერვში ირიცხება:
ა) მოხელე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის,შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
ბ) სამსახურში არმყოფი პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოხელეობაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიას;
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული პირი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა.

მუხლი 116. პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეზერვში ჩარიცხვას
  რეზერვში არ ირიცხება:
ა) მოხელე, რომელსაც სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;
ბ) პირი, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო და უკანასკნელი თანამდებობის დაკავებამდე მუშაობდა განუსაზღვრელი ვადით სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

მუხლი 117. რეზერვში ჩარიცხვის გაფორმება
1. მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში მისი სასამსახურო ნუსხის და სხვა დოკუმენტების ასლები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
2. თუ სამსახურიდან განთავისუფლებულ მოხელეს სურს რეზერვში ჩარიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს მოხელის განცხადება რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და შრომის წიგნაკი.

მუხლი 118.თანამდებობაზე დანიშვნა რეზერვიდან
1. დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც საჭიროებს მოხელეს, შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აცნობებს ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ თანამდებობის დასახელების და მის დასაკავებლად წაყენებული მოთხოვნების მინიშნებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირთა შესახებ,რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მათი ნამსახურობის ნუსხებს.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამის კანდიდატს მისი განცხადების საფუძველზე.

მუხლი 119. რეზერვში ჩარიცხული პირის უფლება უარი განაცხადოს თანამდებობაზე დანიშვნაზე
რეზერვში ჩარიცხულმა პირმა შეიძლება უარი განაცხადოს თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ შეთავაზებული თანამდებობა:
ა) არ შეესაბამება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ბ) მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა სპეციალურ მომზადებას;
გ) არ იძლევა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;
დ) იმყოფება სხვა ადგილზე.

მუხლი 120. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი
მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.