პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ილია ჭავჭავაძე


ილია ჭავჭავაძე

Сообщений 21 страница 39 из 39

21

რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით
ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტის საუკუნისა
ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.

მერე ვუთხარი: - პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?

მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - შენი მტერი!.. პირღიადა
   დავრჩით და ცას შევყუროდით.

მერე, როს მეფე გიორგი
დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
წამოასხდნენ მტრადა თავზედ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
   ვწეწდით და ვიწეწებოდით.

მერე, როცა ემაგ წეწვით
მეფეს საქმე გავუჭირეთ
და ქვეყანას ერთგულობა
ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - რუსეთისკენ სახვეწნელად
   გავრბოდით და გამოვრბოდით.

მერე, როცა საწყალ მეფემ
დაგვიყენა ლეკნი მცველად, -
თვის ქონება სრულად დასდვა
ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მადლიერნი მუთაქაზედ
   ვიწექით და ვნებივრობდით.

მერე, როცა მოკვდა მეფე,
აიშალნენ მეფეთ ძენი
და ერთმანეთის შურითა
სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
   თვითო-თვითოდ ვღალატობდით.

მერე, როცა დაქსაქსულნი
უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
ქართვლის ბედი ბურთსავითა
სათამაშოდ წინ გაიგდო, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
   ვჯირითობდით, ვბურთაობდით!

მერე, როცა გაგვიჭირდა
ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
როს საშველად მოწვეულმა
წაგვიჭირა თოკი ყელში, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
   ერთს ტაფაში  ვიწვებოდით.

მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
სინიდისმაც გაგვამხილა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - შერცხვენილნი და დამწვარნი
   აქა-იქა ვჩურჩულობდით.

მერე, როცა ეგ ჩურჩული
შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
როცა ცხვრისა ფარასავით
მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ფერმიხდილნი ბეზღობაში
   ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.

მერე, როცა მაგ ბეზღობით
ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მოვყევით და სიხარულით
   ყოველდღე ვბედოვლათობდით.

მერე, როს ბეთოვლადობით
საქმე ხელთ არ მოდიოდა,
რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
არარა შემოგვდიოდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ერთმანეთს უსინიდისოდ
   მამულებს ვეცილებოდით.

მერე, როცა მაგ ცილობით
ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
ვისხედით და ხელს ვითბობდით.

მერე, როს ხელთ სათბობადაც
ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
როცა დიდი და პატარა
გაღარიბდა, გაღატაკდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - თვით შევსხედით მაღლა თაროს,
   დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.

მერე, როცა ის ყმებიცა
დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
და ცხოვრების ჩვენის წყარო
მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ...
   ვტიროდით, ვიხოცებოდით!..

მერე, როცა მაგ ტირილით
ყმები აღარ დაგვიბრუნდა
და ყმებისა მოშორების
გულს ტკივილი დაგივყუჩდა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - რაღაც ბანკი მოვიგონეთ
   და მასზედ ვლაზღანდარობით.

მერე, როს საშვილიშვილოს
ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
არ მომცაო შვილი ღმერთმა, -
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   - „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
   მთავრობას ვეხვეწებოდით.

მერე, როცა... - კიდევ როცა!.. -
აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
- შემაწუხე ამდენ კითხვით,
„პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
   რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
   მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
   უსაქმოდ ვეხეტებოდით.

24 აგვისტო, 1871 წ.

0

22

როდემდის
როდემდის უნდა ჩვენ არ ვცსნობდეთ სიცოცხლის ფასსა?
როდემდის არ ვსცემთ ღვთიურს ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?
მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ
და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?
ძრწოდე, სულელო! ნუთუ ქრისტის არ სცნობ სიტყვათა,
ნუთუ შენს თავსა, მტვრითა შექმნილს, ჰხედავ კვლავ მტვრადა
და შენს სიცოცხლეს, ამ უკვდავ ნიჭს - მტვრის თანამგზავრად?
რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს, ქრისტემ სთქვა ცხადად...
ნუთუ არ იცი, რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,
როს ბრძანა: „ვითა მამა ზეცის, იყავ შენც სრული“.

1-სა აღვისტოს, 1858 წელსა,
ს. ტიარლევო

0

23

უცხოეთში
მთვარე მიცურავს დინჯად ცაზედ
და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;
მძინარ სოფელსა კამარა ცისა
თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.

ყოველი ჰჩუმობს გარშემო ჩემსა,
სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,
ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,
ყველას მშვიდობა გარს ეფინება, -

და მხოლოდ ჩემი, ურვით მოკლული,
შემომტირის მე მწუხარედ გული...
მისთვის ხომ არა, რომ ვჭვრეტ სხვა ზეცას,
სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?

თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა
ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,
ზეცა სულ სხვაფრად გაბრწყინებული
და სულ სხვაგვარად დამშვიდებული.

23-სა ივლისს, 1858 წელსა,
სოფელი ტიარლევო

0

24

ქართვლის დედას

„აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა“.
ლეიბნიცი

ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
დედის ნანასთან ქვითინი მთისა
მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა
სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

მითხარ, სადღაა მამაპაპური
მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
სახელისათვის ამაყი თრთოლა,
მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?

მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა,
რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა;
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...
აქ არის, დედავ, შენი მაღალი
დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას,
შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.

დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

1858-სა წელსა, 15-სა დეკემბერს,
ს. პეტერბურღი

0

25

ღამე
როცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მიწყდება
და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი,
როს მძინარს სოფელს კამარა ცის ზედ გარდეშლება, -
სამხრეთის ღამევ, მაშინ მიყვარს ყურება შენი!

[1857-1861 წწ.]

0

26

* * *

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, - მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,
და დაე გვძრახონ, - ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს,
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

1861, ოკტომბერი,
ს. ყვარელი

0

27

* * *

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

წვრილშვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდობი.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შემუსრონ მტერთა სიმაგრენია, -
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ რად მოგიწყენია?

1872

0

28

ყვარლის მთებს

სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,
როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენს წინ ვღვრიდი მე ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემს ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოვლი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვჭვრეტ ციაგსა ცასა,
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული.

1857-სა წელსა, 15-სა აპრილსა,
ს. კარდანახი

0

29

ხმა გულისა
ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდაღამც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს,
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვაგვარ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

1859 წელსა, 11-სა იანვარს
ს. პეტერბურღი

0

30

აჩრდილი
ვუძღვნი
ი ვ.  პ ო ლ ტ ა რ ა ც კ ი ს  და
ი ლ ი ა   წ ი ნ ა მ ძ ღ ვ რ ი შ ვ ი ლ ს

„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი

I

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
თითქო ელისო გაკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.

II

მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი
იყო იმ დღესა ლამაზი დილა,
რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი
იმ დილის მადლსა დაემორჩილა.
ქვეყანაც იყო დადუმებული,
თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, -
და ცაც უღრუბლო და მხიარული
გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა,
ხოლო კი ჩემი უნდო გონება
არ მოიხიბლა იმ დილითაცა...
„ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება,
სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!
ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს
ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
მადლი ცისა არ მიჰკარებია.
სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...
ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, -
ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,
თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..“

III

ბოლოს კი დილის სიტკბოებამა
მეც განმიფანტა ეჭვთა ღრუბელი
და ყოვლად მხსნელად სასოებამა
მომცა ნუგეში მაცხოვნებელი.
ვსთქვი, თუ: სადაც ცა ეგრე მჭვირვალებს,
ღამე ესეთის დილით თენდება,
დასც მზის ნათელი ეგრე ბრწყინვალებს,
იქ ძალუძს კაცსაც ბედნიერება.
ამა ნუგეშით აღძრული სული
აღმევსო ნელის სიხარულითა,
ეჭვთაგან წინად გვემული გული
განცხოვლდა წმიდის 434321;იყვარულითა;
გარდმომევლინა ყოვლად შემძლები
ქვეყნისა ამის სიკეთის რწმენა,
აღმიფრთოვანა მან ოცნებები
და განმიწმინდა ხედვა და სმენა.
თვალთ ჩემთ განშორდა თითქო სიბნელე
ხედვად უცნაურთ სახილველისა,
მოეხსნა ყურთა თითქო სიძნელე
სმენად ბუნების მეტყველებისა.
მეწვივნენ იგი უცხო ხილვანი,
სავსენი ლხენით, ნეტარებითა,
რომელთაც წარაქვთ კაცთ გულისთქმანი
საიდუმლობის მაცდურებითა.

IV

და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი მოხუცებული;
ვითა ქვეყანა, ისც იყო მშვიდი -
უძრავი, უხმო, დაფიქრებული.
მარჯვენა ხელით ეჩრდილნა თვალნი,
ყურადღებითა შორის გაჰყურებდა,
მის გარეშემო შვენოდნენ მთანი
და მათ ფეხთა ქვეშ თერგიც გაჰყეფდა.
თერგი მრისხანე, თერგი მბდღვინვარე
ქაფისა ზვირთთა მიაქანებდა.
ვით შმაგი ლომი, დაჭრილი, ცხარე,
ჰრბოდა, ჰბღაოდა, მიღრიალებდა,
სჭექდა და ჰქუხდა... კლდენი და მთანი,
თვის მაშფოთარ შვილს გადმოჰურებდნენ
და მის ბღავილთან მათი ყრუ ხმანი
ხეობაშია მგზავრს აშინებდნენ.
იქით შორს სჩანდნენ მინდორნი, ტყენი,
და იმათ შორის - არაგვიც ჩვენი...

V

ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!..
ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის მამულის დიდება ძველი
შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა,
მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი
აქ შენს კიდეზედ დაბადებულა.
შენ ზვირთებშორის ჩემის ქვეყნისა
გრძელი მოთხრობა დამარხულია
და წმინდა სისხლი ქართველებისა
შენს კიდეებზედ გადასხმულია.
იქ, სადაც შენსა ძლიერსა წყალსა
შეურევ მღვრიეს და მდოვრსა მტკვარსა,
იქ ერთხელ ქართველთ სიცოცხლე ჰდუღდა,
იქ მამულისთვის ქართველთ ხმა ჰქუხდა.
შენს ზვირთებს გაჰყვნენ საუკუნენი
და საუკუნეთ - იგი ქართველნი!..
გულხელდაკრეფით შენსა წმინდა წყალს
რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!..
რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს,
შენ წინ დაღუპულ ჩემს ძველსა მამულს, -
და მარტო სისხლი ჩემს თვალს დაღალულს
აძლევდა ხოლმე გულსაკვდავ პასუხს.

VI

მაგრამ საკუთრად არცა არაგვმა,
არც თერგმა, არც ტყემ და არცა მთამა
არ მიიზიდა მოხუცის თვალი,
მთიდამ ამაყად გადმომზირალი.
სრულ საქართველო მოჩანდა შორსა...
იგი მოხუცი მას დააქცერდა;
ქვეყნის მარგალიტს მაგა ობოლსა
სიყვარულითა იგი დამზერდა.
- საიდამა ხარ, რამ მოგავლინა,
ჰოი, საკვრიველო კაცო, მითხარი?
რად დაგიგდია შენ შენი ბინა
და ამა მთაზედ რისთვის ხარ მდგარი?
და, რა ვსთქვი ესა, მსწრაფლვე მომესმა
იმა მოხუცის დიდებული ხმა:

VII

„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
მეცა ვტანჯულვარ, ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა,
შენისა ცრემლით თვალნი ჩემნი მიტირებია,
მეც წარტყვევნილვარ წარსულთ დღეთა შენთა ნატვრითა,
შენის აწმყოთი სული, გული დამწყლულებია.
წარვლილთა დღეთა შენთა მახსოვს დიდებულება,
ვიცი, რომ იყავ ერთხელ შენცა მორჭმულ-ძლიერი,
შენცა გფენია ქვეყნის მადლი - თავისუფლება,
ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...
და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.
ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის,
მაგრამ არ ირწმენს, წამებული, შენს აღდგენასა
და იგი ცრემლი ურწმენობის, ეჭვის და ტანჯვის
ჰღაღადებს მხოლოდ შისა შენის უძლურებასა.

VIII

„აქ არვის - დიდსა თუ პატარასა -
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა,
ღვთად მოუცია მარტო მამული;
დაჰვიწყებია, რომ დიდი არი
ღვთისა წინაშე იგი ცხოვრება,
რომელიც ქვეყნის წვითა დამწვარი
ქვეყანასავე შეეწირება.
წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა
მამულისათვის თავის დადება!..
ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა,
ის თავის ხალხში აღარ მოჰკვდება.
მას განაცოცხლებს სიმღერა ხალხთა,
შორს საუკუნეთ ეტყვის მის სახელს,
და არაერთხელ ჭაბუკთა ყრმათა
ხმლის ტარზედ ძლიერ აუთრთოლებს ხელს.
იმ სიმღერას რა ისმენს მხცოვანი,
სიბერის ჟამსა კვლავ მოიფონებს,
გმირის სიკვდილი სახელოვანი
ახლად ცხოვრებას მას მოანდომებს;
აკვანზედ დედა უმღერებს შვილსა
ტკბილისა ხმითა იმ სიმღერასა,
და თუ ინატრებს რამეს მისთვისა, -
ინატრებს გმირის მის დიდებასა;
და უფრო ხშირად იმღერს ქალწული,
გმირს მოიგონებს და გამხნევდება; -
ყოველი იმღერს და სხვა მორჭმული
გმირი იმ მღერით დაიბადება.

IX

„მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?
იგი აღარ გყავთ... მის მოედანი
ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა,
გმირის დამბადი დიდი საგანი
თქვენში სპობილა და წაწყმედილა.
გადსასდგომიხართ თქვენ ქართველობას,
დაგინგრევიათ დიდი მამული, -
რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას?
რითი აღტკინდეს ქველისთვის გული?
თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას
შეუკრებნია ყოველიფერი.
რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას,
ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი.
ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი,
დიდის სამოთხის კუთხე პატარა,
ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი,
რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა;
რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ,
თქვენის სიავით დაწყლულებულა,
თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ,
ვითა ობოლი, შეფარებულა.

X

„ხოლო აქაც კი ვრდომილთ შორისა
ღვთის ნაპერწკალი ზოგჯერა ჰკრთების,
ქვეყნის წარხდომას გული ზოგისა
შეებრძვის და არ ემორჩილების;
მაგრამა ლალვა, შური და მტრობა
იმ ზოგთა შორისც ღრმად ჩანერგულა,
ამა ჭირთაგან მათი მხნეობა
აღძრვისა უმალ გაცუდებულა.
აგერ ორს-სამს კაცს რაღაც უგრძვნიათ,
ქვეყნისა სახსრად ერთად მოდიან,
ერთის საქმისთვის გაუღვიძნიათ
და ერთმანეთს კი არ ენდობიან.
ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ,
თუმც ერთისათვის თითქო იღვწიან;
თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ,
თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან.

XI

„აგერ უფალი და მისი მონა!
თრთოლვით სასწორზედ ხარჯს უწონს ძნელსა
და, რა დაჰსწორდა სასწორზედ წონა,
უფალი პინას ზედ ადგამს ფეხსა
და მით მის ხარჯსა ერთსა ორად ჰხდის...
მონამ მწუხარედ გულს გაიღიმა,
უმწეობითა თავის ხარჯსა ჰზრდის
და საწყლის თვალთგან ცრემლმა იწვიმა.
მაგრამ ქვა არის ბატონის გული,
ვერ დაარბილებს მას შებრალება;
ვერა გაჰკურნოს მან მონის წყლული,
ვინც მონებას თვით ემორჩილება.
მონა ბედშავი, მონა საწყალი
სდგას, ევედრება მის თვალი შვებას,
და გულში ჰფიქრობს: ვიშ, ჩემი ბრალი!
რით შევძლებთ შვილთა ჩემთ გამოკვებას?
ვიშ, ჩემი ოფლი, მათთვის დაღვრილი,
ნაყოფი, იმა ოფლით გაზრდილი,
დღედაღამ ჩემი უწყვეტი შრომა,
დარში, ავდარში ცის ქვეშე დგომა,
ვაი, ვაგლახი, ჭირნახულობა,
თმენა, ცდა, სიმხნე და უძილობა -
მარტო ბატონის თვალსა ახარებს
და თქვენ, ცოლ-შვილო, კი არას გარგებს.
ვაიმე, ბედკრულს რაღა დამრჩება,
რომ გავახარო ცოლ-შვილის თვალი?..
ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!.

0

31

XII

„შენში კაცისას გრძნობას არ ხედვენ,
დედას ძუძუდგან შვილსა აჰგლეჯენ,
ვინ იცის, სიდამ სად გაჰყიდიან...
უწმინდურისა ხელითა სთხრიან
დედისა გულში უკეთესს გრძნობას, -
ცოდვად უთვლიან შვილისა ტრფობას.
თუ ღმერთმა მისცა შენსა ასულსა
სილამაზე და მშვენიერება, -
მონავ ჩაგრულო, ვითამ შენს გულსა
სასიხარულოდ ეგე ექმნება?
ქალს წაგართმევენ, ქალს გაჰყიდიან,
ნამუსს მოუკვლენ შეუბრალებლად,
უბრყვილო გულში ღვარძლს ჩაასხმიან,
გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად.
უმანკო პირზე შენს ტურფა ქალსა
გარყვნა დაასვამს საზარო დაღსა...
მას, რაც გიყვარდა, ნახავ დაცემულს,
ნამუსწართმეულს და შეგინებულს!..
პირს უკუიქცევ და შეძრწუნდები,
ცრემლს მოინდომებ და არ გექმნება,
წყევლით, ვაებით მას განშორდები
და ქალი შენი შენ შეგზარდება, -
და მაშინ იტყვი: ნეტავი გველად,
გველის წიწილად მე მომცემოდი,
რომ ქვეყნის ქელვად, ქვეყნის სათრევლად
შენ, შვილო ჩემო, არ გამხდომოდი.

XIII

„შრომისა შვილო, მძიმე უღელი
ქვეყნის ცოდვისა შენ გაწევს კისრად,
თუმცა ტვირთმძიმეთ შემწყნარებელი
შენის დახსნისთვის ჯვარს ეცვა ქვეყნად,
თუმცა ქვეყანას მისი მოძღვრება
დღეს მარტო სიტყვით უქმით რწმენია,
მაგრამ ცხადად ჰხმობს მის წმინდა მცნება,
რომ მყოობადი მარტო შენია.
შრომა, აწ ქვეყნად ტყვედა პყრობილი,
მძარცველობის ქვეშ ჩაგრულ-ვნებულა,
ხოლო რღვეულა მისი ბორკილი
და დასამსხვრევლად გამზადებულა.
შრომისა ახსნა - ეგ არის ტვირთი
ძლევამოსილის ამ საუკუნის,
კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი
მაგ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის.
ვეღარ განუძლებს ქვეყანა ძველი
განახლებისა გრიგალის ქროლას,
ვეღარ განუძლებს ქვეყნის მძარცველი
ჭეშმარიტებით აღძრულსა ბრძოლას, -
და დაიმსხვრევა იგი ბორკილი
შემფერხებელი კაცთა ცხოვრების,
და ახალს ნერგზედ ახლად შობილი
ესე ქვეყანა კვლავ აღყვავდების.

XIV

„შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით
და განმტკიცდება სოფელსა შინა
კაცთმოყვარების სახიერებით.
ყველასთვనს იქმნეს იგი სუფევა
თანასწორადა ნიჭთა მფენელი;
მის მადლით წარწყმდეს ძარცვა და რბევა
და ერთგან სძოვდეს ცხვარი და მგელი.
მაშინ უქმ სიტყვად არ იქმნებიან
ძმობა, ერთობა, თავისუფლება,
ეკლის გვირგვინით აღარ ივლიან
კაცთმოყვარება და სათნოება.
ალღო აიღო ქვეყანამ ძველმა,
რომ დღედადღე მის წყობა ირღვევა.
და ამ ზვიადმა საუკუნემა
უნდა შვას იგი შრომის სუფევა.
მაშინ, მაშვრალო, შენც განკაცდები,
წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვებ,
სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები,
არცვის ემონვი და არც იმონებ.
მაშინ ეგე ხმა შენის სიმღერის,
დაბლად ღუღუნი დაღონებული,
მღერა, ვით კვნესა საწყლისა მეხრის,
შორი ხმა მწყემსის დაობლებული -
მხიარულ ხმებად გარდაგეცვლების
და შენს გუთანზედ გულით ლმობილი
იტყვი სიმღერას თავისუფლების.
ეგ სიმღერაა, ვით ლოცვა ტკბილი!..
მინდორნი, ტყენი, ნახნავნი, ველნი
შენის ლხენითა განიხარებენ
შენგან შემკულნი იგი ყოველნი
შენს ტკბილ სიმღერას ბანს გამოსცემენ.

XV

„აგერ დიდკაცი დარბაისელი
კმაყოფილების განცხრომაშია,
მაშინ როს მისი მოძმე საწყალი
სასოწარკვეთილ მონებაშია.
მოძმეთა ხსნისთვის თავის დადება
წმინდა მხვედრია მხოლოდა გმირთა
და მას ვით შესძლებს თავმოყვარება,
რომელიც იმა დიდკაცთა სჭირთა?
ის რად ინდომებს ქვეყნისა ბედსა,
როს მასა შველის მის ბედკრულება?
რად შეებრძვის იმ სიბოროტესა,
როს მეოხებით მისით თვით ჰრჩება?
აგერ ვაჭარიც ცბიერის ღიმით
მოძმეთ ატყუებს, რა ჰყიდის ნივთსა,
და ძმა მის მოკვდეს თუნდა შიმშილით,
უნაღვლოდ განვლის ცხოვრების ხიდსა.
აგერა მღვდელნიც - ერთა მამანი -
რომელთ ქრისტესგან ვალად სდებიათ
ამა ერისა სულის აღზრდანი,
რარიგ გულ-ხელი დაუკრებიათ!
სად არის სიტყვა დიდის სწავლისა,
სიყვარულის და სამართალისა,
რომ მათ ბაგეთგან არ მომდინარებს
და ერს დაცემულს არ აღამაღლებს?
სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის ჭეშმარიტება?
სად არის იგი ბიწის მდევნელი
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?

XVI

„აგერ ტფილისიც!.. ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა მახინჯსაც და მშვენიერსაც,
დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა
მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათს აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.
ერთგზით შეჰხედავ და იქ ცხოვრება
მართალ ცხოვრებად მოგეჩვენება:
ჰლხინობენ კიდეც, კიდეც ჰხარობენ,
ჰფიქრობენ, ჰგრძნობენ და ჰმოქმედობენ,
ჰხედავ ფაცაფუცს და ყველგან ჯღივილს,
უბედურ ცრემლთან ბედნიერს ღიმილს, -
მაგრამ მათ ცრემლსა, ღიმილს თუ გრძნობას,
ჭმუნვას, სიხარულს თუ მოქმედობას
ფრჩხილის ოდენაც არა აქვს აზრი
და ყველა იგი თვალთმაქცი არი.
ფუჭია იგი მისი ცხოვრება,
უფერულია და ცარიელი,
არც სიცოცხლეა, არც გემოვნება,
არცა საგანი გულწარმტაცველი!
იქ დღე ჰრბის დღესა, ვით ჰრბოდა გუშინ,
ერთნაირად და უგემურადა, -
რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ,
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.
გრძნობას ოქროსა ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზე - პატიოსნებას,
და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას.

XVII

„აგერა მცხეთაც - სავანე გმირთა,
დიდი აკლდამა დიდის ცხოვრების,
სად პირველ ქართვლის მორჭმულთა შვილთა
ღრმად ჩარგეს ძირი თავისუფლების;
სადაც ჰყვაოდა ხე ცხოვრებისა,
ქართვლის გულიდან აღმოცენილი,
და წყარო იგი წყაროდ შვებისა
სჩქეფდა იმ გულით გარდმოდენილი;
სად ის ხე ნაძვის მის სუნნელისა
ჰყვაოდა ქართვლის წყლულთა კურნებად
და მის ქვეშ წყარო უკვდავებისა
სცემდა იაზმას ერის ცხოვნებად;
სად იმ ხის წმინდის ფოთოლი, ხილი
საკვდავადც დაჭრილს ეკურნებოდა;
სად იმა წყაროს წყლით დაბანილი
ქართვლის ტკივილი დაყუჩდებოდა.
აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედაქალაქი ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა,
ნგრეულმან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმიდა ალაგნი
პირუტყვთა ქელვით შეგინებულა.

XVIII

„ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,
რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!..
ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,
ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?
სხვა რომელია, რომ ათასთ წელთ ბრძოლა მედგარი
გამოევლოს და სრულიად მტვრად არ აღგვილიყოს?
შენ ხარ, მარტო შენ!.. მაგალითი სხვა არსად არი,
რომ სხვა ქვეყანას, სხვასა ერსა ეგ შესძლებიყოს.
შენთა შვილთ გული შენთა მტერთა შეაკლეს ზედა,
ორი ათასის წლის ბრძოლაში მათ სისხლი ჰღვარეს,
მაგრამ ამაყი თვისი თავი ქვეყანაზედა
არავის წინა სამუდამოდ არ მოიხარეს.
ორი რამ იყო, რისთვისაც ძე შენი იღწვოდა, -
ბედმა უწყალომ სხვა საქმისთვის არ მოაცალა, -
მამულისა და რჯულისათვის იგი იბრძოდა,
ორივ დაიცვა, მაგრამ ყველა მათ ანაცვალა.

XIX

„თვალწინა მიდგა ის კირთების ბედშავნი დღენი,
როს შენ დაგიპყრო მაკედონის გმირის ლაშქარმა
და შეგირყია დიდ ცხოვრების სამკვიდრო ბჭენი
შენმა მოძალემ და მოლალემ უცხო მთავარმა.
სძულდა ქვეყანა, რომელიცა მას ეპყრა ხელთა,
სძულდა თვით ერიც, მის სიკეთე, ნიჭიერება...
ვერა, ვერ ჰმართონ ვერსად ერი იმა მმართველთა,
ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება.
ერის მჩაგვრელი, ქვეყნის მთხრელი იგი მმართველი
მთელს საქართველოს თვის ფერხთა ქვეშ მჩვარებრ ჰქელვიდა,
ერის იმედის, სასოების, ნიჭის მმუსრველი
თვით ერის ენას - მაგ ერის განძს - იგი სდევნიდა.
სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,
რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი,
რაშიაც იყო მის დიდება, პატიოსნება,
რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.
მას ჰმორჩილებდა ერი შენი მძულვარებითა,
დევნულობის და კირთების ქვეშ ქედსა იხრიდა,
და მონებურის თვალთმიმქცევის კრძალულებითა
ზღვევისა წადილს გულდაკეტით დღედაღამ ჰზრდიდა

0

32

XX

„მოვიდა ის დღეც შურიგებისა,
მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა...
მართალი არის ხმალი ზღვევისა,
რომ ხელს ჰკიდებს მას მამულის ტრფობა.
მახსოვს ფარნავაზ ჰაეროვანი,
გულმტკივნეული შვილი ქვეყნისა...
მან იდვა თავსა სახელოვანი
ის დიდი საქმე შურიეგებისა.
ერის და ქვეყნის შეურაცხყოფას
ვეღარ გაუძლო ჭაბუკმა გმირმა,
ვაღარ გაუძლო მტარვალთ ურცხვობას
იმა მამულის ამაყმა შვილმა.
გადგა და დასცა თავზარი მტერსა,
დაამხო პირქვე ყმობა, მონება,
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება, -
და შენ, ჰე, ქართლო, მტრისგან რღვეული
კვლავ შეგაერთა ერთის ცხოვრებით,
ქართვლის სახელი დამცირებული
კვლავ შეჰმოსა მან პატიოსნებით.

XXI

„მას აქეთია, ქართლო, შენს შვილსა
არ ჩაუგია ქარქაშში ხმალი...
შენზედ მოიქცა ძველის ქვეყნისა
გაუმაძღარი და ხარბი თვალი.
მას აქეთია ოთხკუთხივ მტერნი
შენს თავსა შენვე გეცილებოდნენ,
მაგრამ ვაჟკაცნი შვილები შენნი
გულდაგულ მტერსა წინ უდგებოდნენ.
იყო დრო, როს შენს ძახილზედ, ხმაზედ
მამულის დროშა გაიშლებოდა
და ჭაბუკთ რაზმი შენს მოწვევაზედ
მტრის დასახვედრად მოგროვდებოდა.
იყო დრო, როცა შენის გულისთვის
თვითონ სიკვდილსაც ლხინად ჰხადოდნენ
და თავდადებას მამულისათვის
ერთმანეთს ომში ეცილებოდნენ.
ეხლა რაღაა!.. გაჰქრნენ ის დღენი,
გაჰქრა იგიცა ძალგულოვნება,
და საკვირველნი მამათ საქმენი
ეხლანდელ შენს შვილს არც აგონდება.

XXII-XXIII

.   .   .   .   .   .   .   .   .   .   .   .   .   .   .   .

XXIV

„წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,
აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...
ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ,
ბევრჯერ უსაგნოდ, ბევრჯერ აზრით აღელვებულა...
ქართვლის ტკივილი ყოველთვის კი სჩნევია მას ზედ.
დენილა იგი ტანჯვათ შორის და სიამეთა,
ხან დაცემულა და მიმქრალა, ხან აღდგომილა,
ხან შური, მტრობა, ერთურთ ლალვა სთხრიდა კიდეთა,
რომელთ შორისაც ის ცხოვრება მძლავრი ჰშობილა.
მაშინ გათრხილნი ის კიდენი მთლად დარღვეულან,
ძლიერნƯ& ზვირთნი იმ ცხოვრების აღქაფებულნი
სხვადასხვა ტოტად გადმოსულან, გადაგდებულან,
დაუნთქავთ შრომა, წინაპართა სისხლითა რწყულნი.
როდისღა ვნახავ მშვენიერსა ამ ქვეყანასა
თვისთა დიდების ნაშთსა ზედა კვლავცა აღმდგარსა,
დროსთან დანთქმულსა სხვადასხვათა კავშირთა ბრძოლას,
ერთის ცხოვრების, ერთის სულის ძლიერსა ქროლას?
როს ესე ტოტნი ერთ ცხოვრების, ერთ არსებისა,
ეხლა გაყრილნი, ერთ მდინარედ შეერთდებიან?
როს იგი ტომნი ცად მიღწეულ მძლავრ კავკასისა
ერთისა აზრით, ერთის ფიქრით განდიდდებიან?
თავისუფლების მშვენიერის სხივთ მხურვალება
როდის დაადნობს დაჟანგებულს დიდხნის ბორკილსა
და ქართველობა სიქადულად როდის ექმნება
ქვეყნის წინაშე ყოველ ქართვლის ერთგულსა შვილსა?“

XXV

ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვაში გაიპრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;
ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტსავით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,
ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, -
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცევოდა,
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირევოდა.
მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...
დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,
მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს
ვერ გაატანა თვალმა უძლურმა...
„ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!“ -
შემომტირა მე მწუხარე გულმა.
მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გამოიღიმა ნათლად მთამაცა
და მზისა სხივით გაბრწყინვებული
კვლავ დავინახე მოხუცებული.
ცისკენ აღეპყრნა თრთოლვითა ხელნი
და მოედრიკნა მუხლნი ძლიერნი...
თურმე მოხუცი ის ჰლოცულობდა
და ღმერთსა ესრეთ ევედრებოდა:

XXVI

„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
სამღრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე ჩაგრულთ დღეთ ყოფა,
მამაპაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან, რა არს მშვიდობა...
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, - შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..
ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..“

XXVII

მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და გადეფინა ჩემს ქვეყანასა
მახარობელად ტკბილ იმედისა.
ამენთო გრძნობა მადლითა ცეცხლებრ,
ერთს ფიქრს მიეცა გულისთქმა ყველა,
და მაშინ ვიგრძენ, რომ მშვენი მისებრ
ჯერ არ მენახა მე ცისარტყელა.

[26 იანვარს, 1859-სა წ.
პეტერბურღი, - 1872 წ., დუშეთი].

0

33

განდეგილი

(ლეგენდა)

ვუძღვნი
ო ლ გ ა   ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს ა ს

I

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა
ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან,
სად უდაბურსა მას მყუდროებას
კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,
სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,
ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, -
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.
ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს
იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე
და ზედ კარია გამოკვეთილი,
ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე.
ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი
ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, -
და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით
ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

II

აქა ყოფილა უწინ კრებული
ღვთისთვის ქვეყნიდამ განდგომილ ძმათა
და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე
ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.
აქა გამდგარან, განშორებიან
ამ წუთისოფელს სამაცდუროსა,
აქ ჰღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა.
განსულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...
იმათის ღვაწლით იმ ტაძრის მადლი
მთიულთა შორის ყველგან განთქმულა.
და ის ადგილი, ის არემარე
ესოდენ წმინდად სწამს დღესაც ერსა,
რომ ნასროლს ნადირს, მუნ შეფარებულს,
მონადირეცა ვერ ახლებს ხელსა.
თუ არ ღვთის ღირსი, სხვა ვერვინ თურმე
ამ წმინდა ადგილს ვერ შეეხება,
და თუ შეჰბედავს, მსწრაფლ რისხვა ღვთისა
ჭექა-ქუხილით მოევლინება.

III

ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია;
საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა,
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი,
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,
სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა.

IV

განდეგილა და ამ ყინულებში
სულ მარტოდმარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდამ ყველა -
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.
დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით
ხორცი სულისთვის უწამებია,
და ვით ჭურჭელი იგი წყმედილი,
ცრემლით ურეცხავს, უსოლებია.
დღედაღამ სულთქმა და ღაღადება
მოჰფენია კლდეს ყინულისასა,
და არ შემწყდარა მუნ ლოცვის ცრემლი,
ვითა ღელესა მას გლოვისასა.
განყენებული წუთისოფლისგან
აქ სული მისი აღყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა
დამარხულა და განსვენებულა.

V

არ იყო ხნიერ, მაგრამ ვით წმინდანს
სულის სიმაღლე ზედ დასჩნევოდა,
ზედ ეტყობოდა, რომ სული მისი
სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა.
სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი,
სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,
და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,
შარავანდედი გადაჰფენოდა.
მისთა მცხრალ თვალთა ღრმა მეტყველება
ესოდენ იყო წყნარი და ტკბილი,
თითქო მათშიგან ჩასახებულა
თვით სათნოება, კდემით მოსილი;
თითქო ნელისა სიხარულითა
სამოთხის ღია კარს შეჰხარიან
და სულთან ერთად უფლისა მიმართ
სასოებითა მიისწრაფიან.
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.

VI

წამება მისი ღმერთს შეუწირავს,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.
ბნელსა სენაკსა, სად იგი მდგარა,
ჰქონია მზის მხრივ ერთი სარკმელი
და მუნით თურმე გადმოდენილა
შუქი მზისა და მთვარის ნათელი.
ოდეს უბაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბძანებით ზედ შეირჩენდა.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა...
და თვის სიწმიდეს ყოველდღე თურმე
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

VII

ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.
მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად
მთისა გადაღმა არ დასულიყო
და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,
იმრგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.
ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,
წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა
და განმსჭვალული მისით ღრუბელი
შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.
ამა უბიწო დიადის ხილვით
წარტყვევნილ იქმნა განყენებული
და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას,
შესცქერდა მზესა განცვიფრებული.
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ, ვითა ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმეთ.

VIII

დაიძრა მძლავრი, უზარმაზარი,
ცაზედ განერთხო და გაიშალა,
და იქ, თითქო მტერს შეეჯახაო,
ჭექა-ქუხილით დაიგრიალა.
შეირყა მთელი და ცა და ქვეყანა
იმა ჭექით და იმა ქუხილით,
ცა აირია, დაბნელდა უცებ
და წამოვიდა სეტყვა შხუილით.
ქუხვა და ჭექვა, ელვა და სეტყვა,
არევ-დარევით ღრუბლების სრბოლა,
ქართა, აწ გრიგლად რადმე ქცეულთა,
ზარით და ზათქით კლდეებში ქროლა, -
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქო ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაღპყრობით ევედრებოდა
წაწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.

IX

უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...
ეოცა ეს ხმა უჩვევი მწირსა.
ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,
შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!
ჰკითხა: - „ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“
- „კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
და ზედ დაეცეს დედამიწასა?
და დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა“.

X

- „მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.
ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..
ხელი ჩაავლე ემაგ რკინის ჯაჭვს,
ნუ შეშინდები... კიბეა იგი
და ზედ რგოლები საფეხურად აქვს.“
და იმ ბნელაში იგი წვალებით
ავიდა მაღლა იმა ჯაჭვითა.
მუნ დახვდა მწირი.. რაა? ვინ არის?
ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
- „გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს მრავალსაც სხვასა“.
წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...
იქ უფრო, ვიდრე გარედ, ბნელოდა,
მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰსჩდოდა.

XI

რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მოსული,
გულში სთქვა მწირმა ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული.
სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცხლივ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.
- „უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან, -
ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..“
მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...
შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.
ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
განსაცდელი რამ მას მოუვლინა?
და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა
გულში ზარცემით მწირს გაურბინა.
მაგრამ იქმნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
სასოებით და გულდამშვიდებით.

XII

- „შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა, -
მოიტა, ცეცხლი ავანთოთ ერთი!
ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტან,
ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!“
მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ
მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.
რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.
ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მიეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად ცეცხლისპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.
ეშხითა მფრქვევსა მის შავსა თვალებს
თვით ცეცხლი სითბოს ეცილებოდა,
მის ელფერთაგან თვით ცეცხლის შუქი,
ვითა ძლეული, უკუ-ჰკრთებოდა.

XIII

თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს
ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,
უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა
თავის სიცხოვლის გამომსახველად.
მაშინაც ვინ სთქვას, - ვინ ვის აშვენებს:
მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..
თვით შური, მტრობა ვერ უპოვნიდა
ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.
მას თვალთა ელვით, ღაწვთა შუქფენით,
გულ-მკერდის რხევით ვინ არ ათრთოლდეს!..
დახე მის ტუჩთა!.. თითქო თვით ტრფობას
თვის ნაზი კოცნა ზედ დარჩენოდეს.
ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..
თქმულა - მხეციც კი გააფთრებული
მის წინ დატკბება და დაწყნარდება
და დაუწყნარდა ძალს შვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,
და უცოდველის გულისტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.

XIV

ბოლოს ჰკითხა მას: - „ვინა ხარ, შვილო?
ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?
მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან
ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?“
- „მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ
ცხვარს ვაძოებდი მამიჩემისას,
ბალახმა ცხვარი ამოიტყუა
და მეც ამოვყე ფარასა ცხვრისას.
ლამაზი იყო ამ დღის საღამო,
რარიგ ჰშვენოდა მზე დამავალი!
შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,
გავშტერდი, ვეღარ მოვსხლიტე თვალი.
ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული
მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა
და საკვირველი ის სანახავი
თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა.
სულ დამავიწყდა მამის ნათქვამი: -
ნუ ენდობიო, შვილო, ამ მყინვარს,
ნახავ, მზე ადგას, უცებ გაწყრება
და წამოხეთქავს ციდამ ნიაღვარს.

0

34

განდეგილი

(ლეგენდა)

ვუძღვნი
ო ლ გ ა   ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ი ს ა ს

XV

„მაგრამ რას იზამ? მოდი, გულს უთხარ, -
კარგ სანახავზე ნუ ხარ-თქო ხარბი!..
მე იქ გავერთვი... მყინვარმა თურმე
უცებ შეიკრა მრისხანედ წარბი.
ცა მოიღრუბლა, წამს ჩამობნელდა,
მთიდამა ცივი ავარდა ქარი,
მოვინდომე ცხვრის გამობრუნება, -
გვიანღა იყო, ვერ მოვასწარი.
უცებ შემემთხვა იქავ ავდარი,
სეტყვა ტყვიასებრ წამოუშინა,
ცხვარი გამიფრთხო, ვერ მივეშველე,
ბნელაში ფეხიც ვერ წავდგი წინა.
მართლა უნდობი ყოფილა ეს მთა!
უცებ სცოდნია ჩამობნელება,
უცებ სამოთხეს ჯოჯოხეთად ჰქმნის,
უცებ გიტკბობს და უცებ აფთრდება.
ვიშ!.. რად გავტეხე მამის ნათქვამი!..
ახია ჩემზე, რაც დამემართა!
მამის ურჩსაო, გამიგონია,
გზა თურმე არსად არ წარემართა.

XVI

„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,
მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..
მაგრამ შენვე სთქვი: განა წაუხვალ,
რაც ფათერაკად მოსავალია?
თვითონ ცხვარს მაშინ როდი ვჩიოდი,
მე მამაჩემი მებრალებოდა,
მამისერთა ვარ, მამას ვუყვარვარ,
ვწუხდი, რომ ჩემთვის შეწუხდებოდა.
ცხვარი დავღუპე, - ეგ ერთადერთი
მამის სარჩო და საბადებელი,
მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,
ოღონდ ვენახე მე უვნებელი.
ვიდექ სეტყვის ქვეშ ბნელაში სერზედ...
ცა ქვეყნის დანთქმას თითქო ჰლამობდა,
ჰჭექდა და ჰქუხდა... და ჩემთა ფეხქვეშ
თვითონ მთის ძირიც იძროდა, ძრწოდა.
რა მექნა ბეჩავს!.. საბრალო თავი
სად შემეფარა, გადამერჩინა?
ვთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,
თუ გავბედო და წავიდე შინა?

XVII

„დავრჩენილიყავ, - მერე ვინ იცის,
გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..
წავსულიყავ და - ამ ბნელაშია
კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...
მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,
ვთქვი, რაც მომივა, დე, მომივიდეს!
თურმე ნუ იტყვი, გზა ამრევია
და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.
ჯაჭვს ზედ წავაწაყდი... და მაშინ მივხვდი,
რომ აქ მყინვარის მონასტერია,
ისიც ვიცოდი მამიჩემისგან,
რომ მონასტერში ვიღაც ბერია.
გახარებული გეძახდი დიდხანს,
შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...
ვსთქვი, - ვაიმე თუ ვერ გ434304;ვაგონო
და აქ მომიხდეს ვათიო ღამე!..
მაგრამ მიბრალა ჩემმა გამჩენმა
და შენამდე ხმა ამოვაწვდინე...
სხვა ხომ შენც იცი... ღმერთმა გარჩინოს,
როგორც შენ მე დღეს გადამარჩინე“.

XVIII

- „მე ნუ მიმადლი, შვილო, შენს დახსნას,
ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი...
ღვთით არგანწირულს ყველგან წინ უძღვის
მისი მარჯვენე შემწყნარებელი“.
- „შენ კი ეშმაკი, მგონი, გეგონე“.
- „ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..
შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
ერთს დავიწყებულს და განდეგილს მწირს!“
- „განა ქვეყნადა შენ არავინ გყავს,
ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?“
- „მყვანდნენ... და ყველას გამოცეთხოვე,
აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი“.
- „მას აქეთ ბევრი წელიწადია?“
- „არ ვიცი“. - „როგორ?“ - „არ ვთვლი წელთსა სვლას,
მოვშორდი შვილო, წუთის-სოფელსა
და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!“
- „მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?“
- „ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა“...
- „როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?“

XIX

„ღმერთო, ნუ მიწყენ, ნურც შენ გამკიცხავ
მე უმეცარსა მეტის თქმისთვისა...
როცა აქ ცხვარი მიძოვებია
და შემიხედავს მყინვარისთვისა,
მომგონებია მამის ნათქვამი, -
იქ, ყინულებში, კაცი სცხოვრებსო,
სულისთვის ხორცი გაუწირნია,
უწუთისოფლოდ მარტოკა სძლებსო, -
გამკვირვებია მე ეს ამბავი,
მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?
განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის
ქვეყანას, ღვთითვე დაბადებულსა?
ვფიქრობდი: ნეტა, მაშ, რისთვის მორთო
ესე ლამაზად წუთის-სოფელი?
განა მისთვის, რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?
ყველაფერს უნდა გემოვეთხოვო,
ჩემს ტოლს და სწორსა, ლხინს და სიხარულს?!
ღმერთო, ნუ მიწყენ... ვერ ვიზამ მაგას!
ადრე და მალე ვერ მოვიკლავ გულს!..“

XX

„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!
აქ სიკვდილია, ის კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და ის კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი -
ყველა გულიდამ ამოგიღია?
ნუთუ ნაღველი, დარდი და ჯავრი
თან არავისი წამოგიღია?
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..“ - „რა გითხრა, შვილო?
ყველაზედ უფრო სული ტკბილია,
იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია“.
- „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყმდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“
- „ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...“

XXI

„უბედურსაო“?!.. და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...
ასეთი სიტყვა ხომ ჩივილია
და ვით მოადგა იგი ენაზედ?
„უბედურსაო“?!.. - ეგ ხომ სიტყვაა
გულისტკენის და სამდურავისა!
ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა
ბედნიერების დამკარგავისა!..
მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,
რომ მან დასძლია საწუთროება,
განდგა მისგან და აქ მოიპოვა
სულის მშვიდობა და მყუდროება?
ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცის, გულთქმის, ვნებისა,
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა?
რა დაემართა? რა მოუვიდა?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?
ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმეს სდებს შემოქმედსა?

XXII

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!
არ გაასწირავს სულს შევედრებულსა!
ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,
მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..
არა და არა!.. მაშ რამან სძლია
და ეს სიტყვა რამ ამოაკვნესა?
მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა.
არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.
საოცარ იყო მიძინებული
იგი სიტურფე, იგი შვენება!..
თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო
თვით სიყვარული და ნეტარება.
თითქო თვით მადლსა შვენებისასა
თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია
და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,
სული მის ღაწვზედ დაულევია.

XXIII

და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,
დაუცხრა სული აქოთებული
და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.
რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს?
ის სახე ატკბობს თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?!
დიდხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი
გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..
ჰსძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის
ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!
აქამდისაც ხომ გული უძგერდა...
ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..
ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

XXIV

ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად...
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..
ნუთუ იძლია? არა და არა!
მის სასოება არ დაუძლურდეს
და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,
იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..
არა და არა!.. არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

XXV

მაგრამ ეს რაა?.. „წაწყმდა თუ არა!..“ -
ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!
„დაგძლიე თუ არ!..“ - ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!
ეს რა ჰხარხარებს! და რა დასცინის!
ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!
მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე
მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..
და შიშით, ზარით გარს მოიხედა...
კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...
იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით
პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.
მით რა ეშველა?.. იგივ ქენჯნაა,
იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!
რად არ დადგება, რად არა სცხრება
იგი ნიშნგების წყეულთ ხარხარი!
სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...
ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშაც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..

XXVI

ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმიდა ღვთისმშობლის ნაცვლად
თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!
ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?
ცხადია იგი, თუ აჩრდილია?
ნუთუ მის ცოდვით თვით წმიდა ხატი
ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?
ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ჰხადის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..
პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა - ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს - და იგივ... იგივ...
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
„აბა სძლიეო!..“ და კვლავ ვიღაცამ
გაიხარხარა იმის სენაკში...
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში.

XXVII

რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,
გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი
და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა
დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.
ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს
ამ კლდეებშია თმააბურძგნული?
ნუთუ მწირია?.. იგია, იგი,
ვითა სიკვდილი გაიფთრებული.
აჰა, მოვიდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,
თითქო იქიდამ გამოელისო
თვის უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა.
მზის ამოსვლასა ელოდებოდა...
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეც... მსწრაფლ უკუიქცა,
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.

XXVIII

გულზედ მოეშვო... კვლავ სითბოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...
მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივქვეშ უტევა სული.

---

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, -
აწ შორის ნანგრეევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის,
და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

6 თებერვალი,
1883 წ.

0

35

მეფე დიმიტრი თავდადებული
ვუძღვნი
თ. პეტრე ნაკაშიძეს
უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,
საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;
იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი
ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.

„ეჰ, რას ჰყაყანებთ, - დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, -
შინაც ძლივს ვუძლებთ დღემუდამის ჭირს, ვაგლახობას!
აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...
ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამაშვილობას!

გვითხარი რამე, ბერო კაცო, ნასმენ-ნახული,
ეგებ გულს ჟანგი მოაშორო კარგის ამბითა...
კარგს მთქმელს ტყვედ რჩების ნატკივარი გული ჩაგრული,
გული, გაზრდილი ვაებითა, წვით და დაგვითა“.

ბრმა მეფანტურე გაიმართა მაშინვე წელში,
სახე ღრუბლივით გაუნათდა რაღაც მადლითა;
მისწვდა, აიღო თვის უბრალო ფანტური ხელში,
დაჰკრა ფანტურსა და დამღერა ნელისა ხმითა:

I
„მოდით, შვილნო, აქ მოგროვდით,
გეტყვით გულის გასათბობსა, -
ვინ ვიყავით, რა ვიყავით
ჩვენ, ქართველნი, წინა დროსა.

იმ დროს, როცა ქართვლის ბედი
ჩვენ, ქართველთვე, გვეპყრა ხელში,
როცა მამულისშვილობა
სასახელოდ იყო ჩვენში.

შვილნო, თქვენნი წინაპარნი
ეგრე გულქვად როფი იყვნენ...
ძმა ძმასა და მამა შვილსა
მამულს ხოლმე შესწირვიდნენ.

შვილის ყოლა გლეხს თუ თავადს
მარტო მისთვის გვიხაროდა,
რომ მამულსა მეომარი
მით ერთი ემატებოდა.

ტკბილსა ძუძუს დედა შვილსა
იმ იმედით აწოვებდა,
რომ სიცოცხლით ან სიკვდილით
ის მამულს ასახელებდა.

უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა, ან თავისთავს
შეაკლავდა, როგორც ლომი.

მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად – ხმალი ხელში.

ეგრედ, შვილნო, აქ სცხოვრობდა
უწინდელი ქართვლის შვილი,
მის მუდამი ნატვრა იყო
ან სახელი, ან სიკვდილი.

მათს მომდევარს ყოველს თქვენგანს
ჰყვანდა დიდი წინაპარი...
რჯულის დაცვა, მიწა-წყლისა
მის მოწამედ თქვენ წინ არი...

II

„ეხლა რა ვართ? საწველ ფურად
თავი ჩვენი გადვიქციეთ;
ის სახელი, ის დიდება,
ის ოჯახი დავაქციეთ...

რაც ვყოფილვართ, ის აღარ ვართ,
რაც ვართ, ის ნუღარ ვიქნებით...
ღმერთი გვიხსნის, თუ შვილთ მაინც
გზად და ხიდად გავედებით.

წინა კაცი უკანასი
ხიდიაო, ნათქომია,
დღეის ვაგლახს ამით დასძლევს,
ვინცა ხვალისა მდომია.

ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათვიდეს.

ამით იყო საქართველო
უძლეველი და ძლიერი,
ამით ედგა მტერს გულდაგულ
ეს პატარა ქართვლის ერი.

III

„ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს
უტყუარსა და მართალსა:
ერთი მეფე თურმე ჰყვანდათ
უწინ ჩვენ მამა-პაპასა.
- დიმიტრი ერქვა სახელად,
მხარბეჭპრტყელი, ტანმაღალი,
ჯირითში თუ შვილდ-ისარში
არავინ ჰყვანდა ბადალი.

კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარედ – რისხვით მტრისა მსვრელი,
შინ – მოწყალე, ღვთისნიერი.

ღამით თურმე ჩაიცვამდა
უბრალო კაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა.

მოივლიდა ქვრივს და ოხერს,
დავრდომილსა და ობოლსა,
თავის ხელით ურიგებდა
მოწყალებას და საზრდოსა.

ვის რაც გულში დარდი ჰქონდა, -
წავა – იმას შესჩივლებდა,
გლახის, ობლის, ჩაგრულისას
სარჩელსა არ ითაკილებდა.

ყველგან იმის სამეფოში
თხა და მგელი ერთად სძოვდა,
ერი, ბერი, ობოლ-ქვრივი
სულ იმის დღეს ჰლოცულობდა.

IV

„მის დროს იყო ყეინობა,
მეფე ყეინს ჰმორჩილებდა,
მაგრამ თავის ქვეყნის საქმეს
თვის ნებაზედ განაგებდა.

ერთხელს ყეინს აეშალა
თათარივე კაცი ერთი,
იმძლავრა და გადიყენა
ნახევარი სათათრეთი.

მეფე ჩვენი ყეინს თურმე
არ გადუდგა სხვასავითა...
ვაჟი-კაცის წესი არის –
კაცს შეჰრჩება ძმასავითა.

შეიბნენ და შეიჭიდნენ
ყეინი და გადგომილი;
ძმას ძმის ძვალი ატეხინეს,
მამის სისხლსა ღვრიდა შვილი.

დამარცხდა ბოლოს ყეინი,
გამდგარმა აკი აჯობა,
ის მოკლა და თვით დაიპყრო
სათათრეთის ბატონობა.

ის ხომ მოკლა, მის ცოლ-შვილიც
ცხენსა კუდით ათრევინა,
საცა კი მის მომხრე იყო,
თავები დააყრევინა.

V

„ჯერი მიდგა ჩვენს მეფეზეც...
- „რატომ მე არ მომიდგაო,
იმას ცოცხალს არ გავუშვებ,
თუ პირში სული მიდგაო“.

გაუგზავნა მოციქული:
- „გამოცხადდი ჩემ წინ შენო,
თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას
ნაცარტუტას ავადენო“.

დაგვიღონდა მეფე ქველი,
იმ ურჯულოს მიხვდა წადილს,
ისიც იცის, - იმ ღვთისრისხვას
ჯართ სიმრავლე შესწევს ქადილს.

რა ჰქნას? თითონც მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი.

დიდს ჩავარდა საგონებელს,
შეუდგა ბჭობას, რჩევასა...
- „წავალ – მომკლავს, და არ წავალ –
ამიოხრებს ქვეყანასა“.

ბოლოს ბრძანა: „თავს მოვუყრი
მღვდელმთავართ და დიდებულთა,
ოცჯერ ზომვა, ერთხელ ჭრაო –
წესია მეფეთ ქებულთა.

ვნახოთ ერთი, რას მეტყვიან –
წასვლას თუ წაუსვლელობას?
ორში ერთს რას აირჩევენ –
მეფის თუ ქვეყნის დამხობას?“

VI

„ბრძანა და მსწრაფლ შეიყარნენ
დიდებულნი, მღვდელმთავარნი,
ვეზირნი და ვაზირები,
ბჭე-მდივნები, სპასალარნი.

წადგა მეფე კრების წინა
თამამად და დიდებულად;
ყველამ, დიდმა და პატარამ,
თაყვანი სცეს ბატონს ყმურად.

ასე ჰშვენის მეფე იმ დღეს
ტანად, თვალად, იერითა,
მნახველთ თვალი ვერ გაიძღეს
იმის ჭვრეტით, ყურებითა.

უბრძანა თუ „დიდებულნო,
საქმე მძიმე მაქვს თქვენთანა...
ის დღეა დღეს, - ან მე ვიყო,
ან ჩვენი ტურფა ქვეყანა.

შეიტყობდით, მომივიდა
მე ყეინის მოციქული,
აქ მოდიო, მე მიბრძანებს
ჩემზედ გაბოროტებული.

თუ არ მოხვალ, მე მოვალო,
აგიოხრებ ქვეყანასა,
საცა კი ფეხს დავადგამო,
ავადენ ნაცარტუტასა,

თუ წავედი, თქვენც ხომ იცით,
მე სიკვდილი არ ამცდება...
თქვენ რას მირჩევთ, მართალი სთქვით,
მართლის თქმაა ერთგულება“.

VII

„დიდებულნი წინ წამოდგნენ
ამ ამბით შეწუხებულნი,
მივიდნენ და თაყვანი სცეს,
აემღვრიათ მწარედ გულნი.

- მეფევ! ნეტა რა გვიბძანე,
რა ასმინე ყურსა ჩვენსა!..
თუ შენ მოგკვლენ, შენს სანაცვლოდ
რაღა დარჩეს ერსა შენსა?!

თუ შენ აღარ გვეყოლები,
რად გვინდა სახლი, ქონება...
ჩვენ შენისთანა დიმიტრი
სხვა არვინ დაგვებადება.

მოვიდეს, რომ იმუქრება
ის უსჯულო სისხსლისმსმელი,
მოვიდეს და წინ დახვდების
შენი ერთგული ქართველი.

მტრის მუქარას ერი შენი,
გვითხარ, როდის გაჰქცევია,
გვითხარ, როდის ქვეყნის მტრის წინ
ქართლს უკან დაუწევია!

ბძანე და იმ მუქარასა
ჩვენს მოსისხლეს შევანანებთ,
ან შევმუსრავთ მამაპაპებრ,
ან მეფისთვის თავსა დავდებთ.

სირცხვილია ერისათვის,
თავის მეფე მისცეს მტერსა...
მეფევ, სირცხვილს ნუ შეაჭმევ
ერსა, შენსა შემნატვრელსა.

ნუ, ნუ გვაჭმევ ემაგ სირცხვილს,
წამყოლს შვილისშვილამდიე...
აქ მოვიდეს, მის დახვედრა
ამ ჩვენს ქედზე დააჭდიე“.

0

36

VIII

„ახლა წადგა სპასალარი...
- „მეფევ, რაც სთქვეს, მართალია.
შენ წახვიდე, შენ იქ მოგკლან, -
ჩვენ წელზედ გვერტყას ხმალია?!

თუნდ რომ დავრჩეთ, ვინ რას გვეტყვის,
რით ჩავრეცხოთ ეს სირცხვილი?
არა, მეფევ!.. ძველებს უთქვამთ, -
სახელიო ან სიკვდილი.

ნუ შეგვიშლი მამათ ანდერძს,
სირცხვილისგან დაგვიხსენი!..
მეფეს ვფიცავ, - მამა-პაპებრ
დღესაც გასჭრის ხმალი ჩვენი“.

ბატონმა თავი ჩაჰკიდა
გვირგვინოსანი, ცხებული,
დიდხანს იყო დაღონებით
ეგრე თავჩაკიდებული...

IX

„ბოლოს ბძანა: - „ეს ქვეყანა
ღვთისაგან მაქვს მონაბარი...
მე დავრჩე და იგი წახდეს,
მითხარით, რა მადლი არი!

ათი ერთზე რომ მოვიდეს,
მუქარას მტერს შევანანებ;
რა ვქნა, - ასი ერთზე მოვა,
ამას ვწუხვარ და ვვალალებ.

ჩვენი კაცი ერთი ასსაც,
ვიცი, არ შეუშინდება,
მაგრამ ბოლოს სიმრავლე გვძლევს,
ხალხი ურგოდ გამიწყდება.

მერმე უკაცურს ქვეყანას
დასწვავს, დაჰბუგავს, დაანგრევს,
საყდრებსა და მონასტრებსა
დააქცევს, მიანგრ-მოანგრევს.

ხატებს, მამათ სალოცავსა,
წაძურტლავს და შეგვიგინებს,
ამოიღებს მკვდრებს საფლავით,
ძაღლსა და ღორს ათრევინებს.

ქალწულთ-ქალზედ ძალით მივა,
წაჰბილწავს, ნამუსს დაუმხობს;
ორსულ დედაკაცებს კიდევ
მუცლებსა ხანჯლით დაუპობს.

დედას თავის ძუძუთა შვილს
კბილითა დააგლეჯინებს,
უსუსურს ბავშვებს ძნად ჩაშლის
და ზედ კალოს ალეწვინებს.

X

„ამდენი სული უბრალო
ტანჯვითა ამოწყდებიან,
საწყალის ხალხის ცოდვითა
ქვანიც კი ატირდებიან.

ქვეყნის ამოდენი ცოდვა
ჩემს თავზედ დატრიალდება,
წაწყმდება აქაც და იქაც
დიმიტრი მეფის ხსენება!

ეს სულ რისთვის? მარტო მისთვის,
რომ მე შიშსა გავექეცი,
ჩემი თავი გადვირჩინე
და ერი კი წყალს მივეცი.

მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაშიც არი...
ფუ იმ მწყემსსა, თავს უშველოს,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი...

სირცხვილს ამბობთ! – რა სირცხვილი?
მე ვეძლევი ნებით მტერსა,
ჩემს სიცოცხლეს, ჩემსა სისხლსა
თვითონ ვწირავ მე ჩემს ერსა.

თუ სიკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის – ერთისათვის,
მაშ, რად მიშლით თავდადებას
მე ერთს – მთელი ერისათვის!...

არა! წავალ, არ დავდგები,
დე, სრულდეს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა“.

XI

- „შენ რას ბრძანებ, მღვდელმთავარო?
სიტყვა შენი გვიღირს ძვირად:
მართებს თუ არ ერისათვის
მეფეს თავი გასაწირად?“

ატირდა და მოახსენა:
- „ჰე, მეფეო, მე თქმა მიჭირს.
მართალს ვიტყვი, თუმცა შენთვის
სული მიწუხს, გული მიტირს.

მეფევ, უნდა თავი დასდო
ერისა და ქვეყნისათვის,
ღმერთს შესცოდავს, ვინც გამკიცხავს
მე ამ მწარე რჩევისათვის.

მეფევ, რაკი ბედმან დაგდო
შენ ეგ მძიმე საზღაური,
სხვას უკეთესს ვერას გირჩევს
სიყვარული ბატონ-ყმური...

ვსტირ და გირჩევ თავგანწირვას,
რაკი რომ ეს დღე გვეწია, -
მოყვასთათვის თავდადება
ქრისტე-ღმერთის ანდერძია.

ვსტირ და გირჩევ ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთის-სოფლის გულისათვის!..“

XII

„მეფეს ძლიერ მოეწონა
მღვდელმთავრისა სიტყვა ბრძნული,
წარდგა ისევ კრებულის წინ
უფრო გათამამებული:

- „დიდებულნო, ხომ ისმინეთ,
რაც სთქვა წმინდა მღვდელმთავარმა!..
მოყვასისთვის თავდადება
გვიბრძანაო მაცხოვარმა.

ნუ გადმიყვანთ ღვთისა სიტყვას,
ერს მეფე ვერ ვუღალატებ!..
წავალ და, თუ ღმერთს სწადიან,
ერისათვის თავსა დავსდებ.

მე წავალ და ეს ქვეყანა
თქვენ უნდა გებარებოდეს,
ღარიბს ისე მოუაროთ,
რომ მდიდარს არ შენატროდეს.

გლეხს თუ თავადს, დიდს თუ მცირეს
მადლი თანასწორ მოჰფინოთ,
ობოლი, ქვრივი, უძლური
ძლიერს არ დამიჩაგვრინოთ.

თუ დავბრუნდი, თქვენს სამსახურს
გადაგიხდით ორად ერთსა,
თუ არა და – სული ჩემი
შეავედრეთ მაღალ ღმერთსა“.

ატირდა და აატირა
ყველა კაცი იქა მდგომი;
გულის სილბო სიტურფეა,
თუ კაცია სხვაფრივ ლომი.

მართალს ვაჟკაცს ის ამშვენებს,
როცა გულითაც ლბილია;
რკინის კაცის თვალში ცრემლი
დიდსულოვნობის შვილია.

XIII

„ბრძანა და მსწრაფლ დაიშალა
დიდებულთა იგი კრება...
უხმო მხლებელთ და უბრძანა
წასასვლელად მომზადება.

სთქვა და უროდს კიდეც წავა
მეფე იგი უშიშარი,
თქმულა: გმირის კაცისათვის
თქმა და ქნაო ერთი არი.

გაათავეს სამზადისი
და მოვიდა დღეც წასვლისა;
ვით ჭინჭველა, ჰფუსფუსებდნენ
შინაყმანი სასახლისა.

ხმა გავარდა ქალაქშიაც:
მეფე ჩვენთვის სდებს თავსაო,
უშლიდნენ, არ დაიშალა, -
ვერ ვუღალატებ ხალხსაო.

შეიძრა მთელი ქალაქი,
ხალხი ეცა ერთმანეთსა,
მოზღვავდა და იგრიალა
და მიაწყდა სასახლესა.

მივიდნენ, ნახეს, მზად არი
რაზმი მეფის ამალისა,
სულ სავსეა ცხენოსნებით
მოედანი სასახლისა.

წინად ბარგით გაეგზავნათ
ჯორი, ცხენი დატვირთული,
აქ ვინც იყო, სალთად იყო,
ტურფად კაზმულ-დარახტული.

XIV

„თავადნი და აზნაურნი
სულ ოქროს და ვერცხლში ისხდნენ,
ვერ იტყოდა, ვინ ვის სჯობდა, -
ყველა ასე კარგნი იყვნენ.

წყობით იდგნენ და ისმოდა
აბჯრისა და რახტის ჟღერა.
საამოა გაწყობილის
ვაჟკაცების რაზმის მზერა!

კაცი თვალს ვერ აშორებდა
მხედარსა და იმის ცხენსა,
თვით წუნი წუნს ვერ დასდებდა
მათს სიკეთეს, სიტურფესა.

მარქაფად ცხენს ბევრს სხვასაცა
რაზმ-გარეთა ატარებდნენ,
მათი მხედნი დიდებულნი
მეფეს სასახლეში ახლდნენ.

იმ ცხენების მორთულობა
კაცს უშურველს შურს მოჰგვრიდა,
მძიმე რახტით დაგვირთულნი,
თითო-თითო სოფლად ჰღირდა.

მაგრამ მათში ერთი იყო
თეთრი ცხენი არაბული,
უკეთესს ვერ ინატრებდა
კაცის უძღომელი გული.

მეფისა იყო ის ცხენი,
თამამი, თითქო ვეფხვია,
იმის უზანგში მეფის მეტს
ვერვის შეედგა ფეხია.

ამაყი იყო ლომსავით
და ნაზი როგორც მშველია,
სხვა მას ვერ იმორჩილებდა,
თუ არ ბატონის ხელია.

ცეცხლს აფრქვევდა თვალთაგანა,
ჰქუხდა, სჭექდა, მრისხანებდა,
თითქო ლოდის ჰთაკილობსო,
ჰშფოთავდა და ტოტსა სცემდა.

0

37

მეფე დიმიტრი თავდადებული

XV

„გამობრძანდა ბოლოს მეფეც,
თან გამოჰყვნენ დიდებულნი,
ხმალ-კაპარჭით გაწყობილნი,
სამგზავროდ გამზადებულნი.

მეფეს ახლდა მხარმარჯვნივა
გულმწუხარე მღვდელმთავარი
და მხარმარცხნივ – შუბლშეკრული
ჯავრით სავსე სპასალარი.

მღვდელმთავარი სწუხს და ჰვაებს
მეფის თავგადადებასა,
სპასალარი კი ჰთაკილობს
უომრად დამარცხებასა.

ხალხიც დაჰხვდა თავის მეფეს
ვიშითა და წუხილითა,
მეფეს გული ამოუჯდა
მათთვის გულისტკივილითა.

უბრძანა თუ: „რასა სწუხართ?
იქმნას, რაც კი საქმნელია!..
ერისათვის თავდადება
მეფისათვის სახელია.

რაც მომივა, მომივიდეს,
მე იმისთვის არ ვინაღვლო...
თქვენ ჭირს დაგხსნით... დეე, ვიქმნე
მე ქვეყნის ჭირის სანაცვლო“.

ხმა ჩაუწყდა, ვეღარ-რა სთქვა,
მოეგუბა თვალში ცრემლი...
თქმულა: ქვასაცა მაგარსა
გასტეხს ტყვიის რბილი გრდემლი.

მოუმატა ხალხმაც სულთქმა,
ხმა გაისმა ქვითინისა,
გულსა ჰკლავდა გლოვა, ვიში
ობლისა და ქვრივ-ოხრისა.

XVI

„უცებ მეფემ თვალი მოჰკრა, -
ხალხი გაირღვა შუაზედ,
ორს მარჯვე ბიჭს ბერიკაცი
მოჰყავთ მის წინ მოედანზედ.

მოჰყავთ ცახცახით, ხანხალით,
ჩაჩანაკი და ბებერი,
მკერდზედ სცემდა თოვლივითა
მოხუცებულს თეთრი წვერი.

მოვიდნენ და გააჩერეს
ის მოხუცი მეფის წინა,
ბიჭები კვლავ მხრებში უსხდნენ,
თუმც ყავარჯენს დაებჯინა.

ის ამ ქვეყნად აღარ იყო,
ფეხი ედგა სამარეში,
მაგრამ მაინც კი უცემდა
ადრინდელი გული მკერდში.

XVII

„მოახსენა: - „ჰე, მეფეო,
ნუ შემრისხავ ერთგულ ყმასა!
მე ხომ მხედავ, გარდავსრულვარ,
სამარიდამ გაძლევ ხმასა.

მეფევ, კისრად აგიღია
ტვირთი ჩვენის შავის ბედის,
ბედისწერას მისცემიხარ
უბედურის ჩვენის ქვეყნის.

ვიცით, რომ არ შეშინდება
გული მეფის დიმიტრისა,
როცა ნდომობს თავგანწირვას
დიდი საქმე ქვეყნის ხსნისა.

მაგრამ ჩვენ რა გვეშველება,
ჩვენ, მეფეო, შენთ დამკარგველთ?
მამობასა ვიღა უზამს
შენგან დაობლებულ ქართველთ?

ერს ოფლისმღვრელს და ტვირთმძიმეს
ჭირსა ლხინად ვიღა გვიქცევს?
წუთისოფლის მძიმƮ& უღელს
შენებრ, მეფევ, ვინ გაგვიწევს?

ამას ვსტირით, რომ მიდიხარ
და აობლებ შენსა ერსა,
ჩვენს ბედსა და მშვიდობასა
ვეღარ მოუმართავ ხელსა.

ჩემებრ უძლურს, გაჭირვებულს
მწედ ვეღარ მიეშველები,
ღარიბს, ობოლს, ქვრივს და ოხერს
პატრონად არ ეყოლები!

XVIII

„ნუ სწუხართო!.. განა, მეფევ,
ჩვენ ხელთ არის ეხლა გული?
რკინაც იყოს – მაინც დასდნეს
ამებრ ცეცხლში ჩაგდებული.

გულს რად გვიკლავ? რად მისდიხარ?
ნუთუ, მეფევ, ხსნა არ არი!..
ქუდზედ კაცი დაუძახე,
მოაგროვე სპა და ჯარი.

ცოტა ვართ, მაგრამ კარგნი ვართ,
ვინც კია, ყველა დევია...
ბევრჯელ უნახავს ქართვლის მტერს,
რომ ცოტაც ბევრის მძლევია.

აჰა, მეფევ, ორი ბიჭი,
მხრებში რომ ამომჯდომია,
ორივ ჩემი შვილი არი,
ერთი მეორის მჯობია;

მიირთვი და ინაცვალე,
ჩემს ქვეყანას მტლად დაუდე!
ომში, მეფევ, გაჩვენებენ,
რა ლომებს ჰზრდის ქართვლის ბუდე.

შეჰკრიბე დიდი, პატარა,
გაუძეღ წინამძღოლადა,
მტერს წინ დახვდი... ვინც უკუდგეს,
დედა შეერთოს ცოლადა!

ჩვენს საქართველოს, ჰე, მეფევ,
ბევრი რამ გადახედია,
მაგრამ უომრად მტრისა წინ
არ წაუხრია ქედია.

ნურც დღეს ვიზამთ ამ საქმესა,
უომრად ნუ დავმარცხდებით,
თუ ვერა ვძლევთ, დავიხოცნეთ
სახელითა და დიდებით!..“

XIX

„უბრძანა თუ: „ბერო კაცო,
მესმის შენი ერთგულება...
შაბაშ ქართველს!.. გული თურმე
სამარემდე გულად ჰრჩება.

მაგრამ გეტყვი: ჯარს არ შევკრებ,
არ ვინდომებ სისხლის ღვრასა,
მარტო ჩემის გულისათვის
არ შევაკლავ მტერს ათასსა.

ჩვენის ქვეყნის შავი ბედი,
როგორც ტაროსი, იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება.

მე ერთი ვარ, თქვენ მრავალი,
გვიჯობს ერთით ბევრის რჩენა:
თუ თქვენ მე არ გემეტებით,
მე რად გაგიმეტებთ თქვენა?..

განა თვითონ ქრისტე-ღმერთსა
გადარჩენა არ ძალ-ედვა,
არ ინება და ქვეყნისთვის –
ღმერთი იყო და – ჯვარს ეცვა.

XX

„მაშ რად არის მეფე მეფედ,
თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?
თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,
ეგ სიკვდილი სიცოცხლეა.

არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია.

არ დავიშლი, ვსთქვი და კიდეც
თავი უნდა გავიწირო,
ისე მოვკვდე, რომ ჩემ გამო
დედა შვილზედ არ ვატირო.

წავალ-მეთქი!.. თუ ღმერთს უნდა,
მოხდეს იგი, რაც მიმელის...
მაგრამ ჯავრი თან მიმყვება
საყვარელის ჩემის ქვეყნის.

ეჰ, რაც ჰსურდა, არ დაჰცალდა
ჩემს წყურვილსა სულისასა!..
აწ იქმნას ის, რაც სწადიან
განგებასა უფლისასა.

თქვენ ხომ მაინც აგცილდებათ
ხოცვა, ჟლერა, სრვა და რბევა,
მე კი... მეყოს, თუ გამყვება
თქვენი ლოცვა და კურთხევა“.

XXI

„თითქო ზეცით ზარი იყო,
თითქო ღმერთი მოევლინა, -
ხალხი პირქვე მყის დაემხო
საკვირველის მეფის წინა...

თურმე დიდებას მადლისას
კაცი მსწრაფლ დაუმონია,
ვით დიდს ბოროტს, ისეც დიდს მადლს
თავისი ზარი ჰქონია.

XXII

„მეფეს ერი შეეცოდა,
სთქვა: - „მეც ვსწუხვარ, რომ გშორდებით,
ღმერთს ვსთხოვთ, იყვნეთ ჩემს შემდეგა
მშვიდობით და გამარჯვებით.

ნურას გიკვირთ, რომ ქვეყნისთვის
მეფე თქვენი თავს არ ჰზოგავს!
ამასა იქმს ყველა, ვინც კი
ჭკუით სჭრის და გულით ჰზომავს.

მე მივდივარ!.. მეფე თქვენი
დიდს და მცირეს გეთხოვებით,
რაც დაგაკლეთ, ნუ შემრისხავთ,
რაც შეგცოდეთ, შემინდვენით“.

ბძანა და ცხენიც მოართვეს,
ზედ მოახტა ვეფხვსავითა,
ცხენზედ იგი დალოცვილი
გამობრწყინდა მზესავითა.

მტერსაც კი რომ დაენახა,
თვალი გაუშტერდებოდა,
მისებრი ცხენზედ მოხდენა
ბევრს ვაჟკაცს ენატრებოდა.

გამოეთხოვა ყველაკას,
ვინც კი შინ, სახლში ჰრჩებოდა,
სხვა კი ამხედრდა დიდკაცი –
ყველა, ვინც უნდა ჰხლებოდა.

ამხედრდა თვით მღვდელმთავარიც,
შინ დარჩენა არ ინება,
შეევედრა თან წაყვანას
და მეფემაც დართო ნება.

წაბრძანდა და თან იახლა
ის ამალა და მხედრობა,
უკან მისტირს ერი, ბერი,
გლეხობა თუ დიდკაცობა.

0

38

XXIII

„მინამ მეფე მიმავალი
ურდომდინა მივიდოდა,
იმისი მისვლის იმედი
ყეენსა გადასწყვეტოდა...

ებძანა თავის სარდლისთვის:
- „შეჰკრიბე ჯარი, ლაშქარი,
წადი, დიმიტრი მომგვარე
ან ცოცხალი, ანუ მკვდარი;

თუ არა, იმის ქვეყანას
შეესიე და მოსრეო,
სულ ძირს დაეც, რაც წინ შეგხვდეს,
ქალაქი თუ სიმაგრეო“.

წინ შეხვდა მეფეს ეს ჯარი,
მრავალი და უთვალავი,
მაშინვე მიხვდა: აქაო
ამბავია რაღაც ავი.

უხმო მხლებელთ და უბრძანა:
- „ფიცსა გთხოვთ და უნდა მომცეთ:
თუ უკადრისი მაკადრონ,
თქვენ არავის ხმა არ გასცეთ.

თავს დაიხოცთ, ვერას უზამთ,
ჯარია მოზღვავებული;
თქვენს სიკვდილსაც არ იკმარებს,
თქვენგნით გაბოროტებული, -

წავა და ხალხს ამოგვიჟლეტს,
აგვიოხრებს ქვეყანასა...
ნუთუ მთელს ხალხს ანაცვალებთ
ვაჟკაცთა თაკილობასა?!

ღმერთს აცადეთ... დეე იქმნას,
რაც ჩემს თავზე განგებულა!
საცა არ სჯობს, გაცლა სჯობსო, -
ბრძენთაგანა ასე თქმულა.

კვლავ ფიცსა გთხოვთ: სისხლს ნუ დაღვრით,
ნუღარ დამიმძიმებთ სულსა!..
განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დათხეულსა“.

XXIV

„რას იქმოდნენ, მისცეს ფიცი
გამწყრალთა, გაბრაზებულთა,
სირცხვილის ჭამა ირჩიეს
ქვეყნისთვის დავალებულთა.

ბევრმა იკრა გულში ხელი,
სთქვა სულმწყრალად: „ვაი დედას!
დრო მოგვივა და ამ თათრებს
არ შევარჩენთ ჩვენს შერცხვენას!“

ბატონმა ბძანა: - „ვინა ხართ?
წადით, ჰკითხეთ – რა სწადიან?
თუ მე ვუნდივართ, აქა ვარ,
ჰქმნან ის, რასაც მიქადიან...“

მალე დაბრუნდა უკანვე
მეფის კაცი მოციქული,
მოახსენა: - „სარდალს ვუთხარ,
მეფევ, შენი ბრძანებული;

მითხრა: - „მეფე შენი გვინდა,
თუ მოგვეცა თავის ნებით,
არას ვერჩით თქვენს ქვეყანას,
აქედამვე დავბრუნდებით...“

იამა, ბძანა: - „მადლი ღმერთს,
რომ ქვეყანა გადმირჩება
და ცოდვილი ჩემი სისხლი
ამაოდ არ დაიღვრება“.

თვით წაბრძანდა სარდლისაკენ,
მის წინ შეაყენა ცხენი,
უბძანა თუ: - „მე ვარ მეფე,
რაც გენებოს, იგი ჰქმენი“.

მისცვივდნენ უკადრისადა,
ვით ძეს ღვთისას ურიანი,
შეჰკრეს, შეჰბაწრეს ტყვესავით
მეფე, ხელმწიფე სვიანი.

XXV

„მიჰგვარეს ყეინს ურჯულოს,
სისხლმსმელს ადამიანისას...
საღერღელი აეშალა,
ვით კრავის წინ მხეცსა ტყისას.

გაჰწყრა: - „როგორ გაბედეო,
არ დაუდეგ ჩემს მოსისხლეს?
სთქვი პასუხი და იცოდე,
შენი განკითხვის დღეა დღეს.

იცოდე, რომ წინვე მითქვამს:
თავი უნდა მოგეკვეთოს!
ამის შეცვლა თვითონ ღმერთმაც
ჩემმაც მე ვერ შემომბედოს.

მინამ მოგკლავ, მსურს აქ ჩემ წინ
შეინანო ბრალი შენი,
აქ ჩემ ფერხთ წინ აღიარო
შენვე შენი სიმუხთლენი...“

მეფემ უთხრა: - „შენისთანა
ჩემი რა გამკითხველია!
ნუ მოგაქვს თავი იმით, რომ
ძალა აღმართის მხვნელია.

შენ-წინ მოთქმა რას მიქვიან?
რას მიქვიან შენანება?
ჩემი გამკითხველი არი
ნამუსი და ჩემი ნება.

ჰქმენ, რაც გინდა!.. მე არ გკითხავ, -
რად გწადს მომკვეთო თავიო...
სვავს ვინ ჰკითხავს, სისხლს რადა ჰსვამ,
სვავო, რადა ხარ სვავიო?..“

გაწყრა ყეენი ამაყი,
ეს როგორ გამიბედაო!
უბძანა: - „ჰგვემეთ და სცემეთ,
ბნელეთს ჩააგდეთ ეგაო“.

წაიყვანეს მეფე ჩვენი
და საბნელეთში ჩააგდეს;
შემოარტყეს გარს მცველები,
კარს კლიტეები დაადეს.

XXVI

„სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;

აწამა, ვით სვავმა მტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლისმსმელი.

ერთხელ მეფე, ნაწამები
ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.

როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.

მოსთქვამდა თუ: - „ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.

მე არა გთხოვ, - მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, - სისხლი, აქ დაღვრილი,
ჩემი სხვისთვის შეიწირო.

ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი“.

XXVII

„უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი.

მივიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.

მოახსენეს: - „შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!... თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.

ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, - ასეაო
ყეენისა თურმე ნება“.

უბძანა თუ: - „ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.

ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სვრა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა!“

ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათს ხვეწნას და მუდარათა!

XXVIII

„გათენდა დღე ზართამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.

ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეენისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.

ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.

ამ ორ-შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.

მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...

შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანცწყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.

მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...

გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.

მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათის ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.

თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი:
სახლი, კარი, თვისი, ტომი,
ქვეყანა და თავის ერი...

ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!...

მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: - „დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!..“

სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
- „ჰა, ჯალათო!“ – დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.

მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა“.

1860-1878 წწ.

0

39

ქართვლის დედა

(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო
    ხალხური სიმღერა

     ვუძღვნი
პ ე ტ რ ე   ნ ა კ ა შ ი ძ ე ს

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,
რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,
რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,
დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.

მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე, - მომიტევე მე სითამამე...
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა, -
ამით მამართლე, მიიღე და ნუ გამკიცხავ მე.

(სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ. ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა)

დედა

თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
მაგრამ, ჰე, ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი
და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს,
კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, -
და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!
ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია,
მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია...

(შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)

ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული
ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
ძის სიყვარული, თუ მამულის, - რომელი დასთმოს?..
ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?|
დამტირებელი დედა ახლო არ გეყოლება,
მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ +&;ეპკურება,
დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
და ეგრედ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
მისთვის რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:
ვით დედა შენი იმ სიკვდილით შენით ვიდარდებ,
ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.

(ჩაფიქრდება და მცირე ხანს შემდეგ)

თავისუფლებაც, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთაც, თაყვანებითა,
მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
ეგრედ ნაშოვნი რად წაგვართვი მოსავთა შენთა?
რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..

შვილი

(შემოდის გახარებული)

მოვიდა ჩვენი სანატრელი, დედავ, ამბავი:
ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
მაგრამ შენ სწუხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.

დედა

მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარს დღესა
მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!..
ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.

შვილი

როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
რომ თავი დავსდო მამულისა ჩემის სახსნელად?

დედა

სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,
რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმა სირცხვილსა,
რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვები იხოცებიან.
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
ვაჟკაცად იყავ, - ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

შვილი

არასდროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
შენ, დედაჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება...
შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!

(ისმის გარედან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდება)

დედა

(თავის-თავად)

არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოკვდები...
იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
ვიდრე საომრად, შვილო ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, -
და მერე კი გვრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.

(ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)

„ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.

მამულის დასხნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაი
სჯობს საშოვნელსა ყველასა.

მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც
მტერთან გულდაგულ ომია.

თავისუფლების მშოვნელი
ამ ქვეყნად მარტო თოფია,
შინ უღლით გაქნილს მშვიდობას
ომში სისხლის ღვრა სჯობია!

მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.

ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
დღე გათენდა დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა“.

(ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და სოფლის პატარა ბიჭების ძახილი: „ჯარს გაუმარჯოს! ჯარს გაუმარჯოს!“ ისმის კიჟინა და ხმაურობა)

დედა

(აღელვებული)

მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.

შვილი

(ჩამოიყვანს ლოგინიდან დედას, შეუჯდება მხრებში და მიიყვანს ფანჯარასთან)

შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.

(დედა, რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)

შეხედე, ხალხი რარიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
დიდი, პატარა მხიაროლობს, შენ რა გატირებს?

დედა

ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
რომ ჩვენ შეგვასწროს - მამულისთვის თავდადებულნი
კიდევ გიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
მიმიყვა, შვილო, ლოგინადვე, მუხლი მეჭრება.

(შვილს დედა უკანვე მიჰყავს)

ვაიმე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
როს ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..

შვილი

რა ვუყოთ, თუკი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!

(ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება განჯარას და გარედამ იძახის)

ცხენოსანი

კიაზო, წამო!.. რაღას იცდი, გვიგვიანდება,
დრო საშურია... ჩვენ ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.

შვილი

აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
ჩემგან - მეომარს, შენგან - შვილსა ითხოვს მამული.

(დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)

მშვიდობით, დედი! შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
ნუ სტირი, დედი!.. გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი.

დედა

ვაი შენს დედას!.. მოვიდა დრო განშორებისა
და გული მიმდის... უძლურია გული დედისა...
მაგრამ ნუ სწუხარ... გადამივლის... შვილო, მშორდები?!
ვაითუ მოვკვდე და ვისგანღა დავიტირები?..

(სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის)

დედა

დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?

შვილი

(გაოცებით)

მერე, რო მიყვარს?

დედა

(ძლივს ბედავს თქმასა)

მასთან დარჩი!

შვილი

მერე - მამული?

დედა

(თითქო ეხლა გაახსენდაო)

მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
მაშ, წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია...
მაგრამ, ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
ვიღა დამმარხავს?.. წადი... წადი... ნუ გვიანდები...

შვილი

ეჰა, მამული! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევს უძლურსა...
ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
დედაც კი შვილის სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში!
რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
მშვიდობით, დედი! ძნელი არსი შენი დათმობა,
მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.

(შვილი გადის)

დედა

(ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)

ვაიმე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი
ჩემის სიცოცხლის... უშენოდა ძნელია ყოფნა...
დიდხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალი.
ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
სულიც ამომდის... არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
როცა შენ შენი აღასრულე... მამული... შვილი!..

(კვდება)

[14 ივლისსა, 1860 წელსა, პავლოვსკი, - 1871 წელსა, 18-სა მარტსა].

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ილია ჭავჭავაძე