პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » ქორწილი


ქორწილი

Сообщений 1 страница 4 из 4

1

სამიწლინახევრის თეონამ ფრიად სასიამოვნო ამბავი შეიტყო: მამიდა თხოვდება!
დიდად კი ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა მამიდის გათხოვება, მაგრამ სიტყვა”ქორწილი” რომ ბევრ საინტერესო მოვლენასთან იქნებოდა დაკავშირებული, ამას მთელი არსებით გრძნობდა.

სოლოლაკში, დიდ იტალიურ ეზოში ცხოვრობდა თეონა, სადაც ყველა ყველას იცნობდა, ყველამ ყველაფერი იცოდა ერთმანეთის შესახებ და ყველა ყველასთვის ზრუნავდა...

ორი-სამი დღით ადრე აფუსფუსდა მთელი ეზო ქორწილის სამზადისში: ვინ გოჭებს ასუფთავებდა, ვინ - ქათმებს ტუსავდა, ვინ - ნიგოზს არჩევდა, ვის - ნამცხვრები უნდა დაეცხო და ვის - ხაჭაპურები... რამდენიმემ -  ეზოს დასუფთავება ითავა, ზოგი - სახლის დალაგებაში ეხმარებოდა და ზოგი -  მაგიდებს შლიდა... მოკლედ, ლიტას ქორწილი ეზოს საერთო საზრუნავი გახდა.

დადგა ქორწილის დღე.
12 საათისთვის სიძეს ელოდნენ თავისი მაყრებით.
10 საათი ხდებოდა. თეონა დილიდანვე ეზოში თამაშობდა ბავშვებთან ერთად.

ბავშვების ჭამის დრო იყო.
- თიკი, ნინუცას მე წავიყვან, ჩემთან ვაჭმევ და მევე მეყოლება ჯერჯერობით, თეონას კი  თქვენ აჭამეთ და მერე ისევ ეზოში გაუშვით ბავშვიო, - შესთავაზა მეზობელმა.

ნინუცა თავისი საჭმლით დეიდა ევგენიას გაატანეს და თეონას გასძახეს ეზოში...
გავიდა რამდენიმე წუთი, მაგრამ თეონა სახლში არ შესულა. ისევ გასძახეს, ”თეონა, შემოდიო”, მაგრამ...
დედამ ეზოში გაიხედა, - ბავშვები ეზოს ბოლოს თამაშობდნენ.
”აქედან ხომ არ დავიწყებ ყვირილსო”, - იფიქრა და ბავშვებისკენ წავიდა.
- თეონა, არ გესმის, რომ გეძახი? წამოდი, ჭამე და ისევ დაბრუნდი ბავშვებთან, - უთხრა დედამ და ბავშვი წამოიყვანა.
- დედა, ვერ დავიდე, როცა მეძახდი... - თავი იმართლა თეონამ.

ვიდრე აჭამა, თერთმეტის ნახევარიც გახდა. დრო სწრაფად გადიოდა.
დედამ თეონას ბარემ ტანზეც გამოუცვალა და ისე გაუშვა ეზოში, თან დაარიგა, - ტანსაცმელი არ დაისვაროო.
გასაფრთხილებელი კი - ნამდვილად იყო, - სულ თეთრებში იყო ჩაცმული თეონა, რადგან მანამდე თავი გაიგიჟა,  ”მე და მამიდას ერთნაირი თეთრი ტაბა უნდა დვეცვასო”....
ულამაზესი თეთრი კაბა, თეთრი გეტრები, თეთრი ფეხსაცმელები და თეთრი პეპელასავით ბაფთა... ციდან მოფრენილ ანგელოზს გავდა თეონა.

ცოტა ხანში სახლთან რამაზიკომ მოირბინა და ... თეონას დაუძახა.
- რამაზიკო, თეონა ეზოშია...
- არა, თინა დეიდა, თეონა სახლში წამოვიდა...
- როდის წამოვიდა?! რომ არ მოსულა?
- დიდი ხანია... აი, ველოსიპედით 3 წრე დავარტყი ეზოს და მერე კიდევ ზურამ დაარტყა ორი წრე...
- რას ამბობ, რამაზიკო... თეონა სახლში არ მოსულა!...
თინიკო ეზოს ცენტრში დადგა და რამდენჯერმე დაუძახა თეონას.
პასუხი არსაიდან ისმოდა, - თეონა არსად იყო!

თინიკოს ყვირილი რომ გაიგეს, მეზობლები აივანზე გამოიშალნენ.
- რა მოხდა, თიკი? რატო ყვირი?
- თეონა დაიკარგა!... მიშველეთ, ხალხო!...  თეონააააააა!!!!
- კარგი, გოგო, სად წავიდოდა ბავშვი?! 
- თეეეე-ოოო-ნააააააა!!!!
- მოიცა, რა ფერი გადევს? აქ იქნება სადმე...
- თეონააააააა!!!!
- ახჩიკჯან, ცავარტანემ, კუდა მოჟეტ უიწი რებიონოკ?... პადაჟდი, ნაჲდიომ დევოჩკუ!...თეონააააააა, ბალაჯან, გდე ტიიიიიიიიი???!!!!

დაფაცურდნენ მეზობლები, ერთი - ბოტანიკური ბაღის გვირაბისკენ გაიქცა, მეორე ქუჩისკენ, მესამემ საკუჭნაოში შეიხედა, - თეონა არსად ჩანდა....

ჩოჩქოლზე მამიდაც გამოვიდა ეზოში და ყვირილის მიზეზი რომ გაიგო, კინაღამ ჩაიკეცა.
ამასობაში 11 საათიც გახდა.
- ლიტა, წადი, შენ ტანზე ჩაიცვი, თეონას ჩვენ მოვნახავთ!....
- ლიტა, თავი დასავარცხნი გაქვს... წადი, მოწესრიგდი!...
- ერთ საათში სიძე უნდა მოვიდეს... რას გავხარ, გოგო?!
- ხალათით ხვდები საქმროს? წადი, გამოეწყვე...
- იდი, ბალაჯან, ადივაჲსია, ნა კავო პახოჟა, ნუ?!  მი ჟე ზდეს?... იდი, ნუ?! ვააჲ!!!
- თეონაააააააააა!!!! - მთელი ხმით იყვირა ლიტამ და, თავადაც ვერ ახსნა, რატომ, მაგრამ ცაში დაიწყო ყურება, თითქოს-და  ცა იყო მისი ბოლო იმედი...

ვერც ცამ გასცა პასუხი, სად წავიდა ბავშვი.
ლიტამ ჯერ სახლისკენ აიღო გეზი, მაგრამ ბოლო წუთს შებრუნდა, ჭიშკარში გავარდა და ”თეონაააას” ძახილით სირბილით დაეშვა ტაბიძის ქუჩაზე.
სირბილში თმიდან სარჭი ჩამოუვარდა და გრძელი, წელამდე თმა ჩამოეშალა.

სოლოლაკის ბირჟაზე უბნის ბიჭები იდგნენ.
- ეს ლიტა არ არი?
- ვინ ”ლიტა”, ჯაბა?
- ჩვენი, ენგელსის ქუჩიდან... დღეს ქორწილი აქვს, ტოო...
- მერე, სად  გარბის ასე ალქაჯივით გაწეწილი?!
- არ ვიცი, სტოპრომ, რაღაც მოხდა, ტოო... ლიტა!... ლიტა!!! სად გარბიხარ, გოგო, რა მოხდა?!!!
- თეონა!!!
- რა, თეონა?!
- თეონა დაიკარგა! მიშველეთ... ხალხი არა ხართ?  მიშველე, ჯაბა!...
- გოგო, წადი... შენ სახლში დაბრუნდი , თეონას ჩვენ მოვძებნით...

ბიჭებმა ლიტა სახლში დააბრუნეს.  ერთ-ერთი  მისი მეზობელი იყო და სახლამდეც მიაცილა...

- ჯაბა, ვინ დაიკარგაო?
- თეონა დაკარგულა... ბიჭებო, მე ბავშვი უნდა მოვძებნო...
- მოიცა, თეონა რომელია, პატარა, ხუჭუჭა, ლურჯთვალა ბავშვი როა?
- ჰო, ის...
- ვააა, ბავშვი სად უნდა დაკარგულიყო?! მოიცა, ჩვენც მოვდივართ...

მთელი უბანი ეძებდა თეონას... ბავშვი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, - ვერაფერი გაიგეს.

ვიღას ახსოვდა ლიტა და მისი ქორწილი?!...
ნინო ბებიას ნიშადურით ასულიერებდნენ...
დედასაც გული მისდიოდა, მაგრამ მეზობლები და ახლობლები გულის წასვლას არ აცლიდნენ...
ლიტა ახლოს არ იკარებდა არავის... აღარც ჩაცმა-დავარცხნაზე ფიქრობდა და აღარც მოახლოებულ 12 საათზე...
- ხალხო, მოდით, მილიციაში დავრეკოთ?! - წამოიძახა ერთ-ერთმა ნათესავმა.
- ტელეფონი არავის გაქვთ?... გიზო მაინც სად წავიდა ამდენ ხანს?!... - ხმა აუბა მეორემ.
- მე მაქვს, ახლავე დავრეკავ! - გამოეხმაურა მეზობელი ლიანა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.

ვისაც იტალიურ ეზოში უცხოვრია, მან კარგად იცის, რომ საცხოვრებელი ბინა და სველი წერტილები საკმაო მანძილით არის-ხოლმე ერთმანეთისგან დაცილებული.
მეზობელმა, ოთახიდან რომ ვერ დარეკა, სამზარეულოს მიაშურა, რადგან სატელეფონო ხაზი სამზარეულოში უკეთ იყო გამართული და უფრო უკეთესად ირეკებოდა.
მათი სამზარეულოს სიღრმეში სააბაზანო იყო მოწყობილი. ლიანამ წინა დღეს სარეცხი დარეცხა, მაგრამ არ გაფინა, - ”ქორწილის დღეს თავზე ხომ არ უნდა გადმოვაფინო ჩემი სარეცხიო”...
სააბაზანოდან წყლის ჩხრიალის ხმა გაიგონა.
”ალბათ დედაჩემს დარჩა მოშვებულიო”, - იფიქრა და იქით გაეშურა, რომ...

სააბაზანოს კარებში თხემით ტერფამდე სველი თეონა გამოვიდა.
სველიც არის და სველიც, - ბოლო ძაფამდე სველი იყო თეონა... თმაზე ჩამომხობოდა სველივე თეთრი ბაფთა, თან უცნაურად, ცისარტყელას ფერებით აპრიალებული... ნავთის სუნიც ეცა...
- თეონა, აქ რას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა ლიანას.
- ვრეცხავდი... - თეონამ თავი დახარა და სააბაზანოში შებრუნდა.
ლიანა უკან მიჰყვა.

სააბაზანოში ლიანას თვალწინ ”ბრძოლის ველი” გადაიშალა:
ლიანას გარეცხილი თეთრეული იატაკზე ეყარა და ზედ  თეონას ნაფეხურები ეტყობოდა... ოდესღაც ნავთით სავსე ნახევარლიტრიანი ბოთლი ახლა ცარიელი ეგდო, თეთრეული კი ცისარტყელას ფერებად ლივლივებდა... ასეთივე ფერებად იღვრებოდა  წყალი გავსებული აბაზანიდან (კიდევ კარგი, ტრაპი ჰქონდათ!)...
აბაზანის წინ გადმოყირავებული ტაბურეტი ეგდო, რომელსაც ასევე შერჩენოდა თეონა ფეხსაცმლის კვალი...

ლიანა მოცელილივით ჩაიკეცა.
- თეონა, სველი რატომ ხარ? - ძლივს მოახერხა სიტყვის ამოთქმა...
- სარეცხი რო დავრეცხე, დავლება მინდოდა... ნახე, რა ლამაზი ფერებით შედიღებე? იცოდი, ასე ლამაზი რო იყო ამიანი წყალი? - თეონამ ნავთის წაქცეულ ბოთლზე მიუთითა.
- სველი რატომ ხარ? - გაუმეორა  კითხვა ლიანამ.
- რატო და, აი, ასე ვერ მივწვდი... ტაბურეტტაზე ავედი და ისე მინდოდა დამევლო... ეს ტიდე - წაიქცა!
- და შენ...
- მე წყალში ჩავვარდი... იცი, როდორ დამახველა? წყალი დამელია და მახჩობდა... - ცრემლებით აევსო თეონას ზღვისფერი თვალები... - ძლივს დადმოვედი... სტუმრები უტვე მოვიდნენ? დაშრობას ვერ მოვასწრებ?... ჰა, ლიანა, ვერ მოვასწრებ? მიმტყიპავენ, ასე რომ დავისვარე ტაბა? ჰა?...

ეზოდან გიზოს ბღავილის ხმა მოისმა: ”თე-ოოო-ნაააა!! სადა ხარ, მაა-მიიიი!!!!!!!”
მხოლოდ ახლა გაახსენდა ლიანას, რომ მილიციაში დასარეკად იყო ამოსული... გიჟივით გავარდა აივანზე და მთელი ხმით დაიძახა:
- გიზო, თიკი, ლიტა, აქ არის თეონა! ნუ გეშინიათ, ხალხო!...

ლიანას ყვირილი მანქანების სიგნალის ხმამ გადაფარა!
ეზოს ჭიშკარში პიპინით შემოვიდა  სიძის მაყრიონის რამდენიმე მანქანა....

0

2

წინადადება შემომაქვს, მოვხსნათ ეს უაზრო შეფასებები!

0

3

რაც გინდა მოხსენი, ყველაფერზე თანახმა ვარ. ეს ჩემი ეზოა, ძალიან ვიხალისე. თუმცა რა მიკვირს, შენზე კარგათ ვის ეცოდინება...

0

4

ქ.თამარ თქვენი ფანი ვარ :flag:

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » ქორწილი