პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ლადო ასათიანი


ლადო ასათიანი

Сообщений 1 страница 14 из 14

1

შემოქმედება

0

2

ლადო ასათიანი
(ბიოგრაფიული ცნობები)
ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი,
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.

როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები,
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია როგორც ჩონგური.

საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჯური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.

ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება,
ტკბილია, როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.

ხალიხა ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, -
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

1936

ჩემი ოქროს ქვეყანა

ჩემი ქვეყნის ოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,
სიწითლისგან დაბრაწულო, კანდამსკდარო ბროწეულო,
ნაცრისფერი ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო;
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ცხენისწყალის ხეობაო, დაღარულო, დასერილო,
ხვავიანო პურის ყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,
ხვამლის მთაზე გადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,
შენი თეთრი ბაირაღი, სანამ უნდა აფრიალო?!
ერთო ქალო, თეთრო ქალო, ქალო ბაგეთაფლიანო,
თავთავებით ოქროსფერად მოსირმულო მთავ ფრიალო;
მთებო, მთებო, რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო
ზვარო, ზვარო ჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო,
ზვარო მტევნებგიშრიანო, გლეხი კაცის სანუკვარო;
ფიჭვის ტყეო, ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო,
ნისლის ნამში განბანილო, მთაო გულმკერდგადაშლილო,
მთის გულ-მკერდში დამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო,
საქართველოს სიხარულო – ცხენისწყალო და ენგურო,
და მამულის სიყვარულო, ხალხის გულში დანერგილო;
მშობლიურო მინდორ-ველო, სიცოცხლეო საამურო,
მწვერვალებზე ანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო,
მოსავალო ჭირნახულო, დილის ცვარით დანამულო
და ბულბულო, ხმაწკრიალავ, ბუჩქნარებში განაბულო
თვითმფრინავო ცაში ლაღო, მთებთან ახლო მიფრენილო,
ქვევით ქვეყნის ედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო,
კვახის ლერწო გაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო,
იწის მკერდზე გაფანტულო ღელეებო, წყაროებო,
შემოდგომავ შემოქმედო, შემოდგომავ მადიანო,
მტერმა გნახოს, შემოგხედოს, გული დაუდარდიანო.
ცხენისწყალის სანაპიროვ და ღამეო მთვარიანო,
ამდენი ხნის დანაპირო – გოგონავ შავთვალიანო.
აქოჩრილო რთხმელის ტყეო, ბარდებო და იელებო,
მეგობრებო, მეზობლებო, ახოვანო ჯეელებო,
ბედნიერი ხალხის გარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ, -
იძლიეროს მისმა მაჯამ, ვინს დაგთესა მოგიყვანა!
ჭირნახულით დატვირთულო ბეღლებო და ნალიებო,
გამრჯელისთვის გატენილო, უქნარისთვის ცარიელო,
ხელო, ვაშლით გაფერილო, ტალავერის ჩეროებო,
სამხრეთისკენ გაფრენილო ყელმოღერა წეროებო,
მეგობრებო, მეზობლებო, შინაურო, გარეულო,
ნაცრისფერო ღრუბლის ძნებო, ფიჭვის ტყეში გარეულო,
ვარდებო და ყვავილებო, ბარდებო და იელებო,
ახოვანი ვაჟკაცებო, უშიშარო ჯეელებო,
კოლხელებო, ქართლელებო, კახელებო, მთიელებო, -
თქვენთვის მინდა ავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,
თქვენთვისა მაქვს გულის კარი სასიმღეროდ გაღებული,
მინდა ლექსით გესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენო
და ქართველი მგოსნის ჩანგი ამ სიმღერით ვასახელოთ!

1936

ლექსებიდან „ძველი და ახალი ქუთაისი“

1. დილით

ცა იწმინდება და სისხამ დილით
მზე ერეკება ღრუბლების ფარას.
ვარდის ბაღნარში ეცემა ჩრდილი,
ქუჩას პალმა და ყვავილი ფარავს.
მე აქ დავწერე ლექსი პირველი,
ვარდებსაც ესმით ამ გულის ფეთქვა,
ვარ ამ ვარდების გულთამხილველი
და მსურდა მათზე სიმღერა მეთქვა.
იმდენი მეთქვას ლექსი მაგარი,
რამდენჯერ მე აქ მინავარდნია,
მინახავს ხალხი ნაამაგარი;
ახლაც ვუღიმი ქალაქს ვარდიანს
და იტყვის ჩემი ლექსი ღარანით:
- ვაშა ვარდების მომტან გვარდიას!

2. ჩუქურთმისმჭრელი

არ იცის მისმა მკლავებმა დაღლა
და უკაკუნებს, როგორც კოდალა.
ჩუქურთმისმჭრელი ასულა მაღლა
თეთრი ქვის გულის დასაკოდავად.
ნიადაგ ისმის ძახილი და ხმა.
ეშხიანდება შენობის გული.
ჟამიდანჟამზე რომ ნახოს ხალხმა
ჩუქურთმა ქვაზე ამოქარგული!...

1936

* * *

ზევით ცა მხურავს - კრიალა, ღია,
ირგვლივ მთებია მკერდდაგლეჯილი,
ჩემი სამშობლო იალაღია,
ზედ საამური ხარობს ჯეჯილი,

და თუ მოაწყდა მტერი იალაღს, -
ვერ შესძლოს გულმა ბოღმის დატევა,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც იარაღს,
მოვიხმარ ლექსებს, როგორც სატევარს!

1936 წ.

რუსთაველის სამარე

მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი,
ვრცელ ტრამალებზე გავირბინე ფიქრით ფრთამალით,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს.
ვნახე მნათობი, გაბადრული სახე თამარის
და გაზაფხულის ყვავილები ნაირნაირი,
მე ბედაურით ჩავუქროლე მგოსნის სამარეს,
ვიმხიარულე, ვიგალობე ძმობის შაირი.

1937 წ.

დასვენების დღე

ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება
ეს დღე – მთისა და ბარის ზეიმით...
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.

ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.

ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.

ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!

პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.

1938

* * *

მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მგაგებებს სიმინდი ლახვარს.

მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები...
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.

ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება...
თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს
ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.

მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.

1938

ფშავური ბალადა

ვაჟა-ფშაველას

გადმოჰყვა ღამით ღრუბლების ბურანს
უზარმაზარი მხარ-ბეჭის რხევით,
დაეცა ზღაპრულ დევების ბუნაგს
შავნაბდიანი ცალთვალა დევი.

შეაზანზარა კლდეთა კედელი,
დაატრიალა გრიგალი ქართა,
როგორც ხევსური რკინისმკვნეტელი
დადგა დევების ბუნაგის კართან.

და რა იხილა მან დევის ქალი,
შედრკა, ათრთოლდა, ხმალზე შეჰფიცა:
- მიყვარხარ, როგორც ჩემი ჩარგალი
და საქართველოს მხურვალე მიწა!

შესცინა დევის წუნია ქალმა
ბროლივით თეთრი კბილების ეშხით,
დასწვა ვაჟკაცი ტრფიალის ალმა,
ქალი კი გაჰქრა ბუნაგის ბნელში.

და როს ფრანგულის გაისმა ჩქამი,
წამს აღრიალდა დევთა ლაშქარი:
ვინ გვესტუმრაო ამ წკვარამ ღამით,
ვინ შემოლეწა ბუნაგის კარი?

- ეს მე ვარ, ვაჟა, ცალთვალა გმირი, -
შესძახა, შესძრა, თან შეერკინა,
და როცა მორჩა, გაღუნა კბილით
მამაპაპური ფრანგულის რკინა.

- შევქმნილვარ ხელად, გავჭრილვარ ველად,
დამირბევია ღამე წკვარამი,
მო, დევის ქალო, მო, ჩემო ყველავ,
მო, გამიქარვე გულის ვარამი.

მიეჭრა ხელი გავსებულ მთვარეს,
შემოახვია მინდიას მხრები...
ჩახედა ქალის ამღვრეულ თვალებს,
აიტაცა და გადასჭრა ხევი.

გამოედევნენ დევი მდევრები,
კვლავ დატრიალდა შუბი და ფარი,
დალეწა ხმლები და სატევრები,
კვლავ აიტაცა ტაიჭზე ქალი.

გადინადირა ბნელი ტევრები
და სიხარულის ზათქით და ზარით
ღამეს უტევდნენ ღამისმთევლები,
როცა შეაღო ჩარგალის კარი
მამაპაპური სიმღერის ძალით:

„- მაყრებად მყვანან არწივნი,
ქალის ძმობილი ქარია,
მოვდივარ, მომყავს ყველაი
და ამად გამიხარია,
მომყავს დედალი ხოხობი
დევის პირბადრი ქალია„

აი ჩარგალიც, სანთლები ჩანან...
შრიალებს ტყე და ფარფატებს ქარი,
შემოეგება ვაჟას ბაჩანა
ჩონგურით ბებერ მუხასთან მდგარი.

და როს გამოჩნდა ბრძენი მისანი...
წუთით გაიხსნა ბუნების კარი
და ახმაურდა არაგვის წყალი,
როგორც ფშაველას ლექსების პწკარი.

უეცრად მოსწყდა ბედაურს მგოსნის
ტანი და ქალი მუხასთან დასვა,
გადაეხვია დაღალა კოცნით
და წყაროს წყალი პეშვებით ასვა.

თვითონაც მოჰკლა უმალ წყურვილი
და დადგა ბებერ მუხასთან, ზევით,
შავ ჩაბალახით პირშებურვილი
შავნაბდიანი ცალთვალა დევი.

რა ჟამი იყო, რა გაზაფხული,
რა სიყვარულით განუკურნელი,
იწვოდა გული, ღვიოდა ხნული,
და იდგა ნახნავ მიწის სურნელი.

უხურდა ვაჟკაცს ალალი გული,
ისევ მოუნდა შებმა და რკენა,
შეატრიალა ცაში ფრანგული,
მაგრამ მოესმა ყვავილთა ენა:
- დასცხრი, მგოსანო, ნუ ღელავ შენა!

შედრკა, აკოცა ყვავილებს გაშლილს,
ჩააგო ხმალი აღერებული
და გაეხვია ნახვავ მიწაში
საყვარლის ტრფობით გახელებული.

1938

0

3

საქართველოში

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
„ეხ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
„ეხ, წუთით მაინ დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

1939

რუსთაველის პროსპექტი

ის, შენობებში ჩამჯდარი თეთრად,
დიდი რუსთველის სახელს ატარებს,
მოდიან, მაგრამ მასთან შეხვედრა
ვერ გაუბედავთ ქუჩებს პატარებს.

ყოველი ქუჩა კაცის თვალებით
მოდის აქეთკენ და გზას უნდება,
მოვა, შეხედავს მას მოკრძალებით
და მერე ისევ უკან ბრუნდება.

ზოგი წარსულის ამბებს მოჰყვება:
როგორ იწვოდნენ ცეცხლში, ღადარში,
ვახუშტის ქუჩა მტკვარს გამოჰყვება
და მოშორებით ეტრატს გადაშლის.

ბესიკის ქუჩა ამბობს შაირებს,
მარტო სიმღერა არ დამშვენდება, -
და ჭავჭავაძის ქუჩას ჩაირევს,
თვალს გააყოლებს და გაჩერდება.

ზოგიც ბუტბუტით, - როგორ დავბერდით, -
(მარადი ყრმობა სურდათ მოხუცებს)
და შურთ რუსთველის პროსპექტის ბედი
ჩახრუხაძის და შავთელის ქუჩებს.

შურთ, მაგრამ მაინც მოდიან დინჯად,
შნოსა და იერს ჰმატებენ ქალაქს,
და როგორც ერთხელ დასახულ მიზანს,
ირგვლივ უვლიან უწმინდეს ალაგს.

1939

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა...
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

1939

კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე

საქართველოს პავილიონის
შესავალთან მარმარილოს
აუზში დგაფუნობს კალმახი.

გაისმა უცებ „ლილე“ ამაყი,
მთების ბუნების ჰიმნი სვანური
და ადგაფუნდა წყალში კალმახი,
მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.

ერთი მეორეს შეეხო ფრთებით
და კალმახები შეყარა ალყად,
თუ გაახსენდათ სვანეთის მთები
და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?
ვერ მოისვენებს, თუ არ გაცურა...
და დაეჯახა აუზის კედლებს
ფარა ფერადი მამაკაცურად.

ვინ იტყვის აბა, რა ხმას მოჰგავდა
მათი ფარების ცემა გმირული, -
ენგური იყო, იგი ბორგავდა,
მუდამ შლეგი და თავგანწირული.

ძალა ჰქონია ვაჟკაცურ „ლილეს“,
წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,
მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,
მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.

და მხნე უტევდნენ პატარა სივრცეს
ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ისროდნენ ცისკენ
და ლაპლაპებდნენ ვით სატევრები.

გაიოცებდა ხალხი მშრომელი
მათს გახელებას და ამღერებას,
და მოსკოველი სტახანოველი
იდგა, უმზერდა საკვირველებას.

იდგა აუზთან მაღალი კაცი,
მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,
უკვირდა, როგორ ელავდნენ წყალში
ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

და ბოლოს, როცა შრომის არსენამ
თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,
შთაბეჭდილების წიგნში ჩაწერა,
- საქართველოში თევზიც მღერისო.

1939

ვაჟა-ფშაველას ნაამბობი

ვინ დამიბედა გზები პოეტის,
ვინ გამამზადა საბედისწეროდ!
ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო?
ნუთუ სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ვერ უშველიდა ტკივილებს ჩემსას?
ან რატომ არის, რომ ყოველ ქალთან
გამიჯნურება მჩვევია ლექსად?
უმეგობრობა არ მიგლოვია
და არც მოლექსე მყავს წინაპარი.
მე ზღაპარი თუ გამიგონია,
ბაბუაჩემის თქმული ზღაპარი,
და მხოლოდ ჯიში მიმაგრებს სტრიქონს,
ჯიში გმირული, ჯიში ქართული,
ბაბუაჩემი ვაჟკაცი იყო,
სატევარით და ცხენით განთქმული.
მან დიდ მუხნარში მოჰკლა ტახები
და მათი ხორცით მზრდიდა ნიადაგ,
მიტომ არ მიყვარს მე არტახები
და მიტომ ვარგვარ ადამიანად.
მან ერთხელ განგებ დამკოდა მხარში
და უცოდველი სისხლი მადინა,
სველ ბალახებში დამტოვა ბავშვი
და მწვერვალები გადინადირა.
მას შემდეგ ბევრის მკლავი ავცელე,
შვებაც ვიგემე და გაჭირვებაც,
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა მე ეს ჭრილობა.
ბაბუაჩემმა ბუნების კარი
გამიღო ოხვრით და სიმძიმილით
და შთამაგონა, რომ ლექსი არის
კაცის და ქვეყნის გულისტკივილი.
მან შემაყვარა სამშობლო ჩემი,
რომლისთვის ბევრმა სისხლი დაღვარა,
მან შემაყვარა ბუნების ცრემლი
და სალამურიც მან შემაყვარა.
სამშობლოს ტრფობით გული დავსერე,
მათრობდა, როგორც ღვინო ყვარული
და ვიდრე ლექსად არ გადავწერე,
მანამდე მკლავდა ეგ სიყვარული.
ლექსმა კი შეკრა ჭრილობა ცივი
და გაანათა ჩემი კაცობა,
და ჩემი გულის ყოველგვარ ტკივილს
მხოლოდ და მხოლოდ ლექსმა აჯობა.
ვერც დედის ხელმა, ვერც სატრფოს ეშხმა
ვერ გამიყუჩა ჭაბუკს იარა,
და ჩემი გულის გმირული კვნესა
მარტოდენ ლექსმა გაიზიარა.
მეც მიტომ ვბედავ არწივულ ყივილს,
როცა გულს გაჰკრავს ცივი ნიავი,
რომ ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს
რომ ლექსი თვითონ ტკივილი არი.
და რადგან მერგო ვიყო პოეტი –
ჩემი ცხოვრების საბედისწეროდ,
რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი,
რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო,
რადგან სხვა რამე, სიმღერის გარდა,
ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, -
მჯერა, ამ დიად ბუნების კართან
მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!

1940

ქართლის გზაზე

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,
რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!
ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩ გაშლილა,
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა.

1940

ყაყაჩო

ეთერ სვანიძეს

ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.

შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა...

უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა,
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა
მოვეწონეო, თუ არა?!

1940

სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

„კაცის გული ასეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც მოუნდება სხვისა!„

დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ მადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ.
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება.
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!

„ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი უნდან ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი„,

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

1940

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?

რომ ვდგევარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო.

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, -
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

1940

0

4

წვიმაში

დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,
რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი
ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში
მე – ამ დროების მეათასედი.

ქარ-წვიმა იყო თუ სროლა ისრის,
სამაგალითოდ შენაქუჩების!
მე მოვიარე საავდრო ნისლში
დედაქალაქის ყველა ქუჩები.

და მერე, როცა ჩვეული რიგით
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,
დაიგრუხუნა თბილისის იგრვლივ
და წამოვიდა წვიმა შურდულით.

გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი,
მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ
და მარტო გამზირს ადგა ნათელი.

მაგრამ უეცრად იქუხა ისევ
მეტ გახელებით და გამძაფრებით
და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ
გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.

ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი,
ბოლოს საფარი რომ არ მენახა,
შესაბრალისად დავსველდებოდი.

ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს
არსად რომ თავი არ დამეხარა:
გადამეფარა ქაშვეთის თაღი,
გადამეფარა და დამეხმარა.

წვიმა კი რბოდა როგორც აფთარიმ
ცას გაუშავა ნაზი ღაწვები,
და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი
როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.

ორბელიანის საფლავთან მდგარმა
ქალაქ გავძახე ლექსი ქართული,
და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა
მოინახულა ჩემი სართული –

იმ წამს წარსული დიდების ძალით
შეუჩერებლად ავფრინდი ცამდე,
მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,
და ნარიყალას კედელთან დავდექ.

1940

ფიროსმანის მეგობრებთან

ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
„ტვინდასეტყვილი„ ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი, „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი.
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო,
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!„

- „თვითრჯული„ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მართო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

- შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

- როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში.
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო.
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო...

- არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი,
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეხ... ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!

- ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ...
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი, -
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
ჩათრეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

1940

ფიროსმანის დუქანი

მე მიყვარს შენი გრილი დუქანი,
შენი სიფათი და მარიფათი,
თვალები ცეცხლით განაშუქარი
და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე...
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული:
ჭრელი კალმახი – არაგვის მკვიდრი,
ბოლოკი წითლად ალმოდებული,
ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი,
პატარძალმა რომ დაკრიფა დილით,
ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის...
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული:
დილაადრიან გადასაკრავი,
ატამი წითლად ალმოდებული,
ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი
და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა,
გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი...
შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა,
მაგრამ ილაღე, იბედოვლათე,
„გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება„,
გაანიავე მთელი დოვლათი,
ქარს გაატანე მთელი ქონება...
ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე,
საქვეყნოდ სჭამე კაცმა სირცხვილი,
გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე,
დადექი, როგორც ნოეს წისქვილი.
არ მომანათო მაგ საღადარე
თვალები, ცეცხლით განაშუქარი,
არ შემეკითხო, რად შევადარე
ნოეს ხუხულას შენი დუქანი!
ამწვანებულა ძველი ხეხილი,
გაცოცხლებულან ძველი ბიჭები, -
ხელგაშლილი და გულგაღეღილი
დგახარ და მუშტარს ეპატიჟები...
ეხ, რამდენი რამ დაგიხატია,
გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით,
ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია:
არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!
მოვდივარ, შენთან, ჩემო ძმაკაცო,
სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა,
მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო,
და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან
შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი,
პატარძლის ხელით გამოყვანილი...

1940

ქართველ ცხენოსანს

ამხედრებულო ვაჟკაცო, წვერ-ულვაში რომ გიხდება,
როცა გულხარბი მტარვალი ხმალდახმალ გადმოგიხტება,

ასჩეხე, სანამდისინაც მარჯვენა გადაგიწვდება,
გახსოვდეს, რომ ხარ ვაჟკაცი, ნურასდროს დაგავიწყდება!

გახსოვდეს, ლამპიონებით განათებული ასპინძა, -
მამულისათვის ქართველი მტერს როგორ გაუმასპინძლდა.

გალაღებული თეთრონით გადაერიე ლაშქარში,
რომ დუშმანთ თავბრუ დაესხას შენი ფრანგულის კაშკაშით.

მოსკოვს და თბილის-ქალაქსა წინ აღემართე ფარადა,
დასჭექე, დააგუგუნე მამაპაპური „ვარადა“.

შენ, უშიშარო ვაჟკაცო, წვერ-ულვაში რომ გიხდება
როცა გულხარბი მტარვალი ხმალდახმალ გადმოგიხტება,

ასჩეხე, სანამდისინაც მარჯვენა გადაგიწვდება,
საბჭოთა არმიისა ხარ, ნურასდროს დაგავიწყდება!

1941

* * *

რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.

პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო, ან ეს ვითაკილო, -
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე...

მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ –
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!

1941

ორი საახალწლო

1.

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი –
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი „მრავალჟამიერ“ აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი...
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!

2.

რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები:
ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია, ისევ პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ და მოგძახიან იგივ სწორები,
შეგხვდება ვინმე ოჯახისშვილი, კოხტა ყმაწვილი მოეწონებო,
ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს, უზალთუნს მოგცემს აგრე დაგლოცავს:
„მრავალ ახალწელს დაესწარ შვილო, და ესახელე იმერლის ოჯახს!“
რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნო გარინდებულად მკვდრულ მყუდროებით,
მთა შთაგინერგეს შენ სიყვარული, ყრმაო, გარდასულ იმა დროების!

1942

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, -
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები, -

ისე მტკიცე იყვნენ, თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ მარად დაუზრახველნი –
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძOოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები.
ბევრჯერ სისხლით შეღებილან მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის.
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ,
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიცა თან ჰქონდათ.

სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით,
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი მოგხვდეთ ზურგში, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები!

ისე მტკიცე იყვნენ, თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი ვერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.

1939

გურამიშვილის ჩივილი

ვახტანგ მეექვსემ ერთხელ ხევში
სუმბული ნახა თეთრი და წმინდა.
მოთხარა, ფრთხილად აიღო ხელში,
რომ სავარდეში მიეცა ბინა.

ფიქრობდა მეფე: „ყვავილი მწველი
გრძელ ყლორტებს გაშლის, გაინავარდებს:
ვითარც ამბარი, მისი სურნელი
გადაეფრქვევა მდიდრულ სავარდეს!“

ფიქრობდამ, მაგრამ ვაი, რომ ტყვილად:
არ ესალბუნა ყვავილს ალერსი,
თავი დახარა და მოიწყინა,
როგორც ჭაბუკმა უცხო მხარეში.

ბევრი ეფერა მეფე მგოსანი,
თავს დამღეროდა, როგორც ბულბული,
მაგრამ საამო სურნელ-ფშოსანი
მაინც დაჭკნა და გახმა სუმბული.

მეც სუმბულივით დავიგოლვები
და მეც გამახმობს უცხო ზმანება,
თუ საქართველოს ლურჯი გორები
დროზე არ ნახა ჩემმა თვალებმა.

დავჭკნები, როგორც დაჭკნა ვარდებში
ხევის ყვავილი მზისკენ მზირალი,
და ვახტანგივით სადღაც ჩავკვდები
ჩემთა მკვიდრთაგან დაუტირალი.

მშობლურ ბაღიდან გადმოყვანილი
უცხო მიწაზე ვერ გავიხარებ,
ვიდრე დავმჭკნარვარ შენი ყვავილი,
მომხედე, ჩემო სამშობლო მხარევ!

1939

0

5

კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!

1940

ციხის სიზმარი

როცა მთვარე შეწყვეტს კაშკაშს
და ბნელს შემოიხვევს,
ისე, როგორც დაღლილ ვაჟკაცს,
მძიმედ სძინავს ციხეს.
სძინავს ციხეს, ნატამალი
ხმაც არ აკრთობს ხმენას,
სძინავს ციხეს და თამარის
სოცნებო სენაკს.
სძინავს, ფიქრებს ალამაზებს
და სიზმარში ხედავს,
რომ მის ბებერ გალავანზე
არწივები სხედან.
რომ კვლავ ისმენს ძველთა, ველთა
ნიავ-ქარის ნანას,
რომ მის ბებერ საძირკველთან
ქართველები დგანან,
რომ დილისკენ, როცა დნება
მუქი შუქი მთვარის,
გალავანზე გადმოდგება
საქართველოს თვალი.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე,
დედოფალი იყურება
არტანუჯის მხრისკენ.
სძინავს ციხეს, ჯანიანი
თრთის და სიზმრად ხედავს:
ეს ქართველთა ჯარი არის
თუ უღრანი ხეთა,
ეს ნისლია ჩვენებური
მზესავით რომ მოჩანს,
თუ ქართველთა ძველებური
ჩალისფერი დროშა?
ვისკენ მოაქვთ ეს ალმები,
ვის უხდიან ჩაჩქანს;
ეს თამარი ესალმება
საქართველოს ლაშქარს.
იხურება ჯიხურებად
დაღრუბლული სივრცე.
ეს თამარი იყურება
არტანუჯის მხრისკენ!
სძინავს ციხეს, მაგრამ დილით
მზე რომ იწყებს კაშკაშს,
ეღვიძება, როგორც ძილით
დასვენებულ ვაჟკაცს.
ეღვიძება, როგორც სისხლით
გაგიჟებულ მხედარს,
ეღვიძება, მაგრამ ძილში
ნახულს ვეღარ ხედავს;
ვეღარ ხედავს, გაავდება
აშლის ხავსის ბალანს
და გრუხუნებს ნაადრევი
გაზაფხულის გვარად.
მერე ისევ ალამაზებს
სიზმრით თავის სვე-ბედს
და ხავსიან გალავანზე
არწივები თვლემენ.

1940

გაიფიქრებ და გაგიხარდება

თამარსა ვაშლოვანელსა
ვაშლი უდგია თავსაო,
რიგი მწიფს, რიგი ყვავილობს
მისი სამარის კარსაო
   ხალხური

გაიფიქრებ და გაგიხარდება,
რომ მისი ხმალი ახლაც კაშკაშებს
და საქართველოს მტრების სარბევად
უხმობს უშიშარ ქართველ ვაჟკაცებს.

ქალმა თუ ერთხელ მკლავი გაშალა,
ქალმა თუ მისი არ დაიშალა,
ვერ დააკავებს ჯვარი ლაშარის
ვერც ცხრა უღელი კამეჩის ძალა.

მას არ ჰქონია ძალა კამეჩის
თათრების ურდო მაინც გათელა
და საქართველოს წყვდიად ღამეში
გაჰკვესა, როგორც ციცინათელამ.

მას არ ჰქონია კამეჩის ღონე
თათრების ურდო მაინც გათელა
და ვაშლოვანის ვაშლიფერს გორებს
გადაუარა ციცინათელად.

მას უფრო მეტი ჰქონდა სინაზე,
უფრო ნაკლები ღონე და ჯანი.
მაგრამ მას ჰყავდა მტრების ჯინაზე
ლეჩაქიანი ქალების ჯარი.

გაიფიქრებ და გაგიხარდება,
რომ ახლაც ელავს მისი ლეჩაქი
და საქართველოს მტრების სარბევად
ყველა გულმართალ პოეტს ეძახის.

და თუ პოეტის სახელი გქვია –
უნდა ემთხვიო სისხლიან ლეჩაქც,
უნდა უმღერო მთაწმინდის ნიავს
და ვაშლოვანის ვაშლისფერ ზეცას.

და თუ პოეტის სახელი გქვია
დაჯექ, აანთე გული – საკირე,
უსმინე ვაშლის ხეების შრიალს
და საქართველოს მტრები აგინე.

გაიფიქრებ და გაგიხარდება,
რომ მისი ხმალი ახლაც კაშკაშებს
და საქართველოს მტრების სარბევად
უხმობს უშიშარ ქართველ ვაჟკაცებს.

1940

ნადირობის შემდეგ

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ.
დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების –
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
- კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!
- კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, -
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა:
- ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
- მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
- ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,
ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!
- გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი,
ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,
ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,
მაგ ირმის გვერდით რომ რქოსანი ტახია! –
სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა
თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.
ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში
თვალები ვეება გარეულ კამეჩის.
და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი
წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.
წყვდიადში თვალების გადაბრიალებით
რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები:
- პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,
პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!
სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ,
რომელმა მათგანმა რა მოჯკლა, რა ბედზე.
ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ
და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.
- ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი
ცოცხლობდეს,
შრომობდეს,
ომობდეს მთავარი!
ტყე არ შრიალებდა, დაწვნენ და დაოსდნენ
ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,
და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,
ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით...
თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი
ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

1940

პირველი მჭედლები

იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები,
პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი
და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.
უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული.
ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.
ქურაში ცეცხლის ენები – წითელი აბრეშუმები,
კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები,
უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,
დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა!
იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.

1941

ცხრა ძმა ხერხეულიძე

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!

მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!

ეს მშობლიური ქარის ჩვენი ალგეთის ველების,
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,

ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!

ეს აწეწილი ფაფარი თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით...
მხედრებო, ასე უღმერთოდ, რად მიატოვეთ რაშები?!

1942

ასპინძა

1.

ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.
გადაიარა წინადღის ბრძოლების პაპანაქებამ,
ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას დაბანაკება,
გადალეწილან შუბები... დროშები ჩამოძენძილან...
ნაომარ ქართველ მხედრობას ტრიალ მინდორში ეძინა.
მთვარემ მძინარე მძინარე სახეებს ბნელი ბურუსი გადახსნა.
სუნთქვა მძინარე რაინდთა აბიბინებდა ბალახსა.
გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი;
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი,
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი.
აქა-იქ ცეცხლი ანთია, თოფზე მიკრულან გუშაგნი,
თვლემენ ცხენები მორთულნი ლამაზ უნაგირ უზანგით.
შორს კლდეში ჭოტი გაჰკივის, მდინარე მიდის დუდუნით,
ხმიანი ხვრინვა გაისმის, თოხარიკების ფრუტუნი.
გადალეწილან შუბები... დროშები ჩამოძენძილან...
წუთით გატრუნულ ქარიშხალს ცხენის ფაფარში ეძინა.
იქნებ სიზმარი გვესიზმრა, იქნება არის ზღაპარი,
ვით შეიკედლებს ქარიშხალს ფიცხელი ცხენის ფაფარი?
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

2.

გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი;
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლიანი,
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი...
სმენად ქცეულან მეფის წინ აღაბაბა და ხუდია,
ნეტავ რა უნდა მეფესა, გულში რა ცეცხლი უნთია?
- ცუდი იღბალი გვიღიმის, უომრად გავისრისებით,
თუ არ დავხერხეთ ამაღამ ასპინძის ხიდის ისრები,
რომ მტრის მაშველი ჯარები ვერ გამოვიდნენ ხიდზედა,
რაღა მაშველი სჭირდებათ, ბევრი არიან ისედაც.
ამაღამ ხერხი ვიხმაროთ, ხვალისთვის ხმალი ვინებოთ.
აბა, გაფრინდით, სამშობლოს დროშა გფარავდეთ, შვილებო! –
აჩრდილებივით მიდიან აღაბაბა და ხუდია,
ალბათ, იმიტომ არ ჩანან, უჩინ-მაჩინის ქუდი აქვთ.
გარშემო ისევ უღრანი ღამეა ჩამოძენძილი,
ძილფხიზლად სძინავთ ვაჟკაცებს, ღელავს ულვაშთა ჯეჯილი,
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

3.

ინათა... ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვამ წყვდიადი გარიყა,
ატოტდნენ თეთრი ცხენები, გამოეღვიძა ქარიშხალს.
გაშალეს ძუა-ფაფარი, კორიანტელი დაირხა...
სინამდვილეში ზღაპარი ასე ახდება ხანდისხან.
მოიგდეს თეთრი ნაბდები, მიუხარიათ მხარი-მხარ.
ქართველო მამულიშვილო, ხელი ვადაზე გაიკარ!
მტერი ასპინძის სიმაგრეს შემოესია სერიდან,
წინა რიგებში მიგელავს პატარა კახი ცხენითა,
შეხვდება კოხტა ბელადსა, ხმალდახმალ გამოიტაცებს,
ტყვიას დაახლის ბეჭებში, უსულოდ დასცემს მიწაზე
- ხმალი წუნკლებსო! – შესძახებს, რაზმებში გადავარდება, -
ასე სჩვევია ცხენდაცხენ ქარიშხალს განავარდება.
ასეთ ღელვაზე საკვირველს იტყოდნენ მამა-პაპანი:
- ზღვა როცა გაიფოფრება, ზეცაში ავა ფაფარით!

4.

კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე
შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ.
ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია,
განა ამაოდ იღწვოდა ბორჩალოელი ხუდია?
ყური დაუგდეთ, გრძნეული ადგილის დედა ჩურჩულობს:
წყალმა წაიღო წყეული, შემოსეული ურჯულო!

1942

0

6

ბასიანის ბრძოლა

ისტორიული ბალადა

1.

დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი,
ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი.
ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურტალი:
„მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი,
გაცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი).
რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი,
იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი,
რომ დღეს სუყველა გმორჩილობს, ვისაც მონებდი მანამდი,
რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!
ლამის სირცხვილით დავიწვათ: თავზე გვაზიხარ დიაცი!
ან რაუფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,
რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა?
მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება, ასპიტო,
რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ?
მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი
აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა – გადასახადი?
ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები,
ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით!
გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი,
წინ მანქანები მომიძღვის სიმაგრეების მგრეველნი,
უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები,
რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი.
რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ-მახვილის აღება,
რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინონ ქართულმა ბაირაღებმა!
მაგრამ უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი
შენს რჯულს უარჰყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით ჰმოსავდი,
მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები, -
შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები.
ეს მხოლოდ შენთვის, ლამაზო, სხვა არვის ვაძლევ არჩევანს
ისე დავანგრევ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!“

2.

ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო კარის თავანი,
ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი.
სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი –
დიდი ტრიალი მინდორი, ცხენთაგან გადათელილი,
წინ ელჩი იდგა დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით,
(სარკმლიდან ჩანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი).
ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი.
წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღარად თქმული ალმასი!
მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა,
და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა...
ეს ნაკადული ნანაობს, თუ ყანა ნათავთავარი? –
სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი,
„ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში“ -
ფიქრობს მხარგრძელი და თავის პატრონს შეჰყურებს თვალებში.
მიწყდა ხმა ნაკადულისა – მეფემ გადადო წერილი
და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი:
- სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ,
ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შეძრა მუქარით.
- სხვა ესეც შემოგითვალათ: „თუ რჯულს დასტოვებს თამარი
შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი,
მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა:
რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ!..“
სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო.
ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: - რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო! –
და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,
გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი.
წარბები შეჰკრა თამარმა: რად მოეპყარო უშვერად?!
- თავსაც მოვჭრიდი, მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა!
რაინდი მეფის ძვირის მთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს:
- დილეგში წაიყვანეთო! – კუშტად უბრძანა არაბებს.
ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი.
ამირსპასალარს მიჰმართა: საზრუნავი გვაქვს მთავარი,
მტრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი.
ამაღამევე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი.
გადაწყდეს, სეფე ჯარს ვანდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ
რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს.
თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის.
გმირულად! მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს.
- ნება შენია, მეფეო, - დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, -
ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი.
დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით.
ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები! –
ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება,
ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება.
წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაციებულმა ომებმა...
ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა.

3.

ვინც კი იარაღს ატარებს გულითადია მეფისა,
ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა!
ყველა ლაშქარში ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, -
იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა.
აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს),
დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისწერა პასუხად:
- „რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან,
ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ, ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა;
ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე,
რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?!
ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი,
კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი...
მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავათ გაიგე და მიხვდი,
მოვდივარ ჩემის ლაშქრითა. თუ ვაჟკაცი ხარ დამიხვდი!
მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ,
დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!“
..................................................................................................
მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო.
შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.
უცხო სამოსით შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი
და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი.
გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი,
ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით.
მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები
და ყბაზე დამღა – მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები.

4.

შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა,
ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში ვარსკვლავებს გადაამეტა.
ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი,
ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი.
ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა,
ერთმანეთს დატოლებულნი ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა,
ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი,
თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი,
ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები
და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები
აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის,
და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში.
მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა,
და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა
თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა,
თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა.

5.

ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომსმიმავალი:
წინ მიუძღოდა სოსლანი – ვაჟკაცი ჰაეროვანი.
სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ.
იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა.
უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი,
ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები.
ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი...
ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი.

6.

- სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუქადილს
ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს.
ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის?
იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის...
დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები.
ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით. –
გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის არა სჯის,
კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი.
ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს
და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ.
ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა
მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა.
წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი, -
სოსლანმა ჯარებს მიჰმართა: - სამშობლო ქვეყნის გულისთვის
ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული.
ცეცხლს ჰყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული.
ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა
და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეხალნენ მხარდამხარ.
წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით,
შეირტყეს ისარ-კარპაჭი, შეათამაშეს ცხენები.
შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი:
ილეწებოდა ფოლადი უჭედელი და ნაჭედი.
დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები.
- ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! -
გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს,
როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ.
მაგრამ ხმლის ორი ელვა – და დაეცნენ მოძალადენი,
სისხლის მდინარემ წაიღო მათი დარ-მუზარადები.
კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზას ტყავ-კაბა,
როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა.
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ფოლადს სცვიოდა ტალები.
ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით.
მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები,
ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები.
აგერ შეიბნენ ორ-ორნი ურთერთს ახეთქეს ჰოროლი.
ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი,
მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი,
გულში გაურჭო მახვილი, „ვაჰმე დედაო“, იძახდა,
ცეცხლწაკიდებულ გორაკზე დასტა იბრძოდა ყივჩაღთა.
წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები
და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი.
და რა ნახეს, რომ რაინდს გზა და კვალი გაუტიალდა,
აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა.
ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი,
მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით
და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი,
რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი,
და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი,
ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი.
მუსრეს და მუსრი გაავლეს... მოკლულთა დაგა ჯებირი,
მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი,
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ჭენებით განახელები,
წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები,
დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა
და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად.
- ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს,
მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულს! –
ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, -
- ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ, თორემ უომრად დავმარცხდით! -
ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა,
ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა,
ისევ შეიქმნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება,
შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა,
ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს
და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ.
გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე, მტვრის ბუქი დადგა სვეტებად
გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა!
ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის,
სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოკურცხლა თავის ამალით.
უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით:
- მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში!

7.

გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები
მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე ნახანჯლარები,
მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,
მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.
ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა,
ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა.
როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით,
იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები.
- მალემსრბოლიო! – მხარგრძელმა მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს
და ერთი ჩვეულთაგანი გაქანდა ოძრახესაკენ.
ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა,
გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად.
წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი,
მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები.
უცებ სად იყო, სად არა... გაშეშდნენ გაკვირვებითა:
არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან.
ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ,
და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს.
ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში
ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი.
თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი,
ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიმშეუვალი სოსლანი,
და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი,
გორგასლიანი ალამი – ვაჟკაცთა თავშესაფარი.
ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი
და საქართველო იდგა ვით, გოდოლი შეურყეველი.

1942

0

7

გულბაათ ჭავჭავაძე

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სედა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.

დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:
ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,
ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.

მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,
მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,
თავი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა
და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.

* *

სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლის მფრქვევლები,
მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.
მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,
ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.

და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,
როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,
როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, -
მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,
გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,
და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:
- კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია
და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.
- ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,
ღვინო შეუვსეს და მოართვეს ჭინჭილა ბატონს.

შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,
წყენით წამოცდა: „ეს ოხერი რომ არ გათავდა!“
სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,
თვალთ დაუბნელდა დაეკარგა მუხლებში ძალა,
წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა
და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,
აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.

ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,
თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.

* *
გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში,
და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.
თითქოს იტყოდა: „მასპინძელო, ეს რა კაცია,
ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!“

1942

ქართველი ოქროსმაძიებლების სიმღერა

სამცხე-საათაბაგო

ჩვენ ოქროს ვეძებვ ერთ ხელში დაშნით,
სიცოცხლეც ჩვენი მისთვის გავწირეთ,
ნეტარ არს, როცა ბებერ მიწაში
იელვებს ოქრო, ვით სიყმაწვილე.
ნეტარ არს, როცა ბრწყინვალე ზოდით
ბნელი გონება გაგვინათდება
და ცისარტყელას ციური ტოტი
თავს დაგვადგება ათინათებად,
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

ჩვენ მხოლოდ იგი გვმატებს მხნეობას,
როცა ვიხილავთ მზისფერ ღინჭილებს,
შეაჟრიალებს ფლატე ხეობას,
სიხარულისგან ისე ვიკივლებთ.

და გავშეშდებით, როცა შემთხვევით
ზოდს შევეყრებით ერთობ გოლიათს,
ჩვენ ზოდი იგი, სინათლის მფრქვევი,
უცებ მთვლემარე ლომი გვგონია.
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

ჩვენი ცხოვრების უმთვარო გზაზე
ჩვენ მხოლოდ მისი შუქი გვიშუქებს:
ჩვენ ვმალავთ ოქროს, ვატარებთ ძაძებს
და ამნაირად ვიტყუებთ თურქებს.

ასე რომ არა, ეს არემარე
მონობის თალხით დაისუდრება.
ჩვენ ოქრო გვიყვარს, მაგრამ მეტადრე
გვიყვარს ზვიადი თავისუფლება.
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

ჩვენ ბატონებიც გვყავს ღირსეული –
სამცხის მრისხანე ათაბაგები.
დროდადრო უცხოდ დაყვითლებულნი
ხევიდან ხევში გადავბარგდებით.
ვატარებთ წერაქვს, ცხრილსა და ტომარს,
თუ ოქრო სადმე სხვის ხელში გაჩნდა,
მიჩვეულნი ვართ კლდეებზე ხტომას
და უცხოს ხელში გავუყრით დაშნას.
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

ჩვენ, ნაშიერებს მჭედელ ტომების
ცეცხლოვან თვალებს გვითრობს ლითონი,
მზეზ რომ ვუყურებთ, ოქროს ლომები
იბადებიან დიდრონ-დიდრონი.
ჩვენ ვთხრით და ვცხრილავთ და ისე ფრთხილად,
რომ მიწამ შრომა არ გაგვიოხროს,
ჩვენთვის ვიტოვებთ ცარიელ სილას,
დიდ ბატონებს კი, ვუგზავნით ოქროს.
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

ჩვენ ამავე დროს ვართ მეომარნი,
ომში ხალიბურ ხმალს ვახელებდით,
ჩვენი სამშობლო სახელოვანი
არტაანია და სამღერეთი,
სადაც ბარს, როცა დაჰკრავ მიწაზე,
შემოგანათებს განძი ბებერი,
სადაც ჩვენ ვიშვით და გავიზარდეთ –
ქართველი ოქროსმაძიებელნი.
საყვარელის თუ საკუთარ ბედზე
ჩვენ ოქრო ვეძებთ.

1942

ქართული ენა

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!

მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა –
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,

მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,

გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება –
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!

უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიდა პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,

სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობ.

ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,

როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან...

საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

1943

ილიასადმი

საგურამოში ხე არის ერთი,
ხე – რხეული და რტოებხნიერი,
აქ ისვენებდა მუზების ღმერთი
და შუბლმაღალი ოლიმპიელი.

მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,
აქ იჯდა იგი, ამ კაკლისხესთან,
მხრებგანიერი, ვით საუკუნე.

როგორც ქართველი პოეტის შუბლი,
იმზირებოდა რტოებში მთვარე,
ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის
და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.

შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:
- ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის?! -
მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.

უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი.

დაიხრებოდა, კაკლის ტოტებიც
ჩუმი შრიალით დაიხრებოდნენ.
წამოდგებოდა, თავგამოდებით
კაკლის ტოტებიც აიშლებოდნენ.

აქ უწერია ოქროსხელიანს
თავის მამულის სასახელოდა,
კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,
რასაც პოეტის ყელი მღეროდა.

მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი,
უკან დასტოვა შავი ღრუბლები,
მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი
და კაკლის რტოებს ვესაუბრები.

მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად,
მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით,
თუ რაოდენჯერ აცრემლებულა
სამშობლოს ბედით გულდათუთქული.

მეტყვიან, ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის,
როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი,
როგორ გააპეს ბერდანას ტყვიით
ოლიმპიელის მაღალი შუბლი.

მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვით
რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას,
რომ იგი ქართლის მტრების მოკლული,
დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.

დილისკენ თეთრი ნისლი იშლება,
სამოგზაუროდ მიდის მთაბარად,
და იფანტება ველზე გიშრებად
ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად.
მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა
და პოეზიის ცეცხლში გამბანა.

აიშლებიან კაკლის რტოები,
მზის და ცვარ-ნამის ნიშნიანები.
მამაპაპეულ სევდას სტოვებენ
და ვაჟკაცურად მიშრიალებენ.

ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური
ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა,
ვინ იფიქრებდა რომ წიწამური
შეიქნებოდა მისი გოლგოთა!

შრიალებს რტო და მიწიდნ მესმის
მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა,
ასწიე თასი, და უცებ შესვი,
თუ ეს სიმღერა გულს სწვავს და გთუთქავს.

მისი სიმღერა თერგივით რბოდა,
და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს – გმირი:
წარსულმა დადგა მისი გოლგოთა,
აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი.

1936

შევჩენკოს სამშობლოში

როცა ველებზე დაბრძანდება წითლად დაისი
მიდის ქალწული მის საფლავთან ნატვრის თვალებით,
მღერის ნარნარად სიმღერების გაბრწყინვალების...
ირგვლივ ფერადი ყვავილებით ცეკვავს მაისი.

ულამაზესი, უნაზესი ხმები გაისმის,
დიდი პოეტის უკვდავებას უმღერს ყოველი,
დუდუნებს დნეპრი – ბობოქარი, დაუდგრომელი,
იმედიანი და ცოცხალი, როგორც გაისი.

ამოდის მთვარე პატარძალის ტურფა Mშვენების,
მღერის ქალწული, განაბული, ხმაგარინდებით,
და სცვივა ციდან ვარსკვლავების მარგალიტები.

ქალწულთან ერთად იმღერიან ვრცელი ველები
რომ მარადია დიდებული მგოსნის სახელი –
მშვენიერების უკვდავების გამომსახველი.

1938

სიზმარი

ბალადა ვანო სარაჯიშვილზე

სპარსეთში ერთი მომღერალი იყო,
ისე ტკბილად მღეროდა, თუმცა წელამდე
წყალში იდგა, მაინც დაიწვა
ლეგენდა

ვნახე სიზმარი ჯერ არგანცდილი,
გამიტყდა ძილი და მოსვენება,
გამომეცხადა, ვით ავთანდილი,
სარაჯიშვილის ტურფა მშვენება.

ვნახე ელვარე მტკვარის ნაპირი
განათებული ღამისმთევლებით,
ვითომ თბილისში იდგა აპრილი
გადაპენტილი თეთრი ტყემლებით.

ვითომ რიჟრაჟზე ვარდს უმღეროდა
ვარდის მიჯნური ქართულ ლექსებით
და ლივლივებდნენ ტალღის ჩქეროდან
ფერად-ფერადი ოქროს თევზები.

ანკარა მტკვარში მღეროდნენ ქვებიც,
რადგან მღეროდა ვარდის მიჯნური,
ქვეყნად დაჰქროდა შაირის ფრთებით
სარაჯიშვილის დამწვარი გული.

სმენად მიჰქროდნენ ლაღი ფრთოსანნი
ელვა ანთებდა ღამეს ბინდიანს,
ეგებებოდა ვარდის მგოსანი,
პირმშვენიერი, ბრძენი მინდია.

ცას აწითლებდა ჰანგები ტკბილი,
თავდავიწყების საზღვარს მისული,
ტარიელივით ველად გაჭრილი
და ფრიდონივით ძმადშეფიცული.

ის გაფრენილი, როგორც ზღაპარი,
აღელვებული, როგორც ოცნება,
მტკვარზე ამდგარი ცეცხლის ლამპარი
და ქართველური პატიოსნება.

უმრერდა თბილისს – ხმებით სუმბულით,
თბილისსს, დახატულს ნაირფერებით,
და ჭიკჭიკებდა როგორც ბულბული
სიმღერას ქართლის ბედნიერების.

და ისე ტკბილად მღეროდა ვანო –
მე საქართველოს ბულბული ვარო,
რომ თუმცა გულზე ასხამდა წყალი,
მაინც დაიწვა სიმღერის ცეცხლით,
სიმღერის ნათლით განათდა მტკვარი
და დაეფრქვია ყვავილებს ვერცხლი.

ადგა მტკვარიდან მეტი სინათლე –
მზის ელვარების ვეება ჩქერი,
როგორც ცხოვრების დიდი სიმართლე,
ამღერებული ბულბულის ყელით.

1938

0

8

ნიკოლოზ ბარათაშვილს

შენი ბადალი იშვიათად დაიბადება,
შენ შთამაგონე პოეზია – ლექსის უნარი,
დავალ, დამყვება გაბადრული შენი ხატება,
ეს – საქართველოს ლაჟვარდივით გაუხუნარი.

შენი სტრიქონი, სააკაძის ხმალივით ბასრი,
წელთა ქროლაში არასოდეს დაიჟანგება,
საუკუნეებს გააღვიძებს მარადი აზრი,
გადაქცეული პოეზიის უკვდავ ჰანგებად.

რამ დამავიწყოს ზეციური ჩანგის ჟღერანი,
ასე მძლავრად რომ შეარხია გული ქართველის,
რამ დამავიწყოს დიდებული შენი „მერანი“,
ქართული ლექსის უკვდავების გამომხატველი.

გადმოგიყვანეთ დიდუბიდან გადმოგასვენეთ,
მთაწმინდის მიწას მივაბარეთ ნეშტი მარადი.
თავზე გევლებით, სიხარულის ცრემლი გასველებს,
ბარათაშვილო, საყვარელო კუბოს კარამდის.

ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი,
შემოდგომური, ქარვისფერი სცვივა ფურცლები
და სდგას ქართული პოეზიის წმინდა პარნასი, -
შენი მთაწმინდა – სამყოფელი ქართულ მუზების.

ბევრი ავიდა ამ მწვერვალზე, ბევრის დაღალა
გზების სიძნელემ, შეეშინდა ლექსის გატანის,
მაგრამ შენებრი არ სწვევია მიწას ჭაღარას,
ბებერ მთაწმინდას არ უნახავს შენი ბადალი.

1939

გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს
დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა,
შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა,
და, რომ არ გითხრა, ივარგებს განა?!

ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი,
ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი,
ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი, -
შემოდგომისას ძირს დაცვენილი.

რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს,
ერთს გეტყვი მარტო შეგირდი შენი:
ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ,
რომ სიცოცხლე და ლექსები გშვენის!

1940

ვერიკო ანჯაფარიძეს

სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ – მარაბდა!

მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,
ირხევა შენი ლამაზი ტანი.

ირხევა შენი ლამაზი ტანი
და განა ძალმიძს არ გითვალთვალო,
საქართველოს მზით სახედამწვარო,
ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა
და სანატრელი ისევ შენა ხარ:
მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე
შენი ქართული ქალი მენახა.

მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში
მენახა შენი ქართველი დედი,
დამიბრმავებდა, ვერიკო, მაშინ
შენი მიმქრალი შარავანდედი!

როცა გიყურებ შავ სამოსელში,
ვხედავ – ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.
მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი
და შენი სიტყვის დაძაბუნება!

სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი
და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ – მარაბდა!

1940

ივანე ჯავახიშვილისადმი

როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.

როგორც მლოცველი, მზედალეულ ლანდთა მხილველი,
ძველს ქართულს სიტყვას მოუხმობდი, აბატონებდი,
და ნათლდებოდნენ შენს თვალებში გასაკვირვებლად
ქართლის ცხოვრების ფერწასული კაბადონები.

ფოთლისა გვარად ცახცახებდა ფურცელი ძველი,
რომ გაცოცხლება შენს ბაგეთა შიგან ეღირსა:
ხან პატივაყრილ ქრისტეანთა ცრემლები მწველი
და ხან ჭიხვინი გამხეცებულ თემურლენგისა.

ვით ჯადოკაცი, უხსოვარი დროის უბეში
შეიჭრებოდი, რომ იქიდან გამოგეტანა
პერგამენტივით დახვეული ფიქრის ღრუბელი
და შემდეგ მაინც „კი მაგრამა“ გეთქვა ნეტარად.

დახავსებული პალატები ერთხმად ამღერდნენ,
ოდეს უტყვ სულში ჩასწვდათ შენი ხმა უვნებელი,
ნათელო კაცო, სიკვდილის ფრთა ვერ დაგაბნელებს,
შენ საქართველოს ისტორიის ხარ რჯულმდებელი!

ნათელო კაცო, თუმც განხვედი და განისვენე,
შენი ჭაღარა ძველებურად ისევ კაშკაშებს,
ისევ კაშკაშებს და წიგნისკენ უხმობს ისევე
შავულვაშიან და შავგვრემან ქართველ ვაჟკაცებს.

როცა წარსულის სიღრმისაკენ ეტრატით ხელში
შებრუნდებოდი და შუქს ჰფენდი, როგორც მთოვარე,
მაგონდებოდა მე მშვენება ვახტანგ მეექვსის,
სამეფო კვერთხით სამეუფო ტახტზე მჯდომარე.

1941

მანა ორბელიანის სურათზე

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემო პატარა ცირა.

შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, ადრე დამჭკნარო ვარდო!

მინდა რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს სანამ ხედავდეს – მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.

პირმოქარგულო ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში...
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი!

შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს...

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან ეტყვიან იავნანას.

1941

ძველი დღისათვის

ქ. ხ-ს

ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.

და, აი, გუშინ, როცა კარადის
თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით,
უეცრად ვნახე თქვენი ბარათი,
თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი.

- გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, -
ჩამჩურჩულებდა ნაზარ წერილი
და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა
აწ გარდასული და გაფრენილი.

ო... არ იფიქროთ, რომ ლამაზების
მწვავს სიყვარული ან სიძულვილი:
მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების
და გახსენების მქონდა სურვილი.

1937

ნუ მათქმევინებ

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანც უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი,
გეტყვი – აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
ნუ მათქმევინებ, - ამ გაზაფხულზე:
ნეტავი მიწა მეყაროს გულზე,
ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი),
ვიმღერებ მუდამ მე შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.
დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე, წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

1938

ლხინი კახელებთან

მე ჩემი სახლი გამხსენებია
გამხსენებია ყველა კეთილი...
თქვენთან ნადიმში დამთენებია,
არ დავრჩენივლარ გულდაწყვეტილი.

მე განმიცდია მთის იდილია
და საარაკო ლხინი მზიური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,
უფრო ნაცნობი და მშობლიური.

ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,
არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,
უფრო სოფლური და ვაჟკაცური.

1938

წარწერა სურათზე

აი, სურათი იმდროინდელი,
როცა ვეტრფოდი მე ჩემს ზემფირას,
როცა ფიქრებით გარემოცული
ვხეტიალობდი შავი ზღვის პირას.
როცა ვტიროდი გულდათუთქული
და ცხელ ცრემლებში ვპოვე გართობა,
რადგან უმიზნოდ და უნაყოფოდ
მიქროდა ჩემი ახალგაზრდობა.

როცა ვნატრობდი უბრალო ხალათს,
დედის ძვირფასი ხელით შეკერილს,
როცა ვიყავი მოუსვენარი
და უმეგობრო კუხელბეკერი!
აი, სურათი, დე, შენთან იყოს
და მაშინ უკეთ გემახსოვრება –
ზანტად განვლილი დღეების შემდეგ
ერთი მართალი კაცის ცხოვრება!

1939

ალბომიდან

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟცარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,
ამ შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას,
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღის სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!

1939

სპარსელ ასულს

საღამოს, როცა შუქთა შურდულით
ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლეთი,
შენ შემეფეთე და ჩამჩურჩულე:
აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი.

საიდან გაჩნდი, საიდან მოდი,
შენი ამბავი გავიგო მინდა.
მე პოეტი ვარ და ქუჩის ლოთი,
შე კი მაისის ვარდივით წმინდა.

რა გინდა ჩემთან, პირველყოფილი
სუნთქვა გათრთოლებს უცხო კაცისა,
თუ სისხლი გხიბლავს კეთილშობილი
რუსთაველის და სააკაძისა?

მე თბილისიდან გაქცევა მსურდა,
შენ კი თბილისში ჩამოხველ, ქალო,
ვინ მოგასწავლა ანთებულ გულთან,
ფერეიდნულო ალმასის თვალო?

საით იყავი, ან ვინ გიყვარდა?
მითხარი რამე, მიამბე რამე!
მერე წავიდეთ, ჩამოვჯდეთ მტკვართან
და გავათეთროთ თბილისის ღამე.

მე – შთაგონებით მთვრალი და ხელი,
გეტყვი, რა იყო ჩვენი წარსული,
შენ მოიღერე ჯეირნის ყელი
და გამაგონე შენი სპარსული.

ლამაზო ხანუმ, სპარსეთის მოხველმ
გულის მურაზი გეპოვა გსურდა,
შენ კი წააწყდი ვიღაცა ოხერს
და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა.

ახლა ერთია ჩემი სურვილი:
თან წამიყვანე მგზავრი გვიანი,
გახელებული ტრფობის წყურვილით
შენზე ოცნებით კაეშნიანი.

ვნახოთ ირანი და თეირანი,
ფერეიდანი, ძველი თავრიზი,
იქ მიმიყვანე მუდამ მტირალი
შენი მიჯნური უცხო დავრიში.

და, როცა, მოვკვდე, სიკვდილი იცან,
უკანასკნელად კვლავ გამახარე...
მოსძებნე ჩემი სამშAობლო მიწა
და დამწვარ გულზე გადამაყარე.

დადგება მაშინ მთვარის საათი,
წუთით ვარსკვლავნიც დაიძინებენ,
ჩვენი რუსთველი, თქვენი საადი
ჩემს სამარესთან იშაირებენ.

მე წამოვდგები, კვლავ აენთება
ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,
მე ხელებს გავშლი და შეერთდება
დასავლეთი და აღმოსავლეთი...

1938

0

9

იმ სილამაზის წარსულს

მ. მ-ს

ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი... სევდა –
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს.

1939

ოთხი უსათაურო

* *
რად გაიფურჩქნე, წინანდლის ვარდო,
რად ააკვნესე ლერწამის ღერი!
დარდი ვარ მარტო, დავდივარ მარტო
და ეთიმ გურჯის ბაიათს ვმღერი:
- წყალში ვდგევარ, ცეცხლი მიკიდია!

* *
გთხოვთ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.

რომ შთაგონებით უსაზღვროდ ხელი
ვმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით.
თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი
და გიყურებდეთ მთელი თბილისი.

* *
მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

როგორ სწრაფად წამიხველი,
სიტყვაც კი ვერ გითხარ...
შენს უნაზეს ძახილს ველი,
ჩემო კარგო, დიდხანს!

ვუმზერ მეტეხს, ნარიყალას,
შენ კი ვეღარ გხედავ,
გაიღვიძე, ჩემო ყველავ,
ჩემო სულის ერთავ!

ძველებურად, ჩვენებურად
ჩავუაროთ ისანს,
კაცი ვარ და ქუდი მხურავს
ქართველს შეუშიშარს.

მიმატოვე და მალულად
ახლა ვეღარ გხვდები,
ნაფიქრალით დაფარულან
საქართველოს მთები.

* *
- ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.

- ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.

- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, -
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ როგორც ნიკალას
და თბილ სამარეს დააბიჭებენ.

1939

ანდერძი

იყავი მუდამ ასე წარმტაცი
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები.

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი,
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი.

* * *

გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება;
ვაგლახ, ხელახლა ბაგის ჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

როცა გიხილე, მამა-პაპათა
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას კაბა „ხაბარდა“,
უნდა დაჰქროდე რუსთაველზედა.

ეს ყაისნაღი, ან ეს ხავერდი
ვინ გაგიჩინა, ვინ მოგაბარა?
თავადის ქალო, იქნებ დაბერდი,
სიბერის შუქი შემოგეპარა?!

შემოგეპარა და ბნელ დალალში
გაიშრიალა თეთრი ზოლებით: -
ყველა წავიდა, ერთი შენ დარჩი,
მიწაში წვანან შენი ტოლები!

როცა გიხილე, ციხე-კოშკების
განმეორება გულს ჩამეწვეთა,
შენ უნდა გეცვას ოქროს ქოშები,
დაგოგმანობდე რუსთაველზედა.

მაშინ ჩემგვარი ენამწარენიც
ვერ გაჰკილავდნენ ძველ სილამაზეს,
როცა ჩამქრალი კელაპტარივით
შემომხვდებოდი ვერის დაღმართზე.

გიმზერ და მჯერა, რომ ქართველობა
არასოდეს არ გადაშენდება,
ვაგლახ, ხელახლა ბაგის ჩვილობა,
ქალიშვილობა რა დაგშვენდება!

1940

ანიკო ვაჩნაძეს

მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდა ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველტაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს გამოვექეცი,
ვერ იტყვი, ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს გამოვექეცი!

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ, ან საით წავალ, -
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

1940

კაფე რიონის პირად

ნ. აგიაშვილს და გრ. იმედაძეს

იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
ისმის რიონის შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით.
იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
შეუერთდება რიონის რონინს
და ლაჟვარდებში გაინავარდებს.
ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი.
ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი,
- სად არის შენი ნანატრი ტოლი?
- სადა გყავს დედა, ან საყვარელი?
- რა იქნა დიდი მომავლის ბაVშვი,
ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!
ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში
ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.
და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების
გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,
ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები
შავით მოსილნი და შაოსანნი.
ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი,
დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
დღემდე მიტაცებს შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით...

1940

გზაში

სიხარულს გთხოვ, - მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება.

ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ცით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.

ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქლმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.

ცოტა კიდევ – და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.

სიხარულს გთხოვ, - მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

1940

წარწერა წიგნზე

ნ. აგიაშვილს

შენ წინათ ცაში დაჰქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი,
არარაობად ჩასთვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
„ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე“.
შენ წინათ ცაში დაჰქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი,
ახლა კი მიკვირს, იმგვარი
აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
ცხოვრების ორომტრიალში
უპირველესი ყოვლისა –
შენ ხმა დაჰკარგე წინაპრის,
მამაცი მეციხოვნისა!
მე გავაცოცხლე ხმა იგი
და მინდა ყურში ჩაგძახო:
„ადექ, მგლის მუხლი მაიბი,
რამ წაგახდინა ყაზახო!“
შენი პირველი ოცნების
და პირველ სიტყვის დამჯერემ
სამშობლოსადმი ლოცვები
ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
ტავად დავუდექ თამადად
გარდასულ ხმათა ღრეობას,
წაიკითხე და პაპათა
დაგიბრუნდება მხნეობა!

1941

0

10

ბაბუაჩემი

ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა სულ ღვინოს სვამდა,
იდგა ბუხართან ხელადა სველი
და უღვიძებდა ბაბუას მადას.
ენამზიანი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.
არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცური შვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში ღამის გათევა –
მოგონებები ძველთაგან-ძველი.
უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილიც
ამღერებული არწივის ხმაზე.

1938

სოფლისაკენ

ისევ მომინდა ჩემი სოფელი
ხალხურ ლექსებით და საკრავებით,
ეზოში – მწვანე და უშობელი
და მოკუნტრუშე თეთრი კრავები.
ისევ მომინდა ჩემი გალია,
ჩემი ველები და ვენახები,
აღარ მინახავს დიდი ხანია,
გამრდელის თვალებს დავენახევი.
ისევ ვიბრუნე სოფლისკენ პირი,
დიდი ყოფილა ძალა ბუნების,
ცოტა ხანს დავყოფ და მერე თბილისს
ვეწვევი ნედლი სალამურებით.

1939

ლეჩხუმური შემოდგომის სურათები

რტოს მოაშორებს სიმწიფის ბედი,
დაგორდება და ვაზებს ჩაუვლის, -
ბალღებში ყველას გაუსწრებს ერთი,
რომ ხელში იგდოს თურაშაული.
ხორბლის სურნელი ასდით კალოებს,
მზეც ძველებურად არ იკბინება
და უელვარებთ სავსე ტაროებს
ნამით ნაფერი ოქროს კბილები.
მთა მთას გასქერის, მთა მთას გასძახის
სადღაც საყანედ ახოებს ჭრიან
და გაბმულ ყეფას აგებებს ძაღლი
ორღობეებში ურმების ჭრიალს.
ბარაქის თვალი დაიარს სოფლებს,
აღუღუნდება გიტარის სიმი...
დაიხმარებენ ნაცნობ მეზობლებს
და მთელი ღამე არჩევენ სიმინდს.
მოაქვს ცხენისწყალს გლეხკაცის სახლთან
ნარიყალა და მორები ფიჭვის,
ზამთრით ბუხარში გააჩენს ხანძარს,
ოცნებასავით ნელ-ნელა იწვის.
ესმით ვენახში ანთებულ ატმებს
უზარმაზარი საწნახლის ქშენა,
ააქაქანებს სახლის წინ ქათმებს
და ხვამლის მთისკენ მიფრინავს ძერა.

1939

წისქვილი

გათეთრებულა პატარა სხვენი,
ობობა ქსელებს აბამს და ლამბავს,
და სარეკელას მადლიან ენით
წისქვილი ყველა მოსავლის ამბავს.

1939

ბარდნალა

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები...
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდექს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული – პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი,
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს ცაგერის ჭალაზე?
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედინო?!
რად არ ჭიხვინებს ვეება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღეებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

1940

ცაგერის ბაზრობა

ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს!
ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით.
ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდე
გამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები.

სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა,
მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი,
- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა,
ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, -

გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით
და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი:
- იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები!
აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი.

შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების,
ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური,
ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარები
აბილაურით, ყინულით და თურაშაულით.

- პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად,
თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? –
იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარს
წვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო.

ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდები
თავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე,
ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები,
უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს.

- ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი!
- სიმინდიანი, ცერცვიან, თეთრი ბურები!
- იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?!
- აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები!

აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებით
მყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები,
წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარები
და საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ.

აგერ, დედაკაცს აუცსია წიფხა ხორბალით
და ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება,
აგერ ვირაცამ გამოაძრო ურემს ხორბალი
და სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად.

აგერ, სწონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილს
ყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები,
კოლმეურნენი – ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი –
იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით.

- ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! -
კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით,
სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა
და სვანურ ბგერებს ღუღუნებენ როგორც გვრიტები.

ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი,
თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით,
და მურის ციხე გადმოსცქერის ვით ზარბაზანი, -
როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები.

დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდული
ამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს,
დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური,
ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს.

1940

ნამკაშაურის წისქვილები

მე მიყვარს თქვენი ხის სასთუმალი,
თქვენი ბორბლების მძლავრი გრიალი,
თქვენი ჭალების ხშირი სტუმარი –
ლურჯა აფხაზურუნაგრიანი;

თქვენი ქაჯები და ალქაჯები
ია-იების თვალთა ბრიალით,
მთვარიანში რომ დაალაჯებენ
ბროწეულისფერ თავსაფრიანნი;

თქვენი სიზმრები, თქვენი ზღაპრები,
ღარის წყალივით გადაგდებული,
და საკალმახე ფიჭვის ლამპრები,
სიყვარულივით განათებული!

თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი
შთაგონებების რომ ხართ სადგური,
თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში
ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული,

ვერ დამაოკებს დიდი მანძილი,
ლექსო, სადავე მომეც ქარების!
თქვენს გაურანდავ ტახტზე გაზრდილი,
თქვენს სანახავად მოვეჩქარები!

მკლავს ნამკაშური – მინდვრის იმედი,
ფოთლების ნამით ადიდებული
და ცეცხლაპირას ნედლი სიმინდი,
გლეხის ბიჭივით ატირებული;

მკლავს თქვენს გამჭვარტლულ ჭერქვეშ შეკრებილ
სახლიკაცობის გრგვინვა-ბუხუნი,
რომ გადმოლახავს შიშველ ფეხებით
ყანა ცვრიანი და გამუხლული.

მკლავს შევარდენი, ფრენით მოღლილი,
მზის ბრწყინვალებით დაფეთებული
და მეწისქვილე წელში მოხრილი,
სულ ერთიანად გათეთრებული.

მკლავს, მაგრამ დღემდე ვერ მოუკლივარ,
სიყვარული მჭირს განუკურნელი,
მკლავს ჩემი ტკბილი ლეჩხუმის ჰავა, -
ახლადდაფქვილი ხორბლის სურნელი,

თქვენ, წისქვილებო, უნეტარესი
შთაგონებების რომ ხართ სადგური,
თქვენ, გუმარეშის მწვანე ჭალებში
ოცნებებივით რომ ხართ ჩადგმული,

1941

პაპიჩემის ლექსებიდან

პაპა სიკვდილამდე ლექსებს წერდა,
ახალგაზრდობას ეტრფოდა.

მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,
მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,
როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით
აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.

შეველ, პირჯვარი გადავისახე,
ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:

- „ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,
კარგად მიმყოფე ყველა ჩემები!“ -
და ღვთისმშობელის შემოხედვამა
დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.

მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,
როცა ცხოვრების მადგას უღელი.
მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,
გაუფურჩქნელი და გაურყვნელი.

1941

სიზმრადნახული

ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,
მიმზერდა იის ცისფერი თვალი,
მღეროდა ვიღაც და სამაიას
ცეკვავდა სამი უცნობი ქალი.

გადავიარე სინათლის ზღვარი
და უცნაური ვნახე ხატება –
ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი
გასაოცარი გამოცხადება.

სულიერივით დარბოდნენ ხენი,
ფრინველებს ლხენით ვესროდი ისარს,
მოჰყავდათ ჩემსკენ ფასკუნჯებს ფრენით
პირმშვენიერი მნათობი დღისა.

ისე ბრწყინავდა ვერცხლის ხეხილი,
გაოცდებოდით ფერთამხილველი, -
ოქროს მთა-ბარი და მთაგრეხილი,
გამოცხადება გასაკვირველი!

ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით,
და გალიებში სამოთხის ჩიტებს
ვუმზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები
და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.

და მერე, როცა მეტოქემ მთვარის
გადამაფარა სინათლის კალთა, -
უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი,
განათებული ოცნების კართან.

1938

0

11

უცნობი პოეტის რველიდან

შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები,
მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე,
ადრე წასული კაცის ფიქრები.
მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით
ერთ დროს ამქვეყნად კაცი ვიყავი,
მეც მყავდა შვილი და ნათესავი,
კაცი ვიყავი გაურიყავი.
მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში
და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ...
ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ...
მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება, -
კადნიერება არწივებური.
და მეც შენსავით მქონდა გონება
კახური ღვინით გაბრწყინებული.
მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი,
სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა.
ეჰ... მეც მიყვარდა და ფერმიხდილი,
მეც დავდიოდი რუსთაველზედა.
მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი,
ეს მზე, მეც შენებრ, მახვევდა თავბრუს;
და, ეჰ... მეც შენებრ ვემონებოდი
თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს.
მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში,
მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი,
მეც მეოცნებე თვალები მქონდა
და გვაყურებდი დილით ცის კარებს,
სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა,
მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს,
თბილისის ქალებს – დილის ცისკარებს,
ნაირ-ნაირი ძოწეულებით,
სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ,
ვით თეირანის ბროწეულები.
ახლა ხომ მხედავ? ვინა ვარ, რა ვარ –
უკანასკნელი, პირვანდელს ვგავარ.
მზეს და სინათლეს გამოვექეცი,
მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი.
ვიშვი, ვიცხოვრე – ვითამაშე რა...
„მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა“.
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ,
ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ,
რად გეძახიან ჩემი ფიქრები –
რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!

1941

* * *

აბასთუმანში პატარა გალია,
სახლია მთის ძირში მიდგმული,
ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,
დიდბუნოვანი და დიდგული.
მე, როცა თამარის ციხიდან მოვდივარ
და ირგვლივ ღამეა უკუნი,
როდესაც დაღლილი სხეული ღონდება
და ისმის ხეობის გუგუნი,
როდესაც ეცემა ბილიკზე მეათედ
უბელო ღრუბელი საზარი
და დაღლილ-დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევს
მდინარე ლოდების ზანზარით, -
პატარა სახლიდან შარაგზის პირამდე
უეცრად იფეთქებს ნაძვნარი;
ეს იგი გამოჩნდა და ბილიკს მინათებს
მისი ნაწნავების ხანძარი.
აბასთუმანში პატარა გალია
სახლია მთის ძირში მიდგმული,
ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია,
დიდბუნოვანი და დიდგული...

1941

წარწერა ერთი სამარის ქვისა

რევაზ მარგიანს

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,
ლაჟვარდებიდან რომ იყურები,
ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს,
ამაზრზენი და განუკურნელი, -

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს
და მოიხადო, როგორც სახადი,
ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,
ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:

თუ მეცნიერის გონების ღონემ
უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, -
მაშინ მომნახე და მომიგონე
სამარადისოდ მიწადქცეული!

1941

* * *

როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
და ჩემს წინააღმდეგ აღდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ მოერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ, ნურვინ ნუ მოგიხსენოს.

1941

აბასთუმანი

აბასთუმანი – ხაბაზთუბანი...
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმიანი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე...
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი,
მოხეტიალე ცხოვრების შემდეგ...
სანთლით შუაღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი...
წევხარ, ოცნებობ და გენატრება,
ოდაში რომ სდგას, ის ხის საწოლი,
განა ოდესმე დამავიწყდება
აბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი – ხაბაზთუბანი...
მზე ფანჯრებიდან მოიპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.

1941

* * *

ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელ მოსასხამში,
ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს,
უკანასკნელად დამწავინეთ ჩემს ოდა სახლში,
უკანასკნელად, ვიდრე თვალნი დამევსებოდნენ.

უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზე
დამიგეთ მაგრად, დამახურეთ შავი ნაბადი.
უკანასკნელად, უდრტვინველად მიმყოფეთ ასე,
ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინაბავდეს.

1941

სარწყული

თავაწეული, ზვიადი, განა ჩია და საწყლური?
თვალნათლივ მახსოვს შენს სახლში ერთი ცისფერი სარწყული.
გარშემო ლაჟვარდისფერი სინათლის მიმომფინველი,
იჯდა პატარა სუფრაზე ისე, ვით ლურჯი ფრინველი.
ისე, ვით ლურჯი ფრინველი, ვეება თეთრი ნისკარტით...
ჩვენ სადილს შევექცეოდით, უკვდავების წყალს ვისხამდით,
გვესმოდა შხეფთა შხუილი, ზღაპრულ წყაროთა დგაფუნი
და გვახარებდა სილურჯით სარწყული მამაპაპური.
სარწყული მამაპაპური, ამპარტავანი, ყურჭრელი, -
აბა, როგორ არ მიყვარდეს სიცოცხლით სავსე ჭურჭელი!
მან გამინათა ბილიკი ლაჟვარდებისკენ სავალი...
აბა, როგორ არ მიყვარდეს ჩემი თავგადასავალი?!
მისმა უზომო სილურჯემ გამიღო ზეცის კარები
და ქვეყანაზე სიცოცხლე მომიზღო ლექსის პწკარებით.
და ახლა, როცა უმწეო ვდგავარ უფსკრულის ნაპირთან.
როცა ცხოვრებამ გამთელა და სიმჭლის სენმა დამფლითა,
როცა ცხელების ალმურში გაგიჟებამდე მაბოდებს,
რასაც ტივებზე მღეროდნენ, რასაც წისქვილში ამბობდნენ, -
კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო,
ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო!

1941

* * *

ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად
დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,
ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა
და აწეული ჰქონდა საყელო.
ერთი შეხედვით – უზომოდ მკაცრი –
ახლოს არავის არ იკარებდა
და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,
ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან,
ნეტავ, იმ ასულს, ასულს საროსტანს –
ვისაც ის თავის გულს გაუღებდა...
არვინ იცოდა, რა უხაროდა,
ან ასე ძლიერ რა აწუხებდა.
ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან
მისი თვალების გაცისკროვნებას...
უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა
ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება.
ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით
ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი...
ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით
კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!

1942

სასაფლაო

მანანას

ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული:
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს საფლავებში როგორ მიჰქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ სდუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,
გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები,
მე მინახავს ვით სიცოცხლეს, მე – სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსოვნე, ჩემო ქალო, პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემ საფლავთან, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
სთქვი, რომ მოკვდა სიყვარულით – შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ სდუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!

1942

კოლხიდა

პოემა

მზეო, მომეცი მე სიხალისე,
სინათლე, რაც შენ მოგეპოება,
და კოლხიდაში არ წავალ ისე
კოლხიდის ბედზე დავწერ პოემას.

ნეტავი იმას, ვინც ღია გულით
კაცსა კაცური უთხრა სიმღერა;
ნეტავი იმას, ვისი ჩონგურის
დღესაც გაისმის სიმღერის ჟღერა!
ნეტავი იმას, ვინც მრავალ ბჭობით
გაიგო კაცის სიცოცხლის ფეთქვა,
მაგრამ ვაი, მას ვინც უნიჭობით
ერთი მაგარი სიმღერაც ვერ თქვა.
ვაი მას, ვინაც ისე სუსტია,
რომ ნაადრევი თოვლივით ქრება;
ვისაც ერთხელაც არ განუცდია
დიდი ღელვა და აბობოქრება!
ნეტავი იმას, ვინაც მოშაქრა
ლექსის ჯიქანი და ხალხს აწოვა,
მაგრამ ვაი მას, ვინც ისე გაქრა,
რომ მიცრე კვალიც კი ვერ დატოვა!
ნეტავი იმას, ვისაც ჰქონია
კაცის შუბლი და მგოსნის სინდისი,
ვისაც მფარველად მუზა ჰყოლია, -
უკვდავი იყოს სახელი მისი!
ვინაც ყველაფერს ჩანგი არჩია,
არ შეუქია ყველა მგზავრები,
და რომლის კვალიც მიწაც აჩნია,
ვით ნაფეხური დინოზავრების.
ადამიანი, ბრძენი და გმირი,
მარად ანთებდა მგოსნებს – პოეტებს.
ადამიანზე წერდა შექსპირი,
ადამიანზე წერდა გოეთე.
ადამიანი – ეს მზის ამოსვლის
ჟამს სიამაყით სავსე ჟღერაა,
ადამიანი – მილიონ მგოსნის
მილიონი ხმა და სიმღერაა!
მზეო, მომეცი იმედიანი
სინათლე, ეშხი, ხმის სიტკბოება,
აჰა, იწყება კოლხიდიანი,
გმირობისა და ბრძოლის პოემა.

* *
იყო წყვდიადი, კაცის სისხლს სვამდნენ,
ქვეყანას შავი ნისლი ჰბურავდა,
ადამიანებს კლავდნენ და სწვავდნენ,
დედამიწა კი, მაინც ბრუნავდა,
მიწასაც აჩნდა ტირანის დაღი
და მიწაც წუხდა კაცის იარით,
რადგან კაცის შვილს, ჰქვიოდა ძაღლი,
და ძაღლს ჰქვიოდა – ადამიანი.
რამდენი შხამი, შხამი მჩაგვრელის
შეუსვამთ ბედშავ კოლხიდის მონებს,
რამდენი მთა და ხრიოკი ველი
მოურწყავს მათი ცრემლების მორევს, -
იმდენი ქვა და გველის სამსალა
მათ დამჩაგვრელებს და მათ ბატონებს!
და, როცა კაცი კაცის სისხლს სვამდა.
ადამიანი სინათლით ეძებს...
მიაგნეს, ნახეს – ბრჭყალებში ჰყავდათ
დამონებული მწევარ-მეძებრებს.

0

12

* *
ამ სტრიქონების დამწერს უნახავს
მოხუცი ერთი – სახენათელი,
რომელსაც ბევრჯერ გადაულახავს
ჭაობიანი კოლხიდის ველი.
უნახავს იგი სახენათელი –
სატევარით და შავი ჩოხითა,
ამ მოხუცს უთქვამს ამბავი ძველი,
თუ როგორ გაჩნდა ქვეყნად კოლხიდა:
„იყო წყვდიადი, იყო სიბნელე...
უძლური იყო კარაბადინი,
ნისლი ებურა კოლხიდის ველებს
და ლაქაშებში რბოდა ნადირი,
და ლაქაშებში სრესდა ფრინველებს
ტახი მთებიდან გადმოვარდნილი.
იყო წუხილი და გულსაკლავად
ყრმათა აკვნები ფშანში ეყარა
და, როგორც ყანა გაუმარგლავი,
წუხდა ხალხი და წუხდა ქვეყანა.
მონის უღელში გმინავდა ხალხი,
ხალხის ნაშრომი მიჰქონდა გველებს,
თალხი ებურა ქვაყანას, თალხი...
თალხი ებურა კოლხიდის ველებს.
- მიწას არ ძალუძს ჩვენი დარჩენა!
- მიწა ბერწია და ცოდვით მკვდარი!
წყევლიდა თავის დღეს და გაჩენას
კოლხიდის მკვიდრი და ბინადარი.
სტიროდა ხალხი და ხალხის ცრემლით
იბერებოდა კოლხიდის მიწა,
ცრემლმა გაახმლო უვალი ტევრი
და ხალხის ცრემლი ჭაობად იქცა.
ცრემლმა დახეთქა კოლხიდის მიწა
და დაიარა ცრელმა ტევრები,
ცრემლმა ქვეყანას ნაყოფი მისცა
და ცრემლი ჩადგა ყურძნის მტევნებში.
ცრემლმა ადიდა ცოდვა და მადლი,
მერეხად იქცა ცრემლი – კურცხალი,
მან გააყვითლა მნათობი ბადრ
და აადიდა პონტოს ზღვის წყალი.
პონტოს ზღვის ღელვას სხვა გმირი მოჰყვა,
დაატრიალა გველებში დაშნა,
შეწყდა მშრომელთა ცრემლი და ოხვრა,
მერე კოლხეთის ჭაობი დაშრა,
რადგან ზღვახალხის ცრემლები დაშრა
და ხალხმაც შესძლო მკლავების გაშლა“.

ასე მიამბო მოხუცმა ძველმა
მოგონებები მწარე ოხვრითა,
რომ ხალხის თვალით ნადენმა ცრემლმა
შექმნა ჭაობი – ძველი კოლხიდა.

* *
ნამდვილი ღამე, - კოლხიდის ღამეს,
ჭაობში ფაცხა, ლელი და ძეწნა,
- ღმერთო, გვიშველე, მოგვხედე წამით,
ღმერთო, გაიგე მოკვდავთა ხვეწნა!
ღმერთო, ისმინე ვედრება ჩვენი,
გადაივიწყე ცოდვები ძველი!
ისმინე ჩვენი ძაღლური ყოფის
ამბავი, ზეცის ძლიერო თვალო!
ევედრებოდა ღმერთს ავადმყოფი,
დასიებული და მოყვითალო.
ჩემი პოემის ლომკაცი გმირი
ეთხოვებოდა მომაკვდავ მშობლებს;
ქარს ცად მიჰქონდა ძახილი გმინვით:
- ღმერთო, მოხედე ქვრივსა და ობლებს! -
ღმერთი კი ისე, როგორც ყოველთვის,
სდუმდა, თუ იყო, - იყო უღონო,
კიდევ ვიწამოთ ძლიერება ღვითის?
შეჩვენებულო ძაღლო და ღორო!
შემოიგმინა მოხუცმა მკაცრმა,
აღრჩობდა წლობით ნაგუბი სევდა,
- გადაგვივიწყა ღმერთმაც და კაცმაც
ჩვენი გაზრდილო, ჩამოჯექ კაცთან!
- წყეული იყოს ღმერთიც და კაციც,
ხემაც ნაყოფი არ გამოიღოს,
ყველას უჟმური ჩაუდგეს ტანში
და ყველაფერი წყეული იყოს.
წყეული იყოს, თუ იყოს სადმე
ღმერთი შექმნილი კაცის ენითა
და ეს ქვეყანა აივსოს სადმე
შხამით და გესლით მორიელისა.
დაიხრჩოს გველი, არ დარჩეს ერთიც
და მამაღმერთი, ვით კაცის ბოდვა,
ათი ათასი ურწმუნოს გვერდით
დააღრჩოს ჩვენმა შამმა და ცოდვამ.
- ჩამოხსენ ხატი,
დასწვი და წადი!..
სთქვა ეს და უმალ აეკვიატა
სიკვდილის ბნელი ანთებულ თვალებს
და მიწვა იგი ისე ზვიადად,
როგორც ჭაობში ყვითელი მთვარე,
აენთო გმირი, - ღაწვებსოველი,
ცეცხლს მისცა ხატი – განათლდა ბნელი,
ცეცხლზე იწოდა თვით ღვთისმშობელი,
„ყოვლადძლიერი“ და „ყოვლისმქმნელი“.
- შვილო, ეს რა ჰქენ? – შეჰკივლა დედამ, -
შვილო, სიამევ ჩემი გულისა?
- ღმერთმა გაგვრისხა, გაგრისხა, დედი,
და ერგო რისხვა დაღუპულისა,
- ღმერთო, ო... ღმერთო რომ იყოს, შვილო,
ჩვენც მოგვეხავდა კოლხიდის ხალხსა,
შვილო, მშობლიურ კერაზე ტკბილო,
აქ დარჩი და არ წახვიდე არსად!
ხომ უსმენ ჩემი ძარღვების ცემას?
მე მივიცვლები, იმედო, მალე,
და, საყვარელო ბიჭიკო ჩემო,
აქვე გორაკზე დამასამარე.
მე და მამაშენს გაგვიჭერ ტკბილი
სამარე, ფშანის ლერწამის ღერით
და უბედურნი, ტანჯვით შობილნი
დაგვასამარე შვების სიმღერით.
შვილო, იცოდე არ მიატოვო
ლაქაშიანი კოლხიდის ბაღი,
შვილო, ისმინე, მინდა რომ გთხოვო,
არ დაივიწყო ჩვენი ქოხმახი:
კოლხიდის მიწა – ბერწი, გამხდარი,
შენი მშობლების ცივი სამარე,
იცოდე, გავა მკაცრი ზამთარი
და გაზაფხული დადგება მალე,
არ დაივიწყო მშობელი მიწა,
საყვარელი და ტკბილი ყველაზე,
ლაზის ოჯახი არ გააბილწო
და არ ჩააქრო ცეცხლი კერაზე,
ახლა, თოლიგე, ბიჭო, ჩემო დე...
ჩემო დედიკო, შენ გენაცვალე,
ვიდრე სიკვდილი მოფრინდებოდეს,
დაუხუჭავდეს შენს მშობელს თვალებს,
მითხარ ის ტკბილი სიმღერა მალე,
რომ აელვარებს
მთათა მწვერვალებს.
მითხარ, იმედო ჩემი გულისა,
ჰიმნი კოლხიდის გაზაფხულისა!
- დედ, გაზაფხულო მოვა და მალე
აყვავილდება კოლხიდის ველი.
მზე-ცის თაღიდან გაახელს თვალებს
და მოისპობა ჭაობში გველი.
მზე დაანათებს მაღალ მწვერვალებს,
აჟღურტულდება ფშანში ფრინველი,
დედ, გაზაფხული მოვა და მალე
აყვავილდება კოლხიდის ველი!
„იანვრის შემდეგ მაისი დგება“,
მალე გაიარს მკაცრი ზამთარი,
დედი, ხომ ხედავ, თოვლი რომ დნება?
დედი, ხომ ხედავ, ღმუის აფთარი?
„იანვრის შემდეგ მაისი დგება“
მალე გაიარს მკაცრი ზამთარი!
.......................................................
მღეროდა გმირი მშობლების ფეხთან,
სარკმლიდან სცემდა სინათლე დილის:
ნათელი წყვდიადს უღონოდ შეხვდა,
გამარჯვებული დარჩა სიკვდილი...

* *
ვერ მივატოვე პოემის გმირი –
კვლავ მომეხვივნენ სიტყვები ირგვლივ,
მკლავდა დუმილი გულისგამგმირი,
ახლა, მე თვითონ მოვკალი იგი.
დასტოვა ტკბილი ფაცხა მეგრული,
სამარე დედის, სამარე მამის,
ჩაიდგა გმირმა პოეტის გული,
დაიძმობილა წყვდიადი ღამის,
თავის საშველად...
გაიჭრა ველად,
მაგრამ მშველელი არსად არ სჩანდა,
გმინავდა ხალხი ხუნდზე დაბმული
და აზმორებდა ლაქაშში ზანტად
ველი ველური და უდაბური.
გარბოდა გმირი... ვიღაც ეძახდა –
გაწამებული ცხოვრების გესლით;
„დღე დაიღამე მშობლიურ სახლთან
და არ ჩააქრო კერაზე ცეცხლი!“
ანთებდა ცეცხლს და ცეცხლის ენები
სწვდებოდა ზეცას უნდოს და მუხთალს,
გმირი ბედისგან განახელები
მარტოობას და ობლობას წუხდა,
თუმცა გველებმა ველი მოშხამეს
და მზის ხელები მოიგერიეს,
მაინც ანათებს კოლხიდის ღამეს
ცეცხლი საწყალი კაცი კერიის.
დარბოდა ველზე ველური ქშენით,
მონობისაგან შეიქმნა ხელი,
კაცისშვილსა და კაცის გაჩენილს
გადაავიწყა თავის სახელი.
და შემდეგ, თურმე, ქვეყნად პირველად, -
ამბობს ლეგენდა გასაკვირველი,
კამეჩიც რქენით გაიჭრა ველად
მონობისა და ჩაგვრის მხილველი.
მემატიანის გაბზარულ ხმაში
შემდეგ ამბავსაც გაიგებთ ახალს:
იქცევა თურმე ქვეყანა მაშინ,
როდესაც კამეჩს გაქცეულს ვნახავთ!
მაგრამ კოლხიდის ამ ბნელ ღამეშიც
არ დაქცეულა თურმე ქვეყანა:
მზემ სიყვარულით ნახა კამეჩი,
ღომ ჭაობიდან ამოეყვანა,
მზემ გაანათა ხმელეთის პირი
და სავალალო ამბავი ნახა –
ფშანში ჩაფლული – პოემის გმირი,
და მისი დახსნაც მზემ განიზრახა.
მაგრამ წყვდიადის ურჯულო ხელმა
ისევ დახურა სინათლის წიგნი,
კვლავ გაიმარჯვა ნათელთან ბნელმა
და კვლავ კოშმარი გამეფდა ირგვლივ.
ისევ დაღამდა, მაგრამ ამ ღამით
ისევ შეება ბოროტს კეთილი...
ნათლის და ბნელის ბრძოლის ამბავი
შემდეგ თავშია გამოკვეთილი.

* *
ამ ღამით იძრა კოლხიდის მიწა,
გავარდა მეხი, გამოკრთა ელვა,
ავმა სულებმა გამოიღვიძეს
და ჭინკამ ცხენი შემოაგელვა,
თქვენ თუ გინახავთ ჭინკა სარდალი, -
მამამთავარი ყველა ჭინკების,
მაშინ მეტყვით რომ არის მართალი,
დამერწმუნებით არ გაჯიქდებით.
ცოცხს მიუგავდა ჭინკას პირსახე,
ჩხაოდა, მოძმეს უხმობდა ყველას –
(მორწმუნეებო, გადაისახეთ
პირჯვარი, როგორც იცოდით ძველად!)
ნეტავ, რომ ღმუის, რა ნადირია?
რამ ააბორგა ასე რიონი?
მოდის ჭინკების ესკადრილია
და ბაყაყების ბათალიონი.
და შენ, მკითხველო, ნუ გეშინია,
(თითქოს გაციებს ისე კანკალებ!)
რა ვუყოთ, რომ აქ ასე ხშირია
კოღო, ბაყაყი და ბუზანკალი!
მკითხველო ჩემო, მომყევი ასე,
ნუ შეშინდები აქაურ ბინდით,
წამოდი ჩემთან, მე შენ დაგასწრებ
ბაყაყების და ჭინკების მიტინგს.
........................................................
ხვნეშის ჭაობი შხამით, დურბელით,
უჟმურითა და ციებით სავსე,
ცაზე დაბობღავს შავი ღრუბელი
უზარმაზარი ობობას მსგავსი.
- მოისპოს მათი მოდგმა და ჯიში,
ვინც ჭაობშიაც არ მოგვასვენა,
არ დავინახო ცრემლი და შიში
ჩემო ლაშქარო, დადექი სმენა!
ალიართალი, ბალიართალი,
თქვენი ტყუილი, ჩვენი მართალი!
ხელში მათრახად ეჭირა გველი –
ლაქაშიანი კოლხიდის ველის.

0

13

.....................................................
საცრისთვალება ჭინკების წყება
მოდის, მოცეკვავს, მოარხევს კუდებს,
მაძღარი გველი ბაყაყთან წვება
და ძველებურად მას აღარ უტევს.
მოდიან ფშანში და მერე ჩრდილში
უერთდებიან მავნეს და ოხერს,
ჭინკამ არ იცის არასდროს შიში
და არც არასდროს ამოიოხრებს.
ჭინკას პირისღრუ სავსე აქვს ცეცხლით
და ყურებიდან სცვივა ნაცარი,
ჭინკას მოყვება ყოველი მხეცი
ყოველი მავნე და ნაკაცარი.
ჭინკას უჟმურით სავსე აქვს ფერდი,
ჭინკა კვამლს უშვებს ცისკენ ბოლებით,
ვხედავ, დგებიან ჭინკების გვერდით
ყველა ხუცები და ბობოლები.
- ალიართალი, ბალიართალი,
იწყებს ხმამაღლა ჭინკა-სარდალი,
- ჭინკებო და ბაყაყებო,
გველებო და მხეცებო,
სად წავიდეთ, რომელ მხარეს,
ბინა საით ვეძებოთ?
ხვალ მოდიან კოლხიდაში
და კოლხიდას აშრობენ,
უძლეველი ხალხის რაზმებს
ინჟინრები მარშლობენ.
ხვალ დილით სხვა მზე ამოვა
და კოლხიდა დაშრება,
გადავიქცეთ სატევრებად,
გადავიქცეთ დაშნებად,
ხალხი მოვსრათ, შევაჩვენოთ,
ურა კვიცი შევაჭენოთ!
და ლაშქარი ახმაურდა
ხმით მზარავით, ბოხითა;
- გადაუტყდეს თოხი ტარში
და მოისრას კოხითა,
ვინც მოვიდეს კოლხიდაში,
ვინც წაგვართვას კოლხიდა!
- შევაჩეროთ მზის ამოსვლა!
- მოვსრათ მათი ლაშქარი!
- ვლეწოთ მათი მუზარადი
და ფოლადის ჩაჩქანი!
- შევაჩეროთ მზის ამოსვლა!
- მოვსრათ მათი ლაშქარი!
.....................................................
მოდის ლაშქარი, ტყე-ველს ედება
(მცენარეები დილის ცვარს სვამენ)
ჭინკებს ჰგონიათ: არ გათენდება
და საუკუნოდ დარჩება ღამე.
და იმღერიან: გარინდებულა
კოლხიდა და ჩვენ კოლხიდის ზე ვართ...
მაგრამ ამოხდა მზე დიდებულად
და გაანათა ქვეყანა მზემან.
მზეს თან ამოჰყვა შობილი მზისგან
ერი ურიცხვი, ვითა ყვავილი
და, ხალხის წინ რომ წერაქვით იდგა,
იცანით? – ჩემი პოემის გმირი!
და ბრძანა გმირმა: რომ ჩვენი მტერი
ჩვენივე ხელით უნდა მოისრას,
ასე გვასწავლის დღეს ბევრი ბრძენი
ადამიანნი ჩვენი დროისა.
მზის მოელვარე თვალთა ბრიალით
დაიბნა ავი სულების ბანდა,
ეკვეთა ხალხი ურყევი ძალით,
ღამის ბურუსი გადაიფანტა.
აივსო ავი სულების ცრემლით
ცისა და მიწის ბასეინები
ხომ არ შეწუხდა მკითხველი ჩემი
ბესიკის ბაღში ნასეირნები?)
გაჰფანტა ბნელი სინათლის ნაღმმა
და გასრესილი სინათლის ტერფით,
მკვდარი ბაყაყი ეგდო გულაღმა,
როგორც ნიკოლოზ ხელმწიფის ღერბი.
ყველა ორგული და დანავსული
ხალხმა გასრისა, დასცა ზრიალით,
უფსკრულმა შთანთქა ყველა ავსული,
ყველა ბოროტი და კუზიანი,
და ისე, როგორც ტურფა ასული
მოვიდა ქვეყნად დილა მზიანი.

* *
მთვარემ დადგა ვერცხლის ტახტი,
მზემ აიღო დილით...
და მზე ისე აჩახჩახდა,
სულ დაჰფანტა ჩრდილი,
კოლხიდაში ყოველ მხრიდან
შემოვიდნენ ლაღად
ციტრუსები და კოლხიდა
გადაიქცა ბაღად.
...................................................
მე ვუმღერი მზიან ველებს,
განახლების ქარებს
და დღეს ვუღებ ჩემს მკითხველებს
ოქროს ბაღის კარებს.

* *
რა დიდებული მოსასმენია
კოლხიდის ბაღში ბულბულთა სტვენა,
როცა ცის ნამით მიწა სველია
და ისმის ვარდის ფოთოლთა ცვენა,
დე, მოვიდეს, რაც მოსასვლელია,
მუზამ მგოსანი არ მოასვენა.
მოვიდნენ აზრის მძლე ურდოები
და მგოსნის გული დაიმარტოვეს,
შარიშურობენ ბაღში რტოები,
ვაშლის ხეებმა ველად მოთოვეს,
მოვიდნენ აზრის მძლე ურდოები
და მგოსნის გული დაიმარტოვეს
გინდა სიწყნარე და სიმარტოვე,
ტყუილად ფიქრობ, ტყუილ ირჯები –
კოლხიდის ბაღში არ მიგატოვებს
მანდარინები და ნარინჯები.
არ მიგატოვებს ნათელი მზისა,
ბაღი ნაყოფით დამძიმებული.
არ მიგატოვებს შლეგი ფაზისი,
ბერძნულ მითებით გაბრწყინვებული.
ოი, ფაზისო, ტალღების ცემით
რამდენი მგოსნის წაიღე მოთქმა,
ვფიქრობ, რომ რიგი მოვიდა ჩემი
და მეც მეღირსა ენის ამოდგმა,
მე კი, სხვასავით არ ამაკვნესებს
კლდიან ნაპირზე შენი ალერსი,
მე შენს ხმაურში სიცოცხლეს ვეძებ
და სიჩუმეშიც შრიალი მესმის.
დავსვათ წერტილი; ცოტახანს შევდგეთ.
განვაგრძოთ თხრობა დაწყებულ ამბის
და სადმე ცალკე ვიმღეროთ შემდეგ
ფაზისის ოდა და დითირამბი.
და მაგონდება ლაზი მონები,
და მაგონდება ამორძალები,
როცა მიმზერდნენ მე ლიმონები,
ასე სათუთად და მოკრაძლებით.
ზურმუხტოვანი კოლხიდის ბაღი!
სადაა, მოდგმა და წინაპარი!
გახსნილა ზეცის შვიდივე თაღი
და ახდენილა ძველი ზღაპარი.
მე სად ვეძებო თქვენი გზა-კვალი,
უძლური არის ამ დროს პოეტი,
მაგრამ ვიცი, რომ თქვენი აკვანი
არის ჩინეთი და ინდოეთი.
თქვენის შემოსვლით და მობრძანებით
გულიდან დარდი გადაგვეყარა,
თქვენ კოლხიდაში ოქროს ზარებით
შემოიყვანეთ ცათა ქვეყანა.
სთქვით სად გველების ბუნაგი არი:
გვინდა ბინა და ბაღი მზიანი,
მერე განკურნეთ ხუნაგიანი,
მერე განკურნეთ რახიტიანი.
თქვენ ხართ სამშობლო ბედნიერების,
მზეში შობილნი და მზისნაირნი,
თქვენზე მღერიან ყველა ერები,
ქართველი, რუსი და ისრაილი.
თქვენზე მღეროდა გრძელწამწამები –
ანი ჩინელი – ძველი მგოსანი.
თქვენ სიდუხჭირე მოსპეთ წამებით
და ციება და ჟამი მოსსარით.
თქვენში სიცოცხლე ლივლივებს მძაფრად.
ანათებთ ღამით, ანათებთ დღისით,
ჩემს ლექსებს უყვართ ზღაპრული დაფნა
და სათნოებაც აკვირვებთ მისი.
და ღამით, როცა აჩახჩახდება
ბაღი, ვით ზეცა ძველი ეგრისის,
ვმღერი – ნეტა მას, ვინც რომ გახდება
კოლხიდის დაფვნის გვირგვინის ღირსი.
ო... მე არ მინდა სხვა საჩუქარი
და არც ჰაფიზის ვნატრულობ ვარდნარს,
მე პოეტი ვარ ფიცხი და ჩქარი
და მიყვარს ციდან ვარსკვლავთა ვარდნა,
ჰე, ცხრა მუზაო, მე უნდა მენდოთ,
ვნატრულობ ღამით, ვნატრულობ დღისით.
და გთხოვ გამხადო, მუზების ღმერთო,
კოლხიდის დაფნის გვირგვინის ღირსი.
ლიმონის ბუჩქი დგას დახუნძლული
და ქარვისფერი ნაყოფი შვენის,
ხესაც ეტყოდა აქ შეხუთული:
კურთხეულ იყოს მომყვანი შენი!
.......................................................
მე ოქროს ვერძით წარსულში მივქრი.
ეგ მთებიც ვერძის ხმაზე მღერიან.
დგანან ხეები, გაზრდილნი ფიქრით
და ვერძებრ ყელი მოუღერიათ.
შთაგონებაზე მითები ძველი
ახლდება, ხდება გასაოცარი,
მღერის ლექსებით გულის დამწველით
ორბელიანი, დიდი მგოსანი.
- „ძველო ქვეყანავ, კოლხიდავ მითხარ
დავიწყებული, როგო და რით ხარ?“
არგონავტთაგან ძველად განთქმულო,
აღთქმის წერილში მოხსენებულო,
შენი შვენება და ისტორია –
მითხარი, ნუთუ სავიწყარია?
მშვენიერებით, სიტურფით სრული
ნეტავ რისთვის ხარ დავიწყებული?
ზვირთი პონტოსი შენ გიალერსებს.
ცა – ლურჯი, წმინდა შენზედ ელვარებს,
მთა დიდებული ასული ზეცას,
ბრწყინვალე სხივით გვიგვინად გადგას...
ფაზისი მორბის და ოქროს ზიდავს
და შენს წიაღში უქმად კი ბრწყინავს.
შენზედ ჰყვავიან მედეს ასულნი,
მშვენიერებით ქვეყნად განთქმულნი“.
მოხვედი, ცისკენ აღმართე ხელი
და ჩვენ კი გვერდი აგვიარევი,
მგოსანო, შენი საგალობელი
არის ძველი და ნაგვიანები.
სიმღერა მაინც გვაღელვებს დიდად.
რადგან კუთხეზე გტკიოდა გული,
შენი კოლხიდა დიდი კოლხიდა
დღეს აღარ არის დავიწყებული.
ქარვების ბაღში მედეას სძინავს,
სიყვარული კი სიტკბო დიდია,
ფაზისის ოქრო უქმად არ ბრწყინავს
აქ ხეებზედაც ოქრო ჰკიდია.
- იყავ კეთილი, ჩვენი სტუმარი! -
ეტყოდა მგოსანს ხილთა კრებული,
ორბელიანი იდგა მდუმარი,
სხივოსანი და ჩაფიქრებული.
მზე მისცურავდა სხივთა რიალით,
ცაზე დაჰქროდა სამხრეთის ქარი,
იდგა პოეტი ორბელიანი,
გაღიმებული, როგორც ცისკარი.
ციტრუსები კი მღეროდნენ
ხოტბითა და ოდით:
ვინ გაუძლებს ამდენ ღელვას,
ვინ გაუძლებს ლოდინს,
წამს შეირხა, როგორც ელვა
და აკივლდა ტოტი:
ალავერდი! ალავერდი!
მოვრჩით ცდას და ლოდის;
ღვინისა და თრობის ღმერთი,
დიონისო, მოდის!

0

14

* *
გრძელდება თხრობა ჩემი თქმულების –
მოდიან მწიფე მტევნით ვაზები,
მამაკაცივით ფეხადგმულები
იღრიჯებიან, ვით ჯამბაზები...
და დიონისო ლოყებწითელი,
ულვაშიანი და ჯიშიანი –
მათ წინ მოუძღვის, თან მოაქვს ხელით
ასი წლის ვაზი, ფოთოლთ შრიალით.
ორბელიანი ხვდება თავაზით
და მღერის ქებას ღვინის და ვაზის,
ხილთა შეხვედრამ და ხილთა ქებამ,
რომ მოგვაგონოს თვით ხილის გემო,
ვნატრულობ დიდი რუსთველის ებანს,
პატიოსანო მკითხველო ჩემო.
მოდიან ათას ჯიშის ხეები,
ამბობენ: ხმელი მოვიარენით,
დავტოვეთ მთები, საჯიხვეები,
მხიარული და მგლოვიარენი,
გვზარდა სამშობლოს მთებმა, ველებმა,
მოვსულვართ თქვენთან რაინდულ ფიცით:
გვინდა ვიხილოთ საკვირველება
ბარაქიანი კოლხიდის მიწის.
და ციტრუსოვან ხილთა კრებული
გაბრწყინვებული, ვით ქარვასლები,
იმზირებიან გაკვირვებულნი,
როგორ მოდიან მათთან ვაშლები.
ამწვანებულა ბაღში ჰერანი,
დაფნა და ვარდი ათასნაირი,
თუ ხარ პოეტი და მომღერალი,
უთხარი ლექსი შოთას შაირით.
კოლხიდა როგორ არ შემიყვარდეს,
როცა ვუყურებ მაისის ვარდებს?
იმღერე და, თუ არ გეშინია,
რომ ლექსში ვინმეს დაუვარდები,
ეს ყვავილები ყველა შენია
ეს ზამბახები და ეს ვარდები!
ვარდი ყვავილთა დედოფალია,
ვარდი – მიჯნური დიდი ჰაფიზის,
მგოსნის ცრემლები ვარდისწყალია
და ვარდიწყალი – ცრემლები მისი.
ირანში თურმე ასე იტყვიან:
- ვარდი ალაჰის საჩუქარია,
ჩვენში – ვინც შრომობს ვარდიც მისია,
ვარდიც მისია და უხარია.
და არ იშლება ჩემი ხსოვნიდან,
ირანში, თურმე, იტყვიან ერთსაც,
რომ იქ ბალახიც არ ამოვიდა,
სადაც მაჰმადის ცრემლი დაეცა.
კოლხიდაში კი ვარდებს მოგიტანს
და ასე გეტყვის ყოველი გლეხი:
- პირველი ვარდი იქ ამოვიდა,
სადაც მშრომელმა დაადგა ფეხი!
ვარდი მეც მიყვარს გულის დამწველად,
სამშობლო მიწავ, სამშობლო ცაო,
და, როცა მოვკვდე, იმას გთხოვ ყველას, -
კოლხურ ვარდებში დამასაფლაონ!
...............................................................
ხვდებიან სტუმრებს თვალებმზიანი
და ოქროვანი მანდარინები,
ეუბნებიან ადამიანებს:
- ჩვენი ნაყოფი მოდით, ინებეთ!
ჩვენი ნაყოფი გაგიხსნით მადას
ბედნიერების ნექტარით სავსე,
ნუ დაიჯერებთ ბრძენ ჰიპოკრატეს
სადღაც, ოდესღაც რომ უთქვამს ასე:
„ამ ქვეყნის ხილს ცუდი გემო
აქვს და მალე სწყდება ტოტებს,
წყლის სიუხვის გამო იგი
არ მწიფდება არასოდეს“.
გადაივიწყეთ ამბავი ძველი –
და ვუყოთ, ერთხელ შეცდება ბრძენიც!
...............................................................
მზე იყურება ბავშვის თვალებით
და დედამიწას უგზავნის ალერსს,
ნაირ-ნაირი შადრევანები
აფერადებენ კოლხიდის მხარეს.
ახლოს ჩანს – დიდი სასახლის კარი,
კოლხიდელები რომ აშენებენ,
შორს – უსარკმელო ძველი საყდარი,
თვალებდათხრილი ოიდიპოს მეფე.
არის სერობა, არის ზეიმი
ადამიანის, მზის და ბუნების,
და საარაკო თვალისეირი
სვებედნიერი შეძლებულების,
ბრწყინავს ზურმუხტის სხივდაფრქვეული
ვარდის სურნელით სავსე ჰაერი,
დგანან ხელიხელგადახვეული
ქართველი, რუსი და ისრაელი.

* *
ასეთი იყო ხილთა სტუმრობა
სანახაობა თვალის,
ჩემი ნათქვამის დადასტურება
ჩემივე ლექსში არის.
მაგრამ სტუმრობა წარმტაცი მეტად
მე ვინახულე დილით,
როცა ბედნიერ მეგობრებს შეხვდა
ჩემი პოემის გმირი.

* *
რიჟრაჟი იყო, გალობდა ბულბულთა კრებული
მზე მონადირე მეგონა სახუნდარს მოფარებული.
და მერე, როცა ამოხდა მზე გოლიათურ მთებს ზევით,
ფაზისის წმინდა ტალღებში ბრწყინავდნენ ოქროს თევზები
გადახვეოდნენ ერთმანეთს დამძიმბული ტოტები,
მკერდში ჩაეკრათ მზისაგან გაბრწყინებული ოდები,
ციდან სცვიოდა რიალით ოქროს სხივების შურდული,
იყო ფოთოლთა შრიალი და ჩიტუნების ჟღურტული.
თავს იწონებდა, ამინდით ზაფხული ნამნაპკურები,
ბილიკზე ნელი ნაბიჯით მოირხეოდნენ სტუმრები.
შეჩერდნენ... წყნარად შეაღეს პირველი ოდის კარები,
გაშლილი სუფრის გარშემო ჩონგურს უკრავდნენ ქალები
(ბედნიერია, მგოსნებო, ჩემი შაირის პწკარები).
იხილეს გმირი პოემის – ცხოვრებით განახარები.
იხილეს, გადაეხვივნენ, აუფართქალდათ გულები,
იყო გულთბილი შეხვედრა და სიხარული ულევი.
მზისგან დამწვარი მკლავებით მკერდში ჩაიკრეს ჩვილები,
კოლხურ მიწაზე გაზრდილი – პოემის გმირის შვილები,
პოემის გმირმა ცოლს უთხრა: ჩონგური მომიტანეო,
ლექსი იმღერე ქებული, ჩემო მზევ, ჩემო მთვარეო,
ჩვენი ძვირფასო სტუმრები დაატკბე, გაახარეო!
...............................................................
...............................................................
მოვიდა ქალი ჩონგურით მწყაზარი, პირმცინარეო,
ქმართ უთხრა: - ქმარო, მოვედი, შენი მზე, შენი მთვარეო,
შენი გათლილი ჩონგური მოგართვის მოგიტანეო,
ლექსი ვიმღერო ქებული, სტუმარო, გაიხარეო:
- ნანა, ნანა, დია ნანა,
სულზე ტკბილო ჩემო ნანა,
სიკვდილი მას, ვისაც შენი
გახარება დაენანა!
სიმღერებით გამომზარდე,
შემასწავლე ანა-ბანა
მომიტანდი ცვრიან ვარდებს –
- ვარდს რად უნდა ვარდი, ნანა?
მიყვებოდი ოქროს ზღაპრებს,
რომ დადგება ოქროს ხანა,
მერე მართლაც ასე მოხდა
და ქვეყანამ გაიხარა.
ნანა, ნანა, დია ნანა,
სულზე ტკბილო ჩემო ნანა!
აგივსრულდა განზრახული...
მტერს დაესო გულში დანა,
კოლხიდაში გაზაფხული
დადგა, ოქრო მოიტანა,
აღარ ისმის ისლის ქოხში
ოი... ნანა! ოი... ნანა!
ოდა დავდგით, ისლის ქოხი
აჩრდილივით გაილალა,
შენ ჩემ გაზრდას შენატროდი,
სიკვდილმა არ დაგაცალა;
ჩემს გმირობას მოსწრებოდი,
უცოდველო ჩემო ნანა.
სასთუმალთან ძილისპირულს
მიმღეროდი, დია ნანა,
შორს ვიყავი, მიმელოდი,
ცქერით თვალი დაიღალა;
ნანა, ნანა, დია ნანა,
სანატრელო ჩემო ნანა!
ახლა ჩვენთან აღარა ხარ,
სამარეში გძინავს წყნარად,
ოქრო ბრწყინავს
ბაღი ბრწყინავს
და დაგნათის თავზე მკრთალად,
ბაღში სტვენენ ბულბულები
და ქარს მიაქვს ხმები ბარად:
- მამამ ასე დამიბარა,
დედამ ასე დამიბარა:
კერია არ გააცივო
და ზედ ცეცხლი გენთოს მარად.
ღამე არის ზეცის ნამი
აციმციმებს რძიან ბალახს,
მთვარე ოდას გადასცილდა
და ტყის უკან დაიმალა,
ჩონგური კი ისევ მღერის,
სულზე ტკბილო ჩემო ნანა!
ყველა სიამით უსმენდა (ტკბილად მღეროდა ასული),
აგონდებოდათ კოლხიდის ჯოჯოხეთური წარსული
და მტერი ხალხის მახვილით ათასჯერ გულგაბასრული.
უეცრად ხალხის სიმღერამ გააღო კარი ოდისა –
გზა დაუცალეთ, ოჯახში ხალხის მგოსანი მოდისო,
გამოჩნდა ხელში ვარდებით მოხუცი წელგამართული,
შვენოდა თეთრი ჭაღარა და სატევარი ქართული –
ვარდებით მორთო ოჯახი და ააჟღერა ფანდური.
იმ დღეს, როდესაც ხარობდა მზეზე
კოლხიდის მიწა, ქცეული ბაღად,
მე დავასრულე ამბავი ესე
და გადავეცი ხალხისთვის ქაღალდს.
დე. ხალხმა ნახოს და მესაუბროსმ
კარგია, როცა ხალხი გაგიგებს,
მე ხალხს ვენდობი ყველაზე უფრო,
თუ მოეწონე, ძეგლსაც აგიგებს.
უკანაკნელად ვალი მაქვს, უნდა
მოვიხსენიო მეგობართ წყება,
არ შემიძლია მე წუთით, თუნდაც
მათი ამაგის გადავიწყება.
მადლობა შენდა, ნაზო ქალწულო,
მე ვწერდი შენი საწერ-კალამით
(რად აფართქალდი ბუდეში, გულო?)
მიიღე ჩემი წრფელი სალამი!
მადლობა შენდა, ქალო მთოვარევ,
შენ მისახსოვრე, მგონი რვეული
და სიხარულით აღმაფრთოვანე
ჭაბუკი ანცი და ჭირვეული.
მადლობა შენდა, ბავშვივით ჩვილო,
შენ ააჟღერე ჩემი ებანი,
კაცო, მართალი, ბუნების შვილო,
შენით მაქვს შვება – ნეტარებანი.
...............................................................
...............................................................
სითეთრე დღისა თოვლებრ დნებოდა,
იდგა ზაფხულის დღის სიტკბოება,
მზე ჩადიოდა და სრულდებოდა
ჩემი ლექსი და ჩემი პოემა.
მე სხვაგვარ ცეცხლით მეწვოდა სული, -
უფაქიზესი, გრძნობების ბინა
და შთაგონებით გარემოცული
ვხეტიალობდი შავი ზღვის პირად!..

1939

0

Быстрый ответ

Напишите ваше сообщение и нажмите «Отправить»



Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ლადო ასათიანი