პოლტერგეისტი

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » ალაპარაკებული მ&


ალაპარაკებული მ&

Сообщений 1 страница 5 из 5

Опрос

შეაფასე
-2

0% - 0
-1

0% - 0
0

0% - 0
+1

0% - 0
+2

100% - 4
Голосов: 4

1

თეონა 2 წლის და 4 თვისა იყო და... ჯერ კიდევ არ იცოდა ლაპარაკი!...
არა, საუბარს არ ვგულისხმობ, - ლაპარაკი არ იცოდა!
ორად ორ სიტყვას ამბობდა მხოლოდ: ნტაჲ (ანუ ”წყალი”) და მომო (”მომეცი”)... ეს იყო მისი ”დედაც”, ”მამაც”... მოკლედ, მუნჯი იყო თეონა!

თუ რამე უნდოდა, მივიდოდა დედასთან, ბებიასთან, მამასთან თუ მამიდასთან, ტანსაცმელზე დაქაჩავდა, შემდეგ უმწეოდ გაიშვერდა ხელს და...
- მომო... - ნაღვლიანი ხმით იტყოდა-ხოლმე.

- თეონა!... - დაუძახებდნენ თუ არა, მაშინვე მორბოდა და მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა  დამძახებელს.

თოჯინებით თამაში უყვარდა. ჩაისვამდა თოჯინას კალთაში და...
- ააა-აააააა-ააააააა!!! - უსიტყვოდ, მხოლოდ ხმით  უმღეროდა-ხოლმე და თანაც როგორ უმღეროდა!!!

მხრებს იჩეჩავდა ყველა, - ბავშვი, რომელსაც ჩურჩულიც კი ესმოდა, არაფერს ამბობდა!!!
- ამ ბავშვის ცოდვით აღარ ვარ!... ან როგორ შეიძლება, ასეთი აბსოლუტური სმენის პატრონმა ვერაფერი თქვას?

ზაფხული იყო უკვე და მთელი ოჯახი დასასვენებლად წავიდა მანგლისში.
ტყის პირას იქირავეს ბინა, - ბავშვები მთელ დღეს წიწვნარში გაატარებენო.
ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ამ ადგილს, - წყაროდან იყო შორს, ამიტომ წყლის მოტანა დედისთვის და მამიდისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა ეს პრობლემა სრულიად არ აწუხებდა თეონას....

მისი პატარა დაიკო, ნინუცა ჯერ 9 თვისა იყო მხოლოდ, ამიტომ დედის ყურადღება უმცროსისკენ იყო მიმართული. თეონას ჰამაკი ისე  ჩამოუბეს, რომ სხვათა დაუხმარებლადაც შეძლებოდა მასში ჩაჯდომა და გაქანება.
ჰოდა, ჩაჯდებოდა-ხოლმე თეონა ჰამაკში, ქანაობდა და თან გაფაციცებით  უსმენდა დედას, რომელიც ხან იავ-ნანას უმღერდა პატარა ნინუცას, ხანაც ლექსებს უკითხავდა შვილებს  საბავშვო წიგნებიდან... მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხულ ლექსებს ვერცერთი იმეორებდა.

- შენ ბავშვებს მიხედე, სადილზე და სარეცხზე კი - მე ვიზრუნებო, - მანგლისში ჩასვლისთანავე შესთავაზა მამიდამ დედას ფუნქციების განაწილება.

იმ დღესაც იგივე მეორდებოდა, - დედა ბავშვებს ართობდა, მამიდამ კი ორი დიდი სათლით წვალებით მოიტანა წყალი და სადილის კეთებას შეუდგა.
თეონამ ჰამაკში ქანაობით გული იჯერა, შემდეგ ჩამოხტა და სახლისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ, თეონა? - იკითხა დედამ და თეონამაც ხელის მოძრაობით ანიშნა, თოჯინა უნდა მოვიყვანოო...
- მალე მოდი... გელოდები, წიგნს წაგიკითხავ...
თეონამ თავი დაუქნია და სახლისკენ გაიქცა.

- რა გინდა, თეონა? - ჰკითხა მამიდამ  სახლში შესულ გოგონას.
- ნტაჲ... მომო ნტაჲ...
- მიდი,  ჭიქა მაგიდაზე დევს, შენით დალიე... დიდი გოგო ხარ უკვე...
თეონა ოთახში შევიდა, წყალი დალია, თოჯინას და მის ლოგინს  ხელი დაავლო და ისევ დედისკენ გაიქცა.
ჰამაკთან მისულმა თოჯინას ლოგინი გაუშალა და... საბანს დაუწყო ძებნა. აშკარად ახსოვდა, რომ წამოიღო, ჰამაკამდე კი - არ მიუტანია.  ”გზაში დამივარდებოდაო” იფიქრა და ისევ სახლისკენ გაიქცა. დედამ თვალი გააყოლა თეონას  და ნინუცას მიუბრუნდა, რომელსაც ეძინებოდა და ამიტომ ჭუჭყუნებდა.

თოჯინას საბანი ტალახში ეგდო...
თეონამ საბანი აიღო და მამიდას უხმოდ გაუწოდა.
- ახლა არ მცალია, წადი, ოთახში აიტანე ეს საბანი, გასარეცხია... შენ კი სხვა რამე დააფარე შენს თოჯინას. ახლა არ ცივა და უსაბნოდაც არ გაგიცივდება... მიდი, მამიდა...
თეონამ კიბეზე აირბინა, ოთახში შევიდა და... სუფთა წყლით სავსე სათლში საბნის ”რეცხვა” დაიწყო...

მამიდამ ეზოდან გახედა ოთახს.     
- თეონა! - გასძახა ხმამაღლა, მაგრამ არავინ გამოსულა.
”ეტყობა ვერ დავინახე, ისე გამოვიდაო”  - იფიქრა და სადილის კეთება განაგრძო. ცოტა ხანში ოთახში შევიდა და რას ხედავს:  სათლის გარშემო წყლის გუბე დგას, ერთიანად გაწუწული თეონა კი მონდომებით წურავს ”გარეცხილ” საბანს.
- ეს რა არის, თეონა, არ გრცხვენია? - გაუბრაზდა მამიდა და ტაკოზე შემოარტყა ხელი, - დედაშენი სადღაა? შენ ხომ გცემე, ახლა წავალ და იმასაც ვცემ, შენ რომ აქეთ გამოგიშვა!...

თეონამ, რომელიც შექებას ელოდა საბნის დამოუკიდებლად გარეცხვის გამო, წყენის ცრემლები, დიდი ლუკმასავით, ძლივს გადაყლაპა და დედასთან გაიქცა.
დედა ნინუცას აძინებდა.
თეონამ დედას კაბის კალთაზე მოქაჩა, მაგრამ...
- სუუუ... - ჩუმად უთხრა დედამ.
- დედა, მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ გცემოს!... - გაუბედავად თქვა თეონამ და დედას მიაჩერდა.
- რა მითხარი? ვერ გავიგე...
- ქალო, შენ რა, დაყრუვდი? მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ გცემოს!... მე რო საბანი გავრეცხე, იმიტო!...

და უცებ დედამ დააფიქსირა, რომ ყოველივე ამას თეონა მიმიკებით კი არ აგებინებს, ხმით ეუბნება!!!
- მიშველეთ! ბავშვი ლაპარაკობს!!! - მთელი ხმით იყვირა დედამ და ერთდროულად მთელი ხმით ატირდა დედის ყვირილით შეშინებული ნინუცა.
- თიკი, რა მოხდა, რატომ ყვირი? - შეშინებული მოვარდა მამიდა.
- რა მოხდა და თეონამ დაილაპარაკა! და რა თქვა, იცი? ”მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ გცემოსო”......
- თიკი, ალბათ ჩემი ხმა გაიგე და...
- რას ამბობ, გოგო?! თეონას ხმა სახლიდან კი არ გავიგე, თქვენი ხმები რომ ამრეოდა?!... ან ხმებიც როგორ ამერეოდა?!  ბავშვმა ხმით მითხრა, როცა ჩემთან დაბრუნდა!...
- თეონა, მამიდა, თქვი, აბა, რამე?! თქვი, სიხარულო...
- დედიკო, აბა კიდევ მითხარი, რა გითხრა მამიდამ?!...

ხმა არ გაუღია თეონას, წავიდა და ჰამაკში ჩაჯდა....
მთელი დღის განმავლობაში ეხვეწებოდნენ თეონას, კიდევ ეთქვა ერთი პატარა სიტყვა მაინც...
უშედეგოდ!!! თეონა ხმას არ იღებდა და მხოლოდ ”ნტაჲ მომოს” ამბობდა-ხოლმე.

მათ მეზობლად ბავშვთა ექიმი ცხოვრობდა.
- თინიკო, ბავშვს ნუღარ ეხვეწებით დალაპარაკებას... რადგან ერთხელ თქვა სიტყვა, ესე იგი კიდევ იტყვის... ასეთ ბავშვებს დრო სჭირდებათ მხოლოდ...
- იტყვის კი?... - იტყოდა-ხოლმე დედა და ჩუმად იწმენდდა თვალზე მომდგარ ცრემლებს.
- იტყვის, თინიკო, აუცილებლად იტყვის!...

გაიარა ერთმა კვირამ. თეონას აღარავინ აწუხებდა ხვეწნა-მუდარით, რომ ერთი  სიტყვა მაინც ეთქვა...

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა დედა ნინუცას აძინებდა, თეონა თავის ჰამაკში მოთავსდა და... ლექსების თქმა დაიწყო! ჯერ ჩუმად ამბობდა, გაუბედავად, შემდეგ გათამამდა, ხმას მოუმატა და ბოლოს თავისი წკრიალა ხმით ”იავ-ნანა” წამოიწყო...

დედას სულ დაავიწყდა ნინუცაც და მისი შუადღის ძილიც, გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც პაუზის გარეშე გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე, მესამეზე, მეათეზე, ოცდამეათეზე... დედას სათვალავი აერია, ვეღარ დათვალა თეონას ნათქვამი ლექსები... მათი რაოდენობა კი კატასტროფული სიჩქარით მატულობდა...

სახლის წინ მანქანა გაჩერდა. პარასკევი იყო და მამიკომ ჩამოაკითხა ბავშვებს.
სხვა დროს ყველა ერთად ეგებებოდა ხოლმე, ახლა კი მეუღლე ადგილიდან არ იძროდა და თეონას შესცქეროდა გაფართოებული თვალებით.
- თიკი, რა როხდა? - შეშფოთებული ხმით იყვირა გიორგიმ და მათკენ დაიძრა.
მამის ხმა გაიგო თეონამ, თავი გზისკენ მიაბრუნა და...
- მამაააააა!  - მთელი ხმით შესძახა, ჰამაკიდან გადმოხტა და მამიკოს შემოეხვია კისერზე.

0

2

ვააააახ აქაც სერიალების სტილში გაწყდა რა:(
+2

0

3

ისე ძიერ ემოციას რამდენი რამე შეუძლია არა:)

0

4

მიყვარს თეონას ისტორიები,ძალიან :love:

0

5

ასეთ რამეებს ვერ და არ ვკითხულობდი, ეხლა ვკითხულობ და თანაც საოცრად მამშვიდებს....

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » თაია » ალაპარაკებული მ&