სულელი თმები
არ მიძებნია, ისე გამიჩნდნენ მტრები,
არ ამინთია, ისე ჩამიქრეს კვარი,
სულ თვალწინ მიდგას შენი სულელი თმები,
ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.
არ უწვიმია, ისე დავსველდი გუშინ,
ყველა ვინც დადის, ახლა ჩემს გულზე დადის,
შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში,
შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.
გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც,
გზები არა ჩანს, ხევებს მივყვები ქვიანს,
შენ აღარა ხარ, ჩემი ბედია ესაც,
და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.