სამი წლის თეონა მამიდამ სასეირნოდ წაიყვანა.
საგანგებოდ გამოაწყო თეონა:
მუქი ზღვისფერი, თეონას თვალებისფერი კაბა...
თეთრი გეტრები და ლაკის ფეხსაცმელები...
თეთრი ბაფთა ოქროსფერ კულულებზე...
სოკოს ფორმის პატარა თეთრი ხელჩანთა...
ტაბიძის ქუჩა მამიდასთან ხელჩაკიდებულმა გამოიარა თეონამ, მაგრამ როგორც კი ლენინის (ახლანდელი - თავისუფლების) მოედანზე გავიდნენ, თეონამ მამიდას ხელი გააშვებინა, თავი შეარხია, რათა კულულები უფრო ლამაზად დაფენოდა მხრებზე და ერთი წამით შეჩერდა, შემდეგ კი მოხდენილი სიარულით გააგრძელა გზა.
ხალხის აღფრთოვანებულ მზერას რომ აწყდებოდა, თეონა მალი-მალ იხედებოდა მამიდისკენ.
- მამიდა, მიხდება? - ხშირად კითხულობდა და მამიდისგანაც უცილობელ დასტურს ელოდა, შემდეგ კი ბედნიერი სახით კვლავ სვლას აგრძელებდა.
თეონა თავისი და, ალბათ, ყველა ბავშვის საყვარელი უნივერმაღის - ”ბავშვთა სამყაროს” კარებთან შეჩერდა და მამიდას მრავლიმეტყველი თვალებით მიაჩერდა.
- შევიდეთ! - მთელი ხმით ყვიროდა თეონას დუმილი...
და მამიდაც რისი ”საყვარელი მამიდა” იქნებოდა, თეონას დუმილს თუ ვერ გაიგონებდა?!
- შევიდეთ, თეონა!...
ბედნიერი თეონა ”ბავშვთა სამყაროში” შევარდა და სათამაშოების განყოფილებისკენ გაიქცა. მამიდა ფეხდაფეხ მიჰყვა უკან.
”ბავშვთა სამყაროში” თეონა ”მიღებული ქალი” გახლდათ, რადგან მისი მამიკოც იქ მუშაობდა და თეონას ყველა იცნობდა...
გამყიდველი ქალი თეონას მოეფერა და სათამაშოებამდე უპრობლემოდ მიუშვა.
თეონამ ერთი დიდი თოჯინა ამოირჩია, კაბა შეუსწორა, თმაც შეულამაზა, შემდეგ გვერდით მოისვა და საუბარი ”გაუბა”, - ღიმილიანი სახით უყვებოდა თავისი საბავშვო ბაღის ამბებს... მამიდა გამყიდველს ელაპარაკებოდა და თან თეონას არ აშორებდა თვალს.
თეონამ თოჯინას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ხმამაღლა გადაიკისკისა. მამიდასაც გაეცინა თეონას კისკისზე და... ისევ გამყიდველ ქალთან გააგრძელა საუბარი....
მოსაუბრენი სათამაშოებთან გამეფებულმა სიჩუმემ მიახედა იმ ადგილისკენ, სადაც ორიოდე წუთის წინ თეონა თოჯინას ეთამაშებოდა.
პატარა სკამი ცარიელი იყო!!!
ფერდაკარგულმა მამიდამ ირგვლივ მიმოიხედა, - თეონა არსად ჩანდა.
- თეონა!... – ”ბავშვთა სამყაროს” დარბაზის ზუზუნი გადაფარა მამიდის განწირულმა ხმამ!!!
ყვირილის ხმა სიჩუმემ გადაფარა!
- თეონაააააააააა!!!!! - მამიდას გამყიდველმაც აუბა ხმა, - უშედეგოდ: თეონა არსად იყო.
- მამამისთან ხომ არ წავიდოდა?
- ნუ გეშინია, აქ იქნება!...
- აქ არ დაიკარგება, კარგი, დაწყნარდი!... - ცდილობდნენ მამიდის დამშვიდებას სხვა განყოფილებათა გამყიდველები.
- არა, მამამისი მივლინებაშია! მასთან არ წავიდოდა!...
- მოიცა, რადიოთი გამოვაცხადოთ!...
- დაწყნარდი, ადამიანის ფერი არ გადევს!...
- სად გარბიხარ?! მოიცა!!! - მაგრამ ეს ხმები მამიდას აღარ გაუგია, თეონას ძებნაში ერთი განყოფილებიდან მეორეში შერბოდა.... დახლის ქვეშაც კი იხედებოდა, - თეონა, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, - არსად ჩანდა.
- თეეეონააააა!!!!! - მამიდა ”ბავშვთა სამყაროდან” ქუჩაში გავარდა და... შეჩერდა! საით გაიქცეს, მარჯვნივ თუ მარცხნივ?... საით წავიდოდა ბავშვი?!... ან, იქნებ, კი არ წავიდა და... წაიყვანეს?!... მერე?!... საით, საით მხარეს ეძებოს თეონა?!.....
-------
”ბავშვთა სამყაროს” დიდ ვიტრინასთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო... ამ ხალხის ჩოჩქოლმა კიდევ უფრო შეაშინა მამიდა და მექანიკურად იქით წავიდა..
შემდეგ ბავშვის ტირილის ხმა მოესმა... 4-5 წლის ბიჭუნა ტიროდა... შემდეგ ქალის ხმაც გაიგო:
- სირცხვილია, გიო, Tოჯინა რა ბიჭის საქმეა? წამო, მანქანას გიყიდი!...
- არ მინდა მანქანააააა! მე ის თოჯინა მინდა, რომ მოძრაოოოობს!!!!!
მამიდამ ხალხის წრე გაარღვია და ვიტრინასთან მისული გაქვავდა: ”ბავშვთა სამყაროს” ვიტრინაში თეონა იჯდა და თავის ახალ თოჯინას ბედნიერი სახით ეთამაშებოდა.