პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ტერენტი გრანელი


ტერენტი გრანელი

Сообщений 1 страница 20 из 43

1

შემოქმედება

0

2

ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)
(ბიოგრაფიული ცნობები)
ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.

გავიდა ხანი. უბედურმა შემთხვევამ (სახლი დაეწვათ) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. უღარიბესი გლეხის შვილმა ბავშვობიდანვე გამოსცადა ცხოვრების სიმკაცრე. გახდა გულჩათხრობილი, სევდიანი. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, აღსავსე იყო წინააღმდეგობებით. იგი გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი, როგორც თავისი ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე, მტკიცედ დადგა იმ ინტელიგენციის მხარეზე, რომლის უპირველესი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დეე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“ (გაზ. „ია“, 1919 წ.).

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:

„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“ („სახალხო საქმე“, №202, 1918 წ.).

ტერენტის სწყუროდა სწავლა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ტერენტის თავისი პირველი ლექსი ამავე გაზეთში დაუბეჭდავს. პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: „მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ატყვია სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

...მარტის სუსხიანი ამინდია. რუსთაველზე გამვლელთა ყურადღებას იქცევს თეთრი სატინისხალათიანი ჭაბუკი, ია-იებით ხელში. გამვლელნი განცვიფრებით შეჰყურებენ მას. შუა ტანის, პროპორციულად, მკვიდრად ნაგები სხეული; საკმაოდ ლამაზ, შთაგონებულ სახეს უმშვენებს მაღალი შუბლი, უკან გადავარცხნილი ხვეული, წაბლისფერი თმა. მოცისფრო თვალების ჭკვიანი, აზრიანი გამომეტყველება თავისებურ იერს ანიჭებს ჭაბუკი პოეტის სევდიან სახეს. ქარიშხალგამოვლილს მიუგავს მზითა და წვიმით გარუჯული ნაწრთობი სახე, სპილენძისფერი რომ გადაჰკვრია.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას. ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგბარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, საოცრად გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდებელია და პირში მთქმელი.

დიდ ხელმოკლეობას განიცდის. არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

ზაფხულის თბილ ღამეებს სამრეკლოებსა და სასაფლაოებზე ათევს. ხშირად დადის მთაწმინდასა და დიდუბის პანთეონში. უყვარს საღამოს ბინდ-ბუნდი, სასაფლაოს მდუმარება, მარტო ყოფნა თავის ფიქრებთან. გაიგონებს თუ არა ქუჩაში სამგლოვიარო მუსიკის ხმებს, მაშინვე აედევნება პროცესიას, დაიკრეფს გულზე ხელებს და მდუმარედ გაჰყვება სასაფლაომდე. არ იკითხავს, ვის ან სად ასაფლავებენ. ეს სულ ერთია. იცის, ვიღაცას გლოვობენ და თვითონაც ამ გლოვის ჩუმი მონაწილე ხდება.

ხშირად ესწრება წირვებს, უყვარს საეკლესიო გალობა, კათოლიკეთა ეკლესიის ორღანოს ხმა. განსაკუთრებით იტაცებს სააღდგომო ცერემონიალი, რაღაც შეუცნობელ ექსტაზს რომ განაცდევინებს. საოცრად განიცდის მუსიკას. შეუძლია დიდხანს, ძალიან დიდხანს იდგეს ქუჩაში და გარინდებულმა უსმინოს როიალის ხმას. უყვარს ეტლით სეირნობა, ყვავილები. უფრო ვარდი და ია. ცაციათი გულზე მიიხუტებს იის კონას და პირველსავე შემხვედრ მეგობარ ქალს მიართმევს. დროდადრო დებსაც ესტუმრება წალენჯიხაში, მაგრამ იქ დიდხანს ვერ ძლებს და უმალ თბილისს უბრუნდება. უყვარს თბილისი. გარიჟრაჟიდან შუაღამემდე მოჩვენებასავით დაეხეტება მის ქუჩებში, მუდამ ნერვიული და ფერმკრთალი, თმააწეწილი; ზამთარ-ზაფხულ დაფლეთილი სამოსი აცვია. თრთოლვით წერს ლექსებს, მისი ლექსების უმრავლესობა ღია ცის ქვეშაა შექმნილი.

ტერენტი გრანელის პოეზიამ 1924 წელს მიაღწია თავის მწვერვალს. მან გამოსცა ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. ამ წიგნის გამოსვლად ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

1926 წელს ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების უკანასკნელი წიგნი. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. გოეთე წერდა: „ადამიანის ბუნებას... განსაზღვრულ მიჯნამდის თუ ძალუძს როგორც სიხარულის, ისე ტკივილის თუ ტანჯვის გადატანა; როცა იგი ამ მიჯნას გადასცდება, უთუოდ დაიღუპება“.

სწორედ ასევე დაემართა გრანელსაც. გამხდარი და დაუძლურებული ძლივსღა დააბიჯებდა. ჩაუქრა შთაგონებული თვალების ელვარება, მთლად მოეშვა. დადიოდა თბილისის ქუჩებში - ცოცხალი გლოვა და სევდა. უბით დაჰქონდა „სისხლიანი რვეული“ და მისი სახე სანთელივით დნებოდა.

უკანასკნელი ოთხი წელი პოეტმა თბილისისა და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა.

...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა.

ლერი ალიმონაკი
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1972

0

3

აღსარება ქუთაისს

მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.

ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას.

ავალ კიბეზე და მე მივმართავ
ბაგრატის ტაძრის მაღალ ნანგრევებს,
რომ ჩემი სული ფერფლია მართლა,
რომ გული სევდას აქაც აგროვებს.

ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი,
უამინდობამ მე დამამძიმა
და ისევ მელის გზა დამღუპველი.

ახლაც სიმშვიდე არ მეკარება,
მე აქაც ბევრი ღამე ვათიე.
ო, ქუთაისო, ეს მწუხარება
და ეს ტირილი შენ მაპატიე.

1922

0

4

ექსკურსია ცისკენ

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე.
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.

0

5

გაზაფხული

ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.

მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.

და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

1923

0

6

გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

1926

0

7

დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას...
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა...
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

0

8

დათოვლილი სანთელი

საღამო ამნაირ სახის
დარდივით გაჩნდება ისევ.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

გათავდა ცრემლების თოვა,
ო, ხსოვნას რა ნელა ძინავს.
და თეთრი ქალწული - გლოვა
ეცემა სისხლიან მინას.

და ირგვლივ სამარეს უვლის
ფარული სურვილის ლანდი.
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის.

ეს მხარე ღამდება, რადგან
ცისფერი იმედი მიდის.
როგორი სიჩუმე დადგა,
ო, როგორ ჩამოწვა ბინდი!..

მე წავალ სხვანაირ სახით,
ჩემს წასვლას დიდება მისდევს.
დაო, ვგრძნობ გრიგალის ძახილს,
დაო, ვგრძნობ წამების მიზეზს.

1922

0

9

* * *

დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები.
სადღაც ხარობენ ალბათ
ჩემი პატარა მტრები.

რა ვქნა, ციხეა, ვშფოთავ,
ცისკენ მივყავარ სურვილს.
და ემსგავსება ფოთოლს
ჩემი მწუხარე სული.

მოდის შაბათი, კვირა,
საშინელ სურათს ვხედავ.
და მესიზმრება ხშირად
მიცვალებული დედა.

ღუნავს ქარები ალვას,
ელავს მუსიკის ხმები,
დამწვა საკუთარ ალმა,
ვატყობ, თანდათან ვქრები...

1926

0

10

* * *

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ, ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!

1926

0

11

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

0

12

ვედრება უფალთან

ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა,
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.

ჩემი ცხოვრება უცნაური ქრება ცრემლებით,
არავინ არ მყავს, არსაიდან შველას არ ველი.
ო, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები,
უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი...

1922

0

13

ზამთრის ბარელიეფი

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

არ არის ტირილის გარდა
სულისთვის ნუგეში სრული,
შეირხა სიმწარის ფარდა
და ტყეში გაფრინდა გული.

გაიხსნა ვედრების რკალი,
(ზამთარი სიცოცხლეს მართმევს).
ქალაქის ფერმკრთალი ქალი
სარკესთან შეკრთება სადმე.

დავტოვე სურვილი ბევრი,
(ქარია და ზარი კივის),
ციმციმებს სიკვდილის ფერი,
დაეშვა დღეები ცივი.

საღამო - კანკალი სანთლის,
ირგვლივ დაწოლილი ნისლი.
ფარული წამების ლანდი,
პოეტის ცრემლი და სისხლი.

1922

0

14

ისევ სიშორეზე

მთვარიანი ღამის ორი საათია,
შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე.
ფიქრში უიმედო ხმები გადადიან,
როცა სიშორეზე ტირის როიალი.

ქალაქიდან ქალი სადღაც გაემგზავრა,
ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით.
ჩემი იმედები ისევ გაიბზარა,
უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.

სოფლის მეშინია, თბილისს ვეფარები
და შენ მაგონდები, როგორც მზე წარსულის.
მთვარეს იტაცებენ მრისხანე ქარები
და ქუჩის ფარნები ბჟუტავს ფერწასული.

ქრება ის უმანკო და შუქი ნუგეშის,
მე ქვეყნის წინაშე ვდგავარ მგლოვიარე.
გული ასვენია მაღალ სიჩუმეში,
თანაც სიშორეზე ტირის როიალი...

1924

0

15

ლოცვა გაფრენისათვის

წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.

მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.

1924

0

16

MEMENTO MORI

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები, სიმბოლო თეთრი მარადისობის.

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,
როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.
მე - ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,
ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,
მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.
ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,
რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,
მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.
ჩემი გვარი - გრანელი - პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს „Memento mori“-ა.

1926

0

17

* * *

მე შენზე ფიქრი მაშინ მღალავდა,
დღეს მოწყენილი მივდივარ გზაზე.
რა ვუყო, ყველამ თუ მიღალატა,
რა ვუყო, ცხედარს თუ დავემსგავსე!

გარშემო დაწვა დღე უცნაური,
დასდევს წამება იღბალს თანაბარს.
ქალაქში უცებ შეწყდა ხმაური,
ქალაქმა უცებ სული განაბა.

ისევ შორიდან ვუმზერ სამყაროს,
ეს გრძნობა თვალებს ცრემლით ამივსებს.
მწუხარე სახით მოვწყდი საღამოს
და ახლა მივალ ცისფერ ღამისკენ...

1926

0

18

მთვარე ციხიდან

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

უფრო გარეთ ვარ, უფრო ქარია,
ფიქრი ზღვასავით ნელა ირხევა.
და თითქოს მთვარეც პატიმარია,
და თითქოს ზეცა მისთვის ციხეა.

და ემსგავსება მთვარე დედოფალს,
და ახლა ცაზე ღრუბელთ ცხრილია,
მგონია, მთვარეც უიმედოა,
მგონია, მთვარეც დაჭერილია.

ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა,
და ისევ ციხის ქსელში გავები.
ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას,
და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.

0

19

მიცვალებულის დღიურიდან

(თემა სიკვდილის შემდეგ)

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.

დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.

ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.

და ეცემოდნენ სადღაც წვიმები
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.

არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.

ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა სიბნელე რომ გამერღვია
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები...

1923

0

20

მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

1923

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ტერენტი გრანელი