პოლტერგეისტი

Объявление

ვისაც დარეგისტრირების შემდეგ მაილზე აქტივაციის კოდი არ მოგდით გამომიგზავნეთ სასურველი პაროლი და მიაწერეთ თქვენი ნიკი ფორუმზე(რითაც დარეგისტრირდით.) და მე თვითონ დაგიყენებთ თქვენთვის სასურველ პაროლს. ადმინ:polter maill: polter_my@yahoo.com

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ტერენტი გრანელი


ტერენტი გრანელი

Сообщений 21 страница 40 из 43

21

მკრთალი სილუეტი

შავგვრემან სახეს აცისკროვნებს ლურჯი გაროზი,
თეთრი ხალათი ნაზ ბროლის ყელს მეტად უხდება.
ღრუბლიან ავდარს გადალახავს წმინდა ტაროსი
და ჩვენს გარშემო ყვავილები აფირუზდება.

მკრთალი ლანდები ცის სივრცეში ათამაშდება,
ნელ ცეცხლის ალით იფერფლება ანგელოზები,
ჩემი იმედი სამუდამოდ რომ დამარცხდება,
ვით მონაზონი, შავ ძაძებით შევიმოსები.

თეთრი ვარსკვლავი კაბადონზე რომ გამოჩნდება,
მისი სხივები მსურს შევკონო ბრილიანტებად.
მთვარიან ღამის ჩუმი დილა რომ გათენდება,
ჩემი ოცნება დაიმსხვრევა მრავალ ლანდებად.

1919

0

22

მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე

საოცრება წარსული, ეშაფოტზე ასული,
ჩქარი და მოქანცული სიკვდილს არ ვენანები.
ვარდისფერი ოცნება ქარზე შეიმოსება
და იწვევს გაოცებას შორეული ალები.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

გადავყევი ამ მიზანს და ვედრებას ღამისას,
ო, უფალი დამიცავს კვირეების კეცაზე.
ნუგეშს რომ ვეზიარო, შენთან ვარჩევ სიარულს,
სული ერთვის სიხარულს როიალის კვნესაზე.

დავრჩი ბედის კუთხეში, ბრბო მიცქერის უხეში,
მოვა ქალის ნუგეში საიდუმლო ქნარებით.
მირაჟების კრებული არის გათეთრებული
და მე გაფითრებული შენსკენ მოვექანები.

მიპყრობს ავი ზმანება, თვალი ცრემლებს დანებდა,
ასე კვდება ზარებთან ყვავილების სერია.
ვხედავ უცხო დარბაზებს და სიბნელე მაბრაზებს,
რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია.

მოგელოდა შენ გზები, როგორც ანგელოზები
და უმანკო ლოცვები კვირის ფრთებზე ატირდა.
როგორც ლურჯი პარიკებს, ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან.

1922

0

23

მწუხარე მელოდია

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.

1921

0

24

რკალიდან: კვირის წირვები

თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას,
დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები.
შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს
და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.

მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით,
ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს.
წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით,
ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.

ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში,
როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე.
მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში,
და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.

კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები,
თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა.
ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები,
მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!

1920

0

25

სამშობლოს

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

როგორც ოხვრა შორეული გედის,
ანდა როგორც მარმარილო ცივი,-
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

ვგრძნობ მსოფლიოს და უსაზღვროს ვეტრფი,
შენ გაიგებ ჩემს ამნაირ ტირილს.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,
უფსკრულია და შენ მარტო ჰკივი.
მე მაფიქრებს საქართველოს ბედი,
მე განვიცდი ჩემ სამშობლოს ტკივილს.

1912 წ.

0

26

სიცოცხლის გრადაცია

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე.
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!

გამიარა ჟრუანტელის ალმა,
სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე.
გული მიდის, არ ვიქნები ალბათ,
მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.

ჩაესვენა სურვილების გროვა,
როგორც შორი მირაჟების სერია.
ახლა უფრო დაფიქრების დროა,
ჩადენილი შეცდომები ბევრია.

ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ,
შორეული ყვავილებიც ხმებიან.
სამარისკენ აცილებენ ცხედარს
და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.

ო, ეს გული, ისევ გული მტკივა,
სიჩუმეა უსიცოცხლო ველების,
რანაირი ნაწამები მივალ,
მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.

წითელი მზე აელვარდა მინებთან,
მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე,
უიმედო გულის ძგერა მინელდა,
შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..

1922

0

27

სიშორის ცეცხლი

ფერმიხდილი ქალი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

სიჩუმეა სულის
და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.

აელვარდა გუშინ
უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.

ყოველივე მორჩა
მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.

მწუხარებას მალავს
ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო!

1924

0

28

სიშორის ცეცხლი

ფერმიხდილი ქალი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

სიჩუმეა სულის
და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.

აელვარდა გუშინ
უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.

ყოველივე მორჩა
მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.

მწუხარებას მალავს
ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო!

1924

0

29

სოფლის სიჩუმე

შორს მიმაქანებდა მე სულის სიჩქარე,
და ვგრძნობდი, თვალებში რომ ცრემლი ყვაოდა.
გზა იყო უცნობი, გავაღე ჭიშკარი
და კვნესა მომესმა მე სასაფლაოდან.

სიჩუმეს ფანტავდა ფურცლები სიმინდის,
მოსჩანდა სამრეკლო და ლურჯი გორები.
ჩემს ფიქრებს თან სდევდა ლოცვები სიწმინდის
და ზარებს ვუსმენდი მე განმეორებით...

1921

0

30

უიმედო სივრცეები

მოვალ ქარში, წვიმაში,
როცა ოხვრა ვარდება.
მოვალ და შენს წინაშე
გავიშლები დარდებად.

მალე გლოვა მომელის,
ხმები სევდანარევი;
მოკვდა ფიქრი, რომელიც
მაწვალებდა ქარივით.

შენ სანთელი დაირქვი
და ეს აღარ იციან.
მე მივდივარ და ირგვლივ
უიმედო სივრცეა.

ბედმა ისევ ინათა,
როგორც მახსოვს, ასეა.
და ვიღაცამ მინასთან
თეთრი კუბო ასწია.

ფიქრთან ასე ვერთობი,
ფიქრი არის გალია.
ღამის სივრცემ წვეთობით
ჩემი სისხლი დალია.

1923

0

31

* * *

უფროა გრძნობა, უფრო ანთება,
ისევ აპრილის დღეა მზიანი,
გაზაფხულია, ნელა ღამდება
და სადღაც ტირის ადამიანი.

მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
სადღაც ლანდივით დადის მიწაზე,
ვიღაც მწუხარე ადამიანი.

მე ისევ მინდა გავექცე იღბალს,
ისევ აპრილის დღეა მზიანი.
ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც,
ლოცულობს ვიღაც ადამიანი.

0

32

ფარული ვედრება

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს.
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება,
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების.
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება,
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება,
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია.
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება,
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან.

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება,
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი.
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება,
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი.

მე, ჩუმი, მივყვები ლანდების ასეულს,
ღამე უდაბნოა, ვნება კოშმარია.
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს,
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ…

0

33

ფიროსმანიშვილს

შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით,
ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში,
არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე,
დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები.

ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები,
ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში,
შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში
და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით.

ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე,
სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი,
ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს.

შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე.
ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა.
საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...

1920

0

34

* * *

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე,
და იმედებიც ჩემთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...

1927

0

35

* * *

ფრინველივით ვზივარ ღამის უბეში,
თბილისია ერთადერთი ნუგეში.

რა ვქნა, დროა ამნაირი წვალების,
მალე ტირილს დაიწყებენ თვალები.

შენთან ასე მოვიქცევი, აბა რა,
და ღრუბელმა ცაზე მთვარე დაფარა.

თბილისია და წამებას ავიტან,
დღევანდელი მზიანი დღე წავიდა.

ფრინველივით ვზივარ ღამის უბეში,
თბილისია ერთადერთი ნუგეში.

0

36

ქალის აგონია

(თ. რ.)

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა...

1924

0

37

ღამის სტრიქონები

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც.

რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.
ასე მარტო მიხარია ყოფნა,
როცა თავს ვგრძნობ მე სიკვდილთან ახლოს.

როგორც ქრისტე, ვიხედები მაღლა,
ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს.
მინდა ფრთები და მიწიდან გასვლა
და გაფრენის სურვილია უფრო.

უფსკრულია და უფსკრულში ვრჩები,
და ახლოა ქარიშხალი ისევ.
სიჩუმეა და ვსაუბრობ ჩემთვის,
მე ვსაუბრობ და კედლები მისმენს.

ახლაც დაჰქრის, არ ეშველა ქარებს
და კიდია შორს მდუმარე ზარი.
მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ
და გავაღო დაკეტილი კარი.

ყრუ ღამეა, მეშინია ოდნავ,
ალბათ მოვა ჯიბგირი ან ქურდი.
ალბათ ცაზე ღრუბელია ცოტა,
ალბათ მოჩანს ვარსკვლავების გუნდი.

ისევ მოდის ჩემს გულიდან წყრომა,
ოდეს წვიმა დაეცემა მინას.
და მე რა ვქნა შეზღუდული რომ ვარ,
რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!

იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს
და ეს გული უცნაურად იწვის.
ახლა მინდა, ვარსებობდე ყველგან,
მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი!

ღამის ლანდი მე ფანჯრიდან ვნახე,
ღამის ცეცხლი ეკიდება თვალებს.
და ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს,
ვგრძობ, მსოფლიო აღიარებს მალე.

რა ვქნა, ისევ სიცოცხლეზე ვდარდობ,
ირგვლივ ისევ მდუმარება დადგა.
მიხარია, რომ დამტოვეს მარტო,
ყველა ერთად რომ წავიდა სადღაც...

0

38

შემოდგომის მოლოდინი

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.

გათენდება ქარიანი კვირა.
ბედისწერა დაეტყობა ხელებს.
მოვა დარდი და ვეწვევი ხშირად
შემოდგომის გაყვითლებულ ველებს.

მიწა უნდა ჩემს უბრალო თვალებს,
ღმერთო ჩემო, ახლა უკვე დროა,
მოვა ჩუმი შემოდგომა მალე,
შემოდგომას სიხარული მოაქვს.

ახლა მეტი მწუხარება არის,
ვიღაც ალი სამარესთან გოდებს,
და წაიღებს შემოდგომის ქარი
უფსკრულისკენ გარინდებულ ფოთლებს.

ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა...

0

39

შეშლილი ცრემლები

ზოზიას

ეს ვედრება შიშველი -
მეუცხოვა მე გვიან,
ღამე, ვნებით შეშლილი,
ყელზე გადამეხვია.

თეთრი შუქი ინთება
ჩემი სულის და ვარდის.
ო, ტირილი მინდება,
შენთან უხმოდ დავარდნილს.

მე თანდათან ვყვითლდები
და ჩემი თმაც ძირს ცვივა.
დაო, ნუ შეწუხდები,
თუ წამების ღირსი ვარ.

ჩუმად ძინავს გულს ტყეში
სევდის ლურჯი ოდებით.
და თბილისის კუთხეში
სადმე ღამით მოვკვდები.

1921

0

40

ცისფერი სინათლე

ალბათ შუაღამე იქნება,
სხვაგვარ დასკვნამდე მივედი.
შენსკენ გამაფრინეს ფიქრებმა
რაღაც შორეულ იმედით.

შენ მოდი ნისლიან წამიდან,
(ცაზე მოღლილი მთვარეა) .
და ვამბობ: სიკვდილი არ მინდა!
სიცოცხლე უფრო მწარეა.

ის გული ყორანმა წაიღო,
წამებას კიდევ ავიტან.
თითქო ყოველივე, რაც იყო
ყრუ სიშორეში წავიდა.

შემდეგ მწუხარება გამეფდა,
ჩუმად მოვიდა ზაფხული.
ვდგავარ საოცრების კარებთან,
როგორც სიზმარი წარსულის.

ახლაც უიმედო წამია,
წუხელ გაფრენა ვინატრე.
გულში - ნისლიანი ღამეა,
სულში - ცისფერი სინათლე...

1924

0


Вы здесь » პოლტერგეისტი » პოეზია » ტერენტი გრანელი