შემოქმედება
პაოლო იაშვილი
Сообщений 1 страница 4 из 4
Поделиться22008-04-14 18:12:17
თბილისი
მინდა ავვარდე მამადავითზე,
იქ აირჩიე, სულო ბინა შენ;
მინდა უეცრად მუხლზე დავეცე
ჩემი თბილისის და მზის წინაშე.
ჩემო ქალაქო! არ დამაკელი
შენ სიხარული მზისგან ფერილი,
თავზე გადგია, როგორც კანკელი,
ცა მოელვარე და აჟღერილი.
ვხედავ, ურმები ლორთქა თივებით
გზას ახარებენ აჭრიალებით;
მტკვარს მოჰყვებიან ფიჭვის ტივები,
ვით მოცურავე თეთრი ქალები.
სდუღან ოქროს და წითელ ღვარებად
კვირა დღეებით შენი ქუჩები,
და იცვლებიან ოხშივარებად
შენს გარეშემო მთები თუჯების.
შენს ალაყაფთან მსურს დავალაგო
ლექსები, როგორც სისხლის წვეთები...
მილიონ ხმებით სავსე ქალაქო,
დიდი სატახტო ხარ პოეტების.
Поделиться32008-04-14 18:12:30
პირამიდებში
ელენე დარიანის დღიურიდან
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916
Поделиться42008-04-14 18:12:43
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
1926