შემოქმედება
გრიგოლ რობაქიძე
Сообщений 1 страница 14 из 14
Поделиться22008-04-14 18:14:52
გრიგოლ რობაქიძე (1880-1962)
(ბიოგრაფიული ცნობები)
გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წ. სოფელ სვირში (ზესტაფონის რაონი). 1895 წ. 15 წლისა შევიდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სემინარია დაამთავრა 1901 წ. და იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წ. დეკემბერში გერმანიაში წავიდა. იქ ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1907 წ. პარიზში გაემგზავრა, შემდეგ ისევ იურიევის უნივერსიტეტში დაბრუნდა, ხოლო აქედან ყაზანის უნივერსიტეტში გადავიდა. 1914 წ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო საქართველოში გამოემგზავრა.
გრიგოლ რობაქიძე არის ქართული მოდერნისტული მწერლობის წინამძღოლი, კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირი. აქტიურად თანამშრომლობდა პრესაში. თეატრებში იდგმებოდა მისი პიესები. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა ისეთი მნიშნვნელოვანი ნაწარმოებები, როგორიცაა: „გველის პერანგი“, „მალშტრემ“, „ლამარა“, „ლონდა“.
1931 წლიდან გრიგოლ რობაქიძე უცხოეთში - გერმანიაშია. იგი გაერიდა მისთვის საძულველ კომუნისტურ რეჟიმს. 1945 წ. იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად გერმანიიდან შვეიცარიაში გახიზნულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 82 წლის ასაკში 1962 წ. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
გ. რობაქიძეს უცხოეთში აქვს დაწერილი არაერთი ნაწარმოები (ბევრი მათგანი გერმანულ ენაზე): „მეგი“, „ჩაკლული სული“, „ისრაელი, როგორც საიდუმლო და ბედისწერა“, „ფრიდრიხ ნიცშე“, „ქალღმერთის ძახილი“, „გრაალის მცველნი“, „დემონი და მითოსი“. ესეები: „ვინსენტ ვან გოგი“, „ატომის გახლეჩა“, „ტექნე და მითოსი“, „თომას მანის „დოქტორ ფაუსტუსი“.
Поделиться32008-04-14 18:15:03
აქლემი
აყუდებული. აყროყვილი. ორკუზიანი.
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბუში.
ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.
უცხო. უთვისო. მატანტალა. შორიგზიანი.
ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.
მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.
მორცხვი. კეკელა. მოალერსე. მუსუსი. მრუში.
გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.
საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვლემა:
მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.
ქიმერის თავის ღიმით გასცქერ ალმურს კომლიანს –
თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.
და უშნო ცოხვნით ოდეს ერთვი მელანქოლიას
დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.
აგვისტო 1918
გ.რ. თავი-და-თავი აქ ბოლოა.
Поделиться42008-04-14 18:15:16
დიდი შუადღე
მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით.
ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.
ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი.
მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.
ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:
ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო,
ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი!
დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.
მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს,
თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები.
ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.
ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით.
რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი.
და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.
1918 ენკენისთვე
Поделиться52008-04-14 18:15:34
ვალერიან გაფრინდაშვილს
შენ გესმის მუდამ ჯადოსანი ხმა შორეული.
სურნელოვანი შენში თითქო ვიღაცა მოჰკლეს
ორეულების მასკარადზე სიზმარეული
მალვით გინიშნავს შენი ცალი პაემანს მოკლეს.
გოლუბის მასკით შენც იქ მიხვალ თვით ორეული
მაგრამ მის ადგილს შეეყრები მხოლოდ მის მომკელს
შიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს.
რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული.
და შენი ხელი ახელებით ცდას ვეღარ ითმენს:
უვალ ხრამებში ის მოანგრევს და ბელტავს რიტმებს
მაგრამ ხანდახან სარკე ხილვას რომ დაგპირდება, -
შენში უეცრად აიშლება მარადი ქვრივი:
დაგირბილდება მაშინ შენი სონეტი კვრივი
და ულმობელი უცნობისთვის შენც ატირდები.
1921
Поделиться62008-04-14 18:15:53
ვასაკა
უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული.
ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.
სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,
ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული.
თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.
მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.
ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული.
სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.
გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა –
მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:
როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –
ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:
ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები –
და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.
სტამბოლი 1919 მარტი
Поделиться72008-04-14 18:16:10
პაოლო იაშვილს
ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს,
სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება
კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება
ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს.
გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის
თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება.
ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება,
გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის.
პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი,
ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი
უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი.
შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი.
მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე
მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.
1919
Поделиться82008-04-14 18:16:30
საქართველოს
ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.
1919
Поделиться92008-04-14 18:16:56
სონეტი ლოცვის ახალ მხედართ:
ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.
ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.
უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –
ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.
1916
Поделиться102008-04-14 18:17:11
ს.ჯ.-ს
(სიმონ ჯაფარიძეს)
ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.
თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.
შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;
ჰო, რომ იცოდე, ვით თვრებიან შენით ქალები!
ჰო, რომ იცოდე, ვით ხალისობს შენი თმა მზისა!
დრო ულმობელი შენს გიშერსა ნელად ათოვებს,
ხოლო ვეჭვობ კი: შავ განზრახვას ვერ აათავებს;
საზარელია და სასტიკი ხანის კვეთება:
ცელავს და ლეწავს ლაღი სიტკბოს ნაზ ლერწამებსა, -
მაგრამ შენთან კი თვით სიკვდილიც მხოლოდ შეკრთება
და ჩუმი კოცნით დაგიხუჭავს მაგ წამწამებსა.
1916
Поделиться112008-04-14 18:17:31
ტიციან ტაბიძეს
შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.
ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.
ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:
ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.
ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:
ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.
წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები
სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.
ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი
შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,
როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -
ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს
არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:
რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.
სტამბოლიდან-ბათომს 1919 მარტის 31,
ბრიტანიის გემი “კატიომბა”
Поделиться122008-04-14 18:17:44
ფრანგ პოეტს
შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.
ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.
ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.
თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.
ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,
დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.
პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.
განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.
შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.
1920
Поделиться132008-04-14 18:18:03
ქართველ ხელოსანს
სალამი სონეტით
შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი:
შიგ აკვეთილი ბედისწერის მოძმე კედლები, -
და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხმალები,
მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი...
შენ გესხურება ხელოვნების ტალღა ათასი,
გარს ეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალები –
ენთები ტრფობით ალესილი, თან იალები.
და მხრებს გიმშვენებს მოსასხამად ცეცხლის ატლასი.
ფიქრმორეული ამართულხარ კლდის ნაპირებზე,
ლოდინით ჰკვეთავ, ავარვარებ ყოველ ალიონს. –
და როს ნისლებში აიჭრება ტურფა პირიმზე,
ჟინით დამწვარი გადასძახებ მუქარას რიონს;
ხედავ, იქ შორით მოელვარებს თეთრი მხედარი, -
ის დაჭრილია, მაგრამ გმირი მაინც მხნედ არი...
1917
Поделиться142008-04-14 18:18:22
წმინდა ნინო
ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.
ღვთიური ტკივილი და არა წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!
ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.
დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!