შემოქმედება
ილია ჭავჭავაძე
Сообщений 1 страница 20 из 39
Поделиться22008-04-14 18:32:04
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (1837-1907)
(ბიოგრაფიული ცნობები)
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) დაიბადა ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ძველი საქართველოს ისტორიული ტრადიციები. 1848 წ. მიაბარეს თბილისში, რაევსკის პანსიონში, სადაც 1851 წლამდე სწავლობდა. შემდეგ შევიდა გიმნაზიაში. 1857 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ოთხი წელი ისწავლა (1857-61).
ამ ოთხმა წელმა დიდი როლი ითამაშა ილიას, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ისტორიას და მწერლობას, ევროპისა და რუსეთის ლიტერატურას, ფილოსოფიას. ამ პერიოდში შექმნა ეროვნული და ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომლებიც აღმავალი ეტაპი გახდა XIX ს-ის ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიაში: პოემა „აჩრდილი“ (1859), პოემა „ქართველი დედა“ (1860), პოემა „კაკო ყაჩაღი“ (1860), რომლებიც მძაფრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებითა და სოციალური პრობლემებითაა განმსჭვალული. იმავე პერიოდში თარგმნა შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, პუშკინისა და ლერმონტოვის ნაწარმოებები. დაწერა პროგრესული სოციალური და ეროვნული იდეალებითა და სიახლეებით აღბეჭდილი ლექსები: „გუთნისდედა“, „ქართვლის დედას“, „ჩემი თარიარალი“ (სამივე 1858 წ.), „ნანა“ (1859), „ქართველი სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860 წ.) და მრავალი სხვა. ამავე ხანებში დაწერილი ილიას მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები: „გლახის ნაამბობი“ (I-VI თავები), ესკიზი მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, მრავალი წერილი, რომლებშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული მწერლობისა და ხელოვნების დანიშნულება და არსი.
1893 წ. ილია აარსებს ჟურნალ „საქართველოს მოამბეს“, 1877 წ. - „ივერიას“, რომლებიც საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ ძირათად ცენტრად იქცა.
ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრǸობის მეთაური, ეროვნული ბურჯის - ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსელის ზრდის მოთხოვნებს.
მთელი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ილია დიადი მიზნის განხორციელებას - ქართველი ხალხის ერთიანობას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებას და ამაღლებას, ეროვნული და სოციალური თავისუფლების დამკვიდრებას უმსახურებოდა.
შეუძლებელია ერისა და ქვეყნის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყველა დამსახურების ჩამოთვლა. XIX ს-ში რომ საქართველოს ის არ მოვლენოდა, უკუღმა წარიმართებოდა ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუკუღმართებული ბედი. ძნელი იქნებოდა ამ ეროვნული დვრიტის გაღვივება და აღმოცენება, რომლის გარეშეც ერი ერი არ არის და ქვეყანა - ქვეყანა. ალბათ ამან გააღიზიანა და გადარია ბნელი ძალები, შინაური და გარეული, და 1907 წ. სიცოცხლე მოუსწრაფეს ერის მამას. თავისი ერის სიყვარულისა და მსახურებისთვის არსად მწერალი არ მოუკლავთ. ეს სირცხვილი საუკუნეების მანძილზე გაგვყვება!
წმინდა ილია მართალი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Поделиться32008-04-14 18:32:32
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო წყლის ქვეშე
უცხო წალკოტი ყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს თურმე არ სჭკნება,
ქვეყნისა დროსა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი – სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი, გრძნეულნი,
დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ, -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღედაღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს, მადლით ცხებულსა!
1883
Поделиться42008-04-14 18:32:50
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
29 აგვისტო, 1871 წ.
Поделиться52008-04-14 18:33:10
გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
1861 წლის იანვრის 28-სა,
პეტერბურღი.
Поделиться62008-04-14 18:33:28
გუთნისდედა
„გადი-გამოდი, გუთანო,
ღირღიტავ, ბანი უთხარო“.
ერთს ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ.
ერთგულად ვწიოთ ჭაპანი ჩვენი,
უსიხარულოდ გავლიოთ დღენი,
ბელტი ბელტზედა გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!.
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება...
რად გინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა, რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომე აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?
მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან,
მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას,
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!..
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი,
მაშ რა გაღონებს?.. გასწი ჭაპანსა
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..
1858-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს. პეტერბურღი
Поделиться72008-04-14 18:33:47
* * *
დაბნელდა გული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.
დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი,
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.
ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტვყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.
დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!
25 დეკემბერი, 1860.
პეტერბურგი.
Поделиться82008-04-14 18:34:14
* * *
დაე, თუნდ მოვკვდე, არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;
რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან
ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,
გულწრფელობითა და სიმართლითა
მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:
- იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში,
შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა!
თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან - ჩრდილში -
ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
1858-სა წელსა, 19-ს ნოემბერს,
ს. პეტერბურღი
Поделиться92008-04-14 18:34:39
დამაკვირდი
I
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.
III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი...
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.
IV
წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია -
სიყვარულს უშენებია.
V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.
VI
შუბი დიდია და მძლავრი,
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წყნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.
VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.
VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია...
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„ძალა აღმართის მხვნელია“.
IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.
X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.
XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,
უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
შენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე;
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე...
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, -
არ იქ434315;ნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.
XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.
XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია.
XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.
[1886 წ.]
Поделиться102008-04-14 18:34:58
ელეგია
მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემს ქვეყნის ძილს ეალერსება.
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!.
1859-სა წელსა, 4-სა ივნისს,
ს. პეტერბურღი
Поделиться112008-04-14 18:35:19
თ. ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
როს წარვიკითხე მისი ლექსები
ვერარა ვსთქვი რა განცვიფრებულმა!..
ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმა
ცას განუბნივოს შავი ღრუბლები,
ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა!
ხალხო ობოლო, შენ მებრალები,
რომ დაგაობლა მის ციურ შუქმა
და განგაშორა თვისი სხივები!..
როს წარვიკითხე მისი ლექსები,
აღმოვიკვნესე დაობლებულმა!..
1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი]
Поделиться122008-04-14 18:35:44
კითხვა-პასუხი
კ ი თ ხ ვ ა
კარგი რამა ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ლამაზად მორთულ და მოკაზმული;
მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
გიმზერ და მზერა კვლავ სწყურიან თვალს,
გისმენ და სმენით ყური ვერ სძღება;
მაგრამ რამდენად საყვარელი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
რა დაგრჩენია კვლავ სანატრელი,
ღვთისგან რა არ გაქვს მომადლებული?!
მაგრამ რამდენად მადლით სავსე ხარ,
იმდენად უფრო მიკვდება გული.
ვინ მოგმართოს შენ და წინ არ დახვდეს
შენი სიმდიდრე, შენი უხვება;
მაგრამ რამდენადც მდიდარ-უხვი ხარ,
იმდენად უფრო გული მიკვდება.
მარქვი, რად არის იქ გულთა კდომა,
სად სიცოცხლეა გახარებული,
და რამდენადც შენ ცხოველმყოფელ ხარ,
იმდენად უფრო რად კვდება გული?
პ ა ს უ ხ ი
- მე სამოთხე ვარ და თქვენ კი, თქვენ კი!..
ვაი, ძე ჩემი ბედკრულ, უძლური!..
იქ თვით სამოთხეც ჯოჯოხეთია,
სად თვის შხამს ანთხევს მტრობა და შური.
საყვარელი ვარ... ჩემს მზიან ჩრდილში
სიყვარულს უნდა თვის ტახტი ედგას, -
და, ვაი, ამის სანაცვლოდ თქვენ კი
ერთმანეთს აყრით კრულვას და წყევლას!..
მადლით სავსე ვარ და, ვაი, ჩემს შვილს
ეგ მადლი ჩემი ვერ უშვნევია;
და ან იქ რა ჰქმნას თვით წმიდათ-წმიდამ,
სად ცოდვას მადლი დაუძლევია?
მე მდიდარი ვარ და თქვენ კი, თქვენ კი...
ლუკმანატრულნი ერთმანეთსა სჭამთ,
მე ტკბილ ცხოვრების წყაროსა გაწვდით
და, ვაი, თქვენ კი ძმა ძმის სისხლსა სვამთ!..
იქ თვით სამოთხის წალკოტი, მდელო
უდაბნოდაა ურგებ-ურწყული,
სადაც არ აბნევს თვის წმინდა ნამსა
სული მართალი და წრფელი გული.
[1894 წ.]
Поделиться132008-04-14 18:36:16
ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
Поделиться142008-04-14 18:36:44
ლოცვა
ოდეს დემონი ურწმუნოების,
უკუთქმისა და მაცდუროების
საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს
წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, -
ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს,
ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს,
და უკეთუ არს შესაძლებელი,
მე განმარიდენ იგი სასმელი!
მაგრამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს,
რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს,
განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი
და იყავნ ნება, უფალო, შენი!
28 აღვისტოს, 1858 წელს,
ს. ტიარლევო
Поделиться152008-04-14 18:37:44
* * *
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება.
დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,
გრძობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
და მე არ ვჩივი, - მიხარიან, რომ ეგრედ ჰშვება
ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.
მაგრამ, მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არის მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი გავუზიარო!..
6 აგვისტო, 1861,
ს. ყვარელი.
Поделиться162008-04-14 18:43:23
* * *
(მიბაძვა ჰეინესი)
მეცა მქონია კარგი მამული!..
თურმე სუფევდა იქ სიყვარული,
თურმე იქ ჰფენდა ბედი მღიმარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
თურმე იქაცა ბრწყინავდნენ დღენი,
იქაც სცხოვრობდნენ ერთგულნი ძენი,
ღია ჰქონიათ მაშინ ცის კარი, -
ეხლა კია ეს მარტო სიზმარი!
1859 წელსა, 19-სა იანვარს
ს. პეტერბურღი
Поделиться172008-04-14 18:46:15
მწუხარება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარება წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემ გვამსა ზედ გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
ესე უწყალოდ გაწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!
1860, 11 ივლისსა [პავლოვსკი]
Поделиться182008-04-14 18:46:38
ნანა
ნანა, შვილო, ნანინა!
ნეტა რამ შეგაშინა?
რაზედ შეჰრთი, მტირალნი
რისთვის მომაპყარ თვალნი?
ჯერედ რომ შენი ბედი,
გრძნობა წინამორბედი
არ უხატავს მაგ შენს თვალს
ქართველთადმი ღვთიურს ვალს!..
მაშ, რაღამ შეგაშინა?
ნანა, შვილო, ნანინა!
ჯერ, მინამ ხარ ყმაწვილი,
მინამ დრო მოგესწრება,
ისწრაფვე, შვილო, ძილი,
ისწრაფვე განსვენება!
მოვა დრო, გაიზრდები,
მკლავი გაგიმაგრდება,
შვილო, ყრმობის სიზმრები
ბრძოლაზედ გაგეცვლება.
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
გაიგებ მამულისას,
ბედქვეშ დაჩაგრულისას,
კვნესის ხმასა მწუხარეს,
შველის ძახილს მმუდარეს;
დალოცვილსა ჩემგანა
გული აგიღელდება,
შვილო, დედისა ნანა
ხმლის ჟღერად შეგეცვლება.
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
ჰნახავ ჩვენ ბედშაობას,
ჩვენს ერთობას დაკარგულს,
ჩვენსა წამხდარს გმირობას
და მამულს დაობლებულს...
აინთე ცეცხლით გული,
მტერსა დაეცი მეხად
ან, ვით შვილი ერთგული,
დააკვდი მამულს მსხვერპლად!
არ შემიდრკე მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
დედათა გული ჩჩვილი
მამულისთვის მაგრდება,
რად მინდა იგი შვილი,
თუ მისთვის არ მოჰკვდება!
ვისაც ძე არ შეუკლავს,
როს მამულს სჭირებია,
შვილო, იმ ვაგლახ დედას
შვილი არ ჰყვარებია!
მე ისე არ წავხდები,
ნანა, შვილო, ნანები!
ჩემის მამულისათვის
მე ჩემს ძუძუს გაწოვებ,
მისის სიკეთისათვის
გაგწირავ და გაბრძოლებ...
მას დედის ძუძუ ტკბილი
შხამადაც შერგებია,
მამულისთვის სიკვდილი
ვისაც დაზარებია!
შენ ისე არ წახდები,
ნანა, შვილო, ნანები!
იცოდე, ეგ სიკვდილი
მეტი დიდი რამ არი!
უკვდავი არის შვილი
მამულისთვის მომკვდარი!
მამულს მიგცა ზეცამა
და თუ ზედ დააკვდები,
ნუგეშ იცეს დედამა,
რომ კაცი კაცად ჰკვდები.
ნუგეშს ვიცემ მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
სიკვდილის წამში მამულს,
შვილო, შენ გაუღიმებ,
რომ სისხლს, მისგან მოცემულს,
მასვე გმირებ უბრუნებ.
აღსრულდები ღიმილით,
რომ მამულს არ უმტყუნე
და შენ შენის სიკვდილით
მის სიკვდილი დასთრგუნე.
გაიხარებ მაშინა,
ნანა, შვილო, ნანინა!
თუ ეგრე შენ მოჰკვდები,
ნუ გინდა ნუცა ძეგლი,
ისეც უკვდავ იქნები,
ვით დედის შენის ცრემლი!
ჩემი ნანა ეს არი,
შვილო, მას უერთგულე:
რაც მე სიტყვით გითხარი,
შენ საქმით აღმისრულე!
ნანა, მამულის მსხვერპლო,
პაწაწინა ქართველო!
[1859 წელსა, 6-სა აპრილს,
ს. პეტერბურგი; 13 აპრილს,
1859-სა წელსა, ს. პეტერბურღი]
Поделиться192008-04-14 18:47:22
პასუხის პასუხი
I
ჩვენ უჩინონი,
ჩვენ უჩინონი
თქვენ ჩინიანთა, ბუზად გგონივართ...
იქიდამ ვკნავით,
სად თქვენის მადლით
ხაფანგებ ქვეშე დამწყვდეული ვართ.
ჩვენ ვვლეთ რუსეთი,
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია;
ჩვენი ქვეყანა,
მკვდარი თქვენგანა,
თქვენებრ ჩინებზედ არ გაგვიცვლია.
ლიბერალობა,
პატრიოტობა
სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია;
თქვენგან ჩაგრული,
დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.
ქვეყნისა ბედი
და ხსნის იმედი
თქვენებრ ხელში მჩვრად არ გაგვხდომია;
კაცის მხნეობა,
კაცის ზნეობა
თქვენებრ ჩინებით არ გვიზომია.
სარწმუნოება
და სათნოება
ფარისევლობად არ შეგვიქმნია,
თქვენი სლოკინი,
ხელთა ფოტინი
ღვთისადმი ლოცვად არ მიგვაჩნია.
როს მოვედით ჩვენ,
მსწრაფლ გიცანით თქვენ,
შორს დავიჭირეთ თქვენი ანბანი;
რად ჰკვირობთ მასა,
რომ თქვენს ანბანსა
ვერ შეაჩვიეთ ვერვინ ჩვენგანი.
II
მითამ რად გიკვირთ,
რომ მაღლა ვყვირით
მილიონებზედ და სხვაზედ არა!
თქვე ყოვლად ბრმანო!
თვით ოკეანო
ერთად თავმოყრილ წვეთით შემდგარა.
მაშ რაღადა გვგმობთ,
ოდეს ჩვენ ვცდილობთ
ერთმანეთობით მილიონრობას?
თქვე ნაცარმქექნო
და გულნამცეცნო,
აქაც ძირს უთხრით ღარიბთ ერთობას.
ვართ უღონონი,
უგზო-უკვლონი
მით, რომ თქვენ ჰყრიხართ უქმად ჩვენშია,
ჩვენ მოკუნტულნი,
თქვენ გაბღინძულნი,
ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია.
III
იმით თამამობთ,
რომ ბეზღით გვწამობთ
ურჯულოებას, ღვთის უარყოფას?
ღმერთი არმობის,
ღმერთი ყალბობის
არ ურწმენია ჩვენსა თაობას;
ღმერთი მზაკვრობის
და თვალთმაქცობის,
ღმერთი უქმობის უარუყვია,
ღმერთი ხარბობის
და მძარცველობის
თქვენთა მზგავსთათვის მას დაუთმია.
ხოლო გვწამს ღმერთი -
უქმთა წარმწყმედი,
ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა მხსნელი,
ღმერთი ტანჯულთა,
ღმერთი ჩაგრულთა,
ღმერთი უძლურთა შემწყნარებელი;
ყოველთა ძმობის,
თანასწორობის
მოძღვრობისათვის ქვეყნად ჯვარცმული,
ძლიერთ დამბმელი,
უძლურთ ამხსნელი,
თქვენგვარ კა+&;თაგან გმობილ-დევნული;
ორგულობისა,
ორპირობისა
ძირსა დამცემი და დამთრგუნველი,
ფარისეველთა,
სადუკეველთა
გამაკიცხველი და გამდევნელი.
მან კუბოს მორთულს,
შიგ სიმყრალით სრულს,
თქვენებრი კაცი არ დაადარა?!
ზაკვით სავსენო,
ავმორწმუნენო,
ის თქვენ სიტყვით გწამთ და საქმით არა.
IV
„მტერობა ენის
არს მტრობა ქვეყნის“ -
მაგ აზრისა ვართ თანახმა ჩვენა,
მაგრამა გმობა,
ენისა მტრობა
ბრალად ვის დავდვათ - ჩვენა თუ თქვენა?
ეხლა რომ ბღავით,
თქვენ არ იყავით
ენის პატრონი ჩვენზედ უწინა?!.
ჩვენ ძუძუს ვწოვდით,
როცა თქვენ ჰგმობდით
ენას და ხალხსაც გარეთ და შინა.
ის არ ხართ თქვენა,
რომ ღვიძლი ენა
ბრძანებით დაჰსთმეთ აღმოსაკვეთად?!
შიშით არც კარში
და აღარს სახლში
მას აღარ ხმარობთ თქვენდა სარცხვენად.
„ენა მაღალი,
მის სიღრმე, ძალი“,
ჩვენგან კი არა, თქვენგან წამხდარა;
პირველ თქვენგანმა,
იმა ბედშავმა,
მას მკვდრის სუდარა გადააფარა.
V
ენა მდიდარი,
თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად,
და ამასაც თქვენ
ცოდვად გვითვლით ჩვენ,
რაღა პირითა დახვალთ ამ ქვეყნად!
თქვენგან გმობილი,
თქვენგნით ლტოლვილი
ენა ჩვენს ქოხში ჩვენ შევიფარეთ;
კარგად თუ ავად,
ჩვენ მას ვინახავთ
და მის სიკვდილით არ გაგახარებთ.
გვიან თუ მალე,
დღესა თუ ხვალე,
რაც ენას ვცოდეთ, ის გასწორდება,
მაგრამ კი თქვენი
მრუდე საქმენი
ისევე ისე მრუდედ დარჩება.
VI
„უგზოდ მვლელნოო,
უსწავლელნოო“, -
ასეთმა ფურმა უნდა დაგვწიხლოს,
რომ ჩვენზედ ბევრსა
თვით იწყველება,
- ვაი თქვენს ხელში ჩვენს საქართევლოს!
ვინა ყრიხართო,
ვირები ხართო, -
მაგ თქვენს ზრდილობას ვით ეკადრება?
მაგრამ შოთამ ჰსთქვა, -
რაც კოკაში ჰსდგა,
იგივე თურმე წარმოსდინდება...
28 იანვარი, 1872 წ.
Поделиться202008-04-14 18:47:54
პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო,
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდან ნაპარწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
23 ივლისსა, 1860.
პავლოვსკი