როგორი საყვარლები არიან! ცოლს, სავარძელში, უმწეო ჩანასახის პოზაში სძინავს. პატრონი მის ფეხებთან, პირდაპირ იატაკზე ზის და ოდნავ შესამჩნევად ქანაობს წინ და უკან. თავს იქნევს, მწარე ფიქრებშია წასული.
მეც, პატრონივით, ღრმად ჩავფიქრდი ამ ცხოვრების ამაოებაზე, ადამიანების ცოდვებზე. ეეჰ! ადამიანებო, იყავით ფხიზლად! - ასე გააფრთხილა ადამიანები პოეტმა იულიუს ფუჩიკმა, ვიდრე მას ფაშისტები დახვრეტდნენ. დაუჯერეს?!. ან მანამდე იჯერებდნენ რამეს?! როგორ იქცევიან? - აბა შვიდი სასიკვდილო ცოდვა მე მოვიგონე? - მართალია ეს ცოდვები ბიბლიაში ნახსენები არაა, მაგრამ ხალხმა საშინელ ცოდვად ჩათვალა: მრისხანება, გაუმაძღრობა, სიზარმაცე, ვნება, პატივმოყვარეობა, შური და სიხარბე! ამ ცოდვებისათვის სასჯელი ძალზე მკაცრი უნდა ყოფილიყო! ვის ნახავ ახლა, ეს ცოდვები რომ არ ამძიმებდეს?
რრრა ხდება?!. რრრა ხდება?!. - პატრონმა ამომხედა, თითი ტუჩთან მიიტანა და მანიშნა, ჩუმად იყავიო. გავჩუმდი და ისევ მაგიურ შვიდ რიცხვზე დავიწყე ფიქრი: ცისარტყელას შვიდი ფერი აქვს, მერე - შვიდი საოცრება, შვიდი სათნოება, - არა, ამას მერე ჩამოვთვლი.
ცოლმა გაიღვიძა, წამოჯდა. ნამძინარევს, თმები საყვარლად გასჩეჩოდა. პატარა გოგოს ჰგავდა. პატრონმა ხელები წელზე შემოხვია, თავი მუხლებზე დაადო და უხმოდ შეხედა თვალებში. ცოლი გაუნძრევლად, ქანდაკებასავით იჯდა. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. - ბანალური სცენაა. ბანალურრრი! პატრონი წამოიწია, შუქი ჩააქრო. სიჩუმეა.
მივხვდი - აქ საქმე მოგვარდება. იაშკა?! სიყვარრრული?! - ავყვირდი სიბნელეში.
დილით პატრონი ნაცემი ძაღლივით აღარ გამოიყურებოდა. კარგ ხასიათზე იყო. გამეხუმრა კიდევაც - ჩიკო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ბატონო, პარტნიორი რომ მოგიყვანოო?
- წინააღმდეგი, სიტყვა "პარტნიორისა" ვარ! რას მიქვია "პარტნიორი"?! ასე, ვიცი, ცუდ რაღაცეებს რომ ათვალიერებენ კომპიუტერში ჩუმად, პატრონი და მისი ძმაკაცი დათკა, იმათზე ამბობენ: "სექსუალური პარტნიორიო". აბა მე და იაშკა ხომ ვერ გავაკეთებთ ასეთ რაღაცეებს? მე უკვე ვთქვი, რომ კარრრგათ აღზრდილი თუთიყუში ვარ - ჯენტლმენი! გალანტური, კორრრექტული, კოხტაპრრრუწასაც კი მეძახიან - წარმოშობაზე რომ აღარაფერი ვთქვა!
დათკა ხომ არა ვარ მეც: "ბიჭო, ნახე რა ტრაკია! მთლად კვერცხის ნაჭუჭივით არა აქვს კანი?! უყურე რას შობა ეგ შობელძაღლი? ასეთი პარტნიორი რომ მყავდესო..."
ამიტომ, ბატონო, იაშკა "პარტნიორი" ვერ იქნება. იაშკას, არც უკაცრავი პასუხია და "ტრაკი" აქვს და არც ნაჭუჭივით კანი. მას, როგორც კეთილშობილ თუთიყუშს შეეფერება, კურტუმი და ნაზ ღინღლებიანი, ხორკლიანი კანი აქვს. ჰო, და არც მე ვარ "ცისფერი" - ერთხელ უკვე მოგახსენეთ, რომ ლურჯსა და "ცისფერს" შორის, დიდი განსხვავებაა. მააშ!
-კარგი, შაქარს შევუნახავ იაშკას. კიდევ რა უყვარს? ნისკარტით შუბლს მოვფხან. ნეტავი მოიყვანონ.
ვერ გავიგე, რა ხდება. მართლა მაინტერესებს. პალტოში გამოწყობილი ცოლი შემოვიდა. თეთრი ვარდების, წარმოუდგენელი სილამაზის თაიგული შემოიტანა. ლარნაკი ჩემს გვერდით დადგა: ჩიკო, იცი, ეს ვარდები კოლუმბიიდან ჩამოაქვთ. შენთან იყოს, მე უნდა წავიდე. მერე პატრონს მიუბრუნდა - ჩანთებს ჩამატანინებ? ტაქსი უკვე მოვიდა...
პატრონმა - იქნებ გადაიფიქრო და დარჩე?..
-ვცადე გუშინ. არაფერი გამოგვივიდა. დრო მჭირდება, ვიცი დავბრუნდები. - დაფიქრდა - აუცილებლად! - ხელი დამიქნია: ყოჩაღად იყავი ჩიკო!
პატრონს უთხრა: ვენიამ დარეკა, საღამოს იაშკას მოიყვანს... წავიდნენ...
ჩემს ფიქრებთან დავრჩი. ისევ ცოდვასა და სათნოებაზე დავიწყე ფიქრი. იაშკაზე არ ვფიქრობდი. ვცდილობდი არ მეფიქრა.
ახლა შვიდი სათნოება: რწმენა, იმედი, გულმოწყალეობა, სამართლიანობა, თავშეკავება, მომჭირნეობა და სულის სიმტკიცე.
არრრა, არრრა, ძალიან უცნაურები არიან ადამიანები - რრრას არ იგონებენ, აბა ნახე, ვნება სასიკვდილო ცოდვააო, მაგრამ ყველა რომ ამ ცოდვითაა შეპყრობილი? კიდევ, მრისხანებაო - რა, თუ გაგაბრაზეს, არ უნდა განრისხდე? ან თუნდაც, მაძღარი რომ ხარ და ყველაფერი გეზარება - სასიკვდილო ცოდვაა? პატივმოყვარეობა, სასიკვდილო ცოდვაა ?- არ ვეთანხმები, თუ საკუთარ თავს არ სცემ პატივს, სხვას რგორღა სცემ? არა, არ მესმის და მომკალი.
პატრონი დაბრუნდა. ფანჯარასთან მივიდა, გადაიხედა: "დაცარიელდა სახლი ჩიკო, როგორ ვიცხოვრო?" - ტელეფონი გამორთო, ფარდა ჩამოაფარა, ტახტზე მოიკუნტა, პლედი თავზეც გადაიხურა, ფეხები გამოუჩნდა - უფრო მოიკუნტა, გაყუჩდა.
მოდი, ჩემს თავზე ვიფიქრებ მეთქი: თუ იაშკა მოიყვანეს, მე ხომ სათანადოდ უნდა დავხვდე? ჯერ უნდა ვიბანაო, გალია დავალაგო. "ვარრრდები აქ არრრიან", წავიმღერე...პატრონის ნაყიდ, კოლუმბიურ ვარდებს გავხედე - საიდან სადაო?
ჩვეული ხერხით ჯერ თავი ჭიქაში ჩავყავი, მერე ნისკარტით ფრთების ქვეშაც შევისხი წყალი, კუდი და კურტუმი გავიქნ-გამოვიქნიე, ბუმბულები ავიფოფრე, გავინიავე. ყველაფერი რომ გავწუწე, სულ არ მაღელვებს, ვარდებს მოუხდა კიდევაც - დაიცვარნენ.
სარკეში ჩავიხედე - კარრრგია, ვთქვი, ჩიკო მაგარრრია!... - ახლა ამ უაზრო რეკლამიან პლაკატს შევუტიე, გალიის იატაკზე რომ ეფინა. იაშკამაც იცის ალბათ კითხვა და სულაც არ მინდა ორსულობის პათოლოგიებზე იფიქროს. ქაღალდი ნისკარტით დავფლითე, დავაქუცმაცე და გალიიდან გადმოვყარე, ცარცი და შაქარი მავთულებს შორის კარგად ჩავტენე. გაკეთებული საქმით კმაყოფილი დავრჩი...
დრო მიდიოდა. პატრონი არ განძრეულა, იწვა ასე და იწვა...
გავბეზრდი. ყურადღება რომ მომაკლდა - პაჟარრრ, პაჟარრრ! კატასტრრროფა! - ავყვირდი.
პატრონმა თავი წამოყო: ნეტა ვიცოდე, შენ რა გიყო. რა გაყვირებს? - ჩემი დალაგებული გალია რომ დაინახა, ძალიან გაბრაზდა. - რა გიქნია, ნეტავი შენ რაღამ გადაგრია? ამის თავი მქონდა ახლა მე?..აბა, გამოეთრიე, შე უზრდელო! - უხეშად მომკიდა ხელი და ქანდარიდან ჩამომათრია. იატაკზე დამსვა.
- არსად შეძვრე, თავი არ მაძებნინო, თორემ ცოცხს მოვიტან! - დამემუქრა. ცოცხის საშინლად მეშინია, მერე მოგიყვებით. სანამ თავის ჭკუით, გალიას მიწესრიგებდა, მე დინჯად დავიარებოდი პარკეტზე, კლანჭებს ვაწკაპუნებდი. ხალიჩას ვერიდებოდი, რადგან ვიხლართებოდი და პანიკაში ვვარდებოდი.
პატრონმა ახალი პლაკატი დამიფინა - თეთრი, პრიალა ზედაპირი ჰქონდა. ნახატი ქვემოთ მოაქცია - იცის კაცმა საქმე! - აღარ აურიოო, მთხოვა. "აურიოო" - წარმოგიდგენიათ?!
თავი იოლად დავაჭერინე, არ ვაწვალე. ქანდარაზე ავცოცდი, ისევ სარკეში ჩავიხედე...
კარზე დარეკეს. ჩიტის გული ხომ იცით როგორ სცემს? - გამიათკეცდა! მოიყვანეს! იაშკა მოიყვანეს! - არა, სხვა ვიღაცაა, ალბათ მათხოვარი ან ინკასატორია... არ ლაპარაკობენ.
ოთახში პატრონი და ცოლი შემოვიდნენ - ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი... ახლიდან... (პატრონი კოცნიდა, კოცნიდა ცხვირზე, შუბლზე, თვალებში)... არ შემიძლია უშენოდ...
რრრა დღეა? გადავირრრევი! გადავირრრევი! ვერაფერი გავუგე ამ ადამიანებს! მიდიან, მოდიან, ჩხუბობენ, რიგდებიან...
იაშკა მოიყვანეს!
იაშკა, კარგად ნაჯიჯგნი, ალაგ-ალაგ ბუმბულებამოცლილი "ბლატნოი" თუთიყუში გამოდგა, მოსვლისთანავე "კაჩაობა" არ დაიწყო?! - "შენ რრრა, ბიჭო, ცირკის ბოზი ხომ არა გგონივარ, სახლში რომ დამიბარრრე? ბოზები შენ გვარში მოიკითხე! გაიგე - ეგრრრე სად არის, იაშკა სახლში დაიბარრრო!? ჩემი გაცნობა თუ გინდოდა, თვითონ უნდა მობრძანებულიყავი, ძმა, გაიგე?
მე მოვითმინე, გალანტურად შაქარი შევთავაზე: "მიირთვი-მეთქი, შენთვის მქონდა შენახული!" - იმან, "მარრრთლა ბოზი ხომ არა გგონივარ - შაქარზე არ ვიყიდები!" შაქარი წამში ჩაჩეჩქვა თავისი ძლიერი ნისკარტით და გადაყლაპა. მიიხედ - მოიხედა," ხო იცი, კარგად ხარ მოწყობილი, შაქარრრი აღარ გაქვს? "- მკითხა უტიფრად!
ჩემს გულში რაც კი ლამაზი სიტყვები მქონდა მომზადებული მისთვის სათქმელად, სადღაც გაქრა - ჩაკვდა უცებ! შაქარი კი მქონდა "გადაჟმოტილი", მაგრამ აღარ მივეცი, ნაწყენი ავიბუზე და გვერდზე გავიწიე.
იაშკამ, "Цыганка с каррртами, дорррога дальняя! дорррога дальняя - казенный дом..." - წამოიწყო ვისოცკის ხმით, გამაოცა ისე ზუსტად მღეროდა, მერე "Таганка, Таганка" რომ მიამღერა, ჩემი გული უმალ მოიგო. ქანდარიდან ჩამოვხტი, გალიის კუთხეში დამალული შაქარი მოვუტანე იაშკას და წინ დავაგდე... ესეც გადასანსლა. თავი დამადო ფრთაზე. ჩემს რეაქციას დაელოდა. მე არ გავიწიე. ის გვერდულად ჩემსკენ მოჩოჩდა, მომეხუტა, ქარვისფერი თვალი შემომანათა... და აი ამ დროს მივხვდი, რომ მასაც, როგორც მე, სინაზე და სიყვარული სჭირდებოდა, ამ მრავალჭირნახულ, გაყვლეფილ თუთიყუშს...
შუქი, შუქი ჩააქრრრეთ! შუქი!
სიყვარული ყველა&
Сообщений 1 страница 7 из 7
Опрос
Поделиться12008-03-09 00:58:45
Поделиться22008-03-09 01:00:00
ეს წამია წავიკითხე და მაგარი ნასიამოვნები ვარ+2
Поделиться32008-03-09 15:38:40
პოლტ ჩემი აზრით მთელი სერია უნდა დაგედო და ცალკე თემა გაგეხსნა, როგორც თაიამ გახსნა თაიას პროზა
Поделиться52008-03-10 16:16:44
პოლტერრრ, მაგარრრი ჯიგარრრი ხარრრ!
აუცილებლად შენც გაგიყობ გალიის კუთხეში დამალულ, \"გადაჟმოტილ\" შაქარრრს! კიდევ მაქვს!
სად მომძებნე? და რრრატომ?
უცნაურრრები ხარრრთ ადამიანები! მიყვარრრხართ!
ჩიკო უმადურრრი არრრ არრრის! გმადლობ!
Поделиться62008-03-12 02:30:09
მე რატომ არ გამაგებინეთ რომ ჩიტმა ახალი დადო ლიტ.ჯე ზე??????
ცუდებოოოოოო!!!
წავედი გავაპლიუსო..
რა მაგარია ჩიკო, მოვკვდი სიცილით)))))))))
Поделиться72008-03-12 02:32:31
პოლტერრრ, მაგარრრი ჯიგარრრი ხარრრ!
აუცილებლად შენც გაგიყობ გალიის კუთხეში დამალულ, \"გადაჟმოტილ\" შაქარრრს! კიდევ მაქვს!
სად მომძებნე? და რრრატომ?
უცნაურრრები ხარრრთ ადამიანები! მიყვარრრხართ!
ჩიკო უმადურრრი არრრ არრრის! გმადლობ!
რას ქვია სად მოგძებნე,
ჩიკო სადაც არ უნდა დაიმალოს მაინც ვიპოვნიო.
იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ეს ჩიტუნა