მე გაზაფხული ასეთი მახსოვს!
ფიჭვის სურნელით გაჯერებული.
ნორჩი ქალივით, პირიმზე დილა
ხის კენწეროზე გაჩერებული.
მწვანე ფიჭვნარზე გულაღმა მწოლი,
მზე სირცხვილისგან გაწითლებული.
აბორგებული, ხილვებით მთვრალი,
და სურვილისგან გაგიჟებული!...
ფიქრს მოწყვეტილი, ზანტი სხეული,
შედედებული თბილი ლივლივით.
და მიწის ნამით გაგრილებული
ჯერ უმწიფარი მკერდის ტკივილით.
მე გაზაფხული ასეთი მახსოვს!
ფიჭვის სურნელით გაჯერებული.
და ვარსკვლავებით ნათელი ღამე
ნაღდი გრძნობებით გახელებული!....