ხტიან ფიქრები,
როგორც კვიცები
და გახელებით
და გაშმაგებით
და ოცნებით სასომიხდილი...
ცდილობ გაიქცე
ტალანებით
და ქვახვრელებით
და ბილიკებით,
ფეხაკრეფით,
ხოხვით,
სირბილით...
ხავის მღვიმეში
ღამურების
მთელი კოჰორტა,
აქ სიბნელეა
და ლანდები
ძრწიან სულეთის,
ფორთხვით
მოგდევენ ხმები
შენი
ეჭვის ქოროთა
და შიშის აჩრდილს
შენს სულშიაც
გაჰყავს ხნულები.
და შენ ბრუნდები
ისევ უკან,
ისევ ძლეული,
ისევ ქენჯნილი,
სულ და ღონეგამოლეული,
ყველა ავლილი
შარა ისევ უკან
მიგიხმობს
და ეჭვთა ქორო
მიენდობა იმავ
დირიჟორს...
ვერ გამოაღწევ...
გამოღწევას უნდა სიფიცხე,
ის სითამამე,
ის სიმარჯვე და გახელება
მე რომ გასწავლე,
მერე შენ რომ
სადღაც გაფანტე...
...და მიგიმწყვდიეს
ტალანებმა და ქვახვრელებმა...